საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჯიხურების ორთვიანი არსებობის ეპოქა დასრულდა?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/17 16:08:44

როდის დაარღვიეს  ქუთაისელმა ჩინოვნიკებმა კანონი,  როცა ჯიხურების დადგმის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, თუ მაშინ, როცა ეს ხელშეკრულება ბათილად ცნეს?

 

მიმდინარე წლის 4 მარტს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან კირკიტაძემ, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ძალითაც ბათილად გამოცხადდა მერიის მიერ შპს „მადლთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, პროდუქტის სარეალიზაციო  მსუბუქი კონსტრუქციის ტიპის  ჯიხურების დადგმის შესახებ.

 

ამ თემას  საზოგადოებასა და ქალაქის მმართველ გუნდში თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების მიუხედავად, ქალაქის ქუჩებში ჯიხურების 5-წლიანი არსებობის გარანტია ქალაქის მერიას და შპს „მადლს“ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება გახდა. აღნიშნულ შპს-ს  ქალაქის მაშინდელმა მერმა ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში იჯარის ფორმით გადასცა.

 

ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე ქალაქის ქუჩებში ჯიხურების განთავსება დაიწყო და მასთან ერთად დაიწყო საუბრებიც იმაზე,  რა სარგებელი და ზიანი მოჰქონდა მას ქალაქის იერსახისთვის. იმ დროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი  და მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე, რომლებმაც ქალაქში ჯიხურების განთავსების ნებართვას ხელი მოაწერეს, დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ამ ფორმით იაფი პროდუქტის რეალიზებას საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

 

როცა კოტე ლომიძემ პირველი პირის პოსტი  დატოვა, მისი პოზიციები ჯიხურების თემაზე შეიცვალა და საკუთარი ხელმოწერა ასე ახსნა: სადმე, რომელიმე ინსტანციაში ერთხელ მაინც რომ დაბრკოლებულიყო ეს საკითხი, მე ხელშეკრულების გაფორმებას ხელს არ მოვაწერდი, მაგრამ ყველამ მოიწონა და მეც დამარწმუნეს, რომ ჯიხურების დადგმით ხალხი სარგებელს მიიღებდაო,“ - აღნიშნა ლომიძემ.

 

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯიხურების თემაზე ცალსახად კრიტიკული მოსაზრებები დააფიქსირეს და აქტუალური თემა საკრებულოს  მაშინდელ სხდომებზე განხილვის თემად იქცა.

 

ქალაქის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს სხდომებზე მერიასა და შპს „მადლს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ორმხრვად დაცვის ვალდებულებებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ჯიხურები ქალაქში დარჩებოდა, მაქსიმუმ მათი ადგილმონაცვლეობა შეიძლებოდა მომხდარიყო.

 

პარალელურად,  განსხავებული იყო  ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას კომენტარები, რომელიც ჯიხურების მიმართ  თავის უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავდა და ჯიხურების „ქალაქიდან მოშორებაზე“ საუბრობდა.

 

4 თვის შემდეგ ჯიხურების დატოვება-მოშორებასთან  დაკავშირებით პირველი პირის პოზიციები უფრო პრინციპული აღმოჩნდა და მან გამოხატულება 2014 წლის 4 მარტს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის ბრძანებაში ჰპოვა. ბრძანება შპს „მადლლან“ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ეხება.

 

ბრძანებაში ნათქვამია, რომ  ქუთაისში იაფი პროდუქტების სარეალიზაციო ჯიხურების დადგმის თაობაზე 2013 წლის 24 ოქტომბრის დასტურის კანონიერების შესწავლის მიზნით, მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და გამოიკვეთა მთელი რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმების დარღვევები.

 

ნომერ პირველ დარღვევად საავტომობილო გზების შესახებ კანონია მითითებული, რაც გზის ღერძიდან 100 მეტრამდე დადგმული ნაგებობების გზების მფლობელებთან შეთანხმების აუცილებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული  ჯიხურების განთავსების შემთხვევებში კი ეს შეთანხმება არ მომხდარა. ბრძანებაში ასევე წერია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისრტაციული კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინება და მონიტორინგი საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოვალეობა იყო, რაც არ განხორციელებულა. „საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.“

 

იმავე ბრძანებაში რატომღაც არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების გაფორმებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ, რომელიც ამჟამად გუბერნიაში ერთ-ერთ წამყვან  პოსტს ფლობს.

 

ხელშეკრულების ბათილად ცნობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ისიც, რომ შპს „მადლს“ ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2013 წლის 31 დეკემრამდე უნდა უზრუნველეყო 10 მაღაზიის ამოქმედება, რაც არ განხორციელებულა.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულების გაფორმების არალეგიტიმურობის ერთ-ერთ მიზეზად ბრძანებაში მოყვანილია ქუთაისის 2011 წლის 31 აგვისტოს ?126 დადგენილების მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია პირველ კლასს დაქვემდებარებული (მასში იგულისხმება მსუბუქი კოსნტრუქციის ტიპის ჯიხურები) განთავსება.

 

ქუთაისის მერიის ადმინისრაციული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბრძანება უკვე გაეგზავა შპს „მადლის“ წარმომადგენლობას და მათ მიეცათ 10-დღიანი ვადა ქალაქის ტერიტორიიდან ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით.

 

შპს „მადლის“ ერთ-ერთი თანამფლობელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი მერიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს სასამართლოში მერიის წინააღმდეგ საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ყველა პირობა, რაც ხელშეკრულებით გვაკისრია, ჩვენი მხრიდან შესრულებულია, პირობები და ნაკისრი ვალდებულებები მათ დაარღვიეს და ჩვენ აუცილებლად  ვიჩივლებთ სასამართლოში,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

 

მთელ ამ ეპოპეასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი რჩება სრულიად ლეგიტიმური კითხვა: მაინც როდის დაარღვიეს ქუთაისელმა ჩინოვნიკებმა კანონი, როცა ჯიხურების დადგმის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, თუ მაშინ, როცა ეს ხელშეკრულება ბათილად ცნეს?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია