საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეთა თვალით დანახული სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/13 15:57:44

სიბრძნის ოკეანე მეტისმეტად ვრცელია იმისათვის, რომ მარტომ გაიკვალო გზა და არ დაიკარგო. ყველაზე მეტად გზამკვლევი მაშინ გვესაჭიროება, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ უსასრულო სამყაროში. ამ ერთგვარი გიდის მოვალეობას თავის თავზე იღებს სკოლა, რომელსაც მთელი ჩვენი ყრმობა უკავშირდება, რომელიც გვწვრთნის და გვაყალიბებს საზოგადოების სრულფასოვან  წევრებად.

 

...და რადგან კარგად ვაცნობიერებთ სკოლის როლს ჩვენი, როგორც პიროვნებების აღზრდა-განათლების საქმეში, გვსურს ორიოდე სიტყვით გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური, №8 საჯარო სკოლისადმი.

 

როგორც ამბობენ, მასწავლებელთა საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მე-8 სკოლა მკითხველისათვის იმ ჭრილში დაგვენახებინა, რომელშიც თავად ამ სკოლის აღსაზრდელები ხედავენ მას. მაშ, თვალი შევავლოთ ამ ბავშვების ცოცხალ შთაბეჭდილებებსა და წარმოდგენებს და შევაღოთ  ჩვენი სკოლის მღელვარე ცხოვრების კარი.

 

 

* * *

გიორგი გურგუჩიანი, VIII კლასი:  ალბათ, მთელი ფურცელი არ მეყოფა ჩვენი სკოლის დადებითი მხარეების ჩამოსაწერად. ეს უბრალოდ ზედაპირული სიტყვები არ არის, მე-8 სკოლის მთავარ ღირსებას მისივე ისტორია და კვალიფიციური პედაგოგები წარმოადგენენ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ყველა ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს დირექტორი და დიდ პატივს სცემს მას.

მე-8 სკოლაში I კლასიდან ვსწავლობ და არც არასდროს მიფიქრია, დამეტოვებინა ეს თბილი გარემო, წავსულიყავი და გამეცვალა სხვა სკოლაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქეთევან ტყეშელაშვილი, XI კლასი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა, ჯერჯერობით, ყველა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ვფიქრობ, რომ ის მაინც ერთ-ერთი გამორჩეული სკოლაა ქალაქში. იშვიათად თუ მოიძებნება ასეთი კვალიფიცირებული კოლექტივი და ამხელა ენთუზიაზმით აღჭურვილი თვითმმართველობა, რომელთა თავგადადებული შრომა, მწამს, შედეგს გამოიღებს და ჩვენი სკოლა მალე მისაბაძი მაგალითი იქნება ყველასათვის, ჩვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი აბესაძე, V კლასი:  ბევრი სასაცილო მოგონების გახსენება შემიძლია ჩემს სკოლასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთხელგაკვეთილზე ჩემს კლასელს ველაპარაკებოდი და თამილა მასწავლებელმა მკითხა: ხელს ხომ არ გიშლიო?! მეც გულუბრყვილოდ მივუგე: „არა, მასწ!“

მთელი კლასი ახარხარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იუზა ფხაკაძე, XI კლასი: არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როცა მეორე კლასში გაკვეთილზე დავაგვიანე და კართან დირექტორი დამხვდა. დაბნეული და დარცხვენილი უცილობელი საყვედურის მოლოდინში ვცახცახებდი. მეგონა, გამიბრაზდებოდნენ, მაგრამ ამ კაცმა, ბატონ რეზოს რომ ეძახდნენ და ყველაზე სერიოზული ბიძია რომ იყო მთელ სკოლაში, მეგობრულად გადმომხედა, გამომელაპარაკა. არანაირი სიმკაცრე, არანაირი სასტიკი საყვედური, რომლისაც ასე მეშინოდა. ის ძმაკაცივით უშუალოდ და თბილად მექცეოდა. შევთანხმდით, რომ სკოლაში დაგვიანება არ შეიძლება და მას შემდეგ ერთხელაც არ შემიღია დაგვიანებით ჩემი საკლასო ოთახის კარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვახტანგ პაპაშვილი, VII კლასი: მომწონს ჩემი სკოლა და მისი ცხოვრების სტილი, ძალიან საინტერესოა ურთიერთობა უფროსებთან, რომლებიც არამხოლოდ მასწავლებლები, ჩვენი მეგობრებიც არიან.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი ერთ-ერთი კლასელი აუგად მოვიხსენიე და ეს მალვინა მასწავლებელმა (ლაღიძე) გაიგო. მან, იმის მაგივრად, რომ კლასის წინაშე გავესამართლებინე, როგორც მეგობარს, ხელი ჩამჭიდა და ჩემი საქციელის ცუდი მხარე დამანახა. მას შემდეგ ჩემი მასწავლებლის მიმართ რიდი, ხოლო კლასელების მიმართ კიდევ უფრო მეტი სიყვარული გამიჩნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეილა ჩხეტიანი, VII კლასი: №8 საჯარო სკოლა, რომელშიც უკვე მეექვსე წელია ვსწავლობ, განსაკუთრებულია თავისი მზრუნველი, მეგობრული, საინტერესო სამყაროთი, მუდამ მოფუსფუსე მასწავლებლებით, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ სწავლის პროცესი სასიამოვნო იყოს, მათი პროფესიონალიზმის წყალობით ყოველდღე მიხარია სკოლაში მოსვლა, აქ ხომ მომაბეზრებელი გაკვეთილების ნაცვლად საოცრად მხიარული და თბილი სამყარო გვხვდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მირონის სირბილაძე, X კლასი: ჩვენი სკოლის საამაყო აღზრდილებიდან არ შემიძლია, არ აღვნიშნო რეზო ჭეიშვილი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი პატივი გვხვდა წილად მე-8 სკოლის აღსაზრდელებს. ის სიყვარულით იხსენებდა წლებს, რომლებიც მშობლიურ სკოლასთან აკავშირებდა, მან სიამოვნებით გადაგვიშალა გული და ჩვენც ჩაგვითრია თავისი ბავშვობის ტკბილ მოგონებათა მორევში.  თავის მხრივ ჩვენც საზეიმო დახვედრა მოვუწყვეთ და ყველანაირად შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოგვეჩინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკა ვარდანიძე, VII კლასი – ჩვენი სკოლის ერთ-ერთ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ბიბლიოთეკაში შესვლა ყოველთვის გვიხარია, რადგან ვიცით, რომ აქ დაგვხვდება მაია მასწავლებელი – ჩვენი ბიბლიოთეკარი და სწორედ ისეთ წიგნს შეგვირჩევს, რომლითაც უთუოდ კმაყოფილები დავრჩებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანა ჭელიძე, IX კლასი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ – მერვე სკოლა სწორედ ის ადგილია, რომელიც ამ სამი საუნჯის სიყვარულს, პატივისცემას გვინერგავს და მის მოვლა-პატრონობას გვიქადაგებს. მოხარული  ვარ, რომ ჩვენს სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიურ აღზრდას, რასაც ყოველკვირეული პარაკლისები ადასტურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლია ჩხეტიანი, X კლასი: როცა მე-7 კლასში პირველად მოვედი მერვე სკოლაში, ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მასპინძელი გარემო, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემი იმედები გამართლდა და მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც  ისეთები აღმოჩნდნენ, როგორიც მინდოდა.

 

თუმცა, მინდა გავიხსენო ერთი კურიოზი გეოგრაფიის მასწავლებლის, ნარინი ყიფიანის შესახებ. როდესაც ის პირველად შემოვიდა საკლასო  ოთახში, ნამდვილად  შევშფოთდი, რადგან მომეჩვენა, რომ მკაცრი სახე და შეკრული წარბები ჰქონდა. მაგიდას რომ მიუჯდა და დიდი, მრგვალი  სათვალეები გაიკეთა, ხელში რუკის საჩვენებელი ჯოხი აიღო და გამომხედა, „ეს ახალი გოგონა ვინ არისო“, მაშინ კი ძალიან დავიბენი და ავლუღლუღდი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ შევმცდარვარ, ნარინი მასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, მხიარული და მეგობრული მასწავლებელი აღმოჩნდა  და მე ის განსაკუთრებულად  მიყვარს.

 

 

 

 

 

 

ანა ხეცურიანი, VI კლასი: მერვე საჯარო სკოლაში, სადაც უკვე მეექვსე წელია ვსწავლობ, ბევრი კურიოზი გადაგვხდა. ერთ დღეს ნუგეშა მასწავლებელმა ჩემი ამხანაგი დაფასთან გამოიძახა და გაკვეთილის მოყოლა სთხოვა. მან თხრობა დაიწყო და თქვა: „ტახი „რაზგონს“ აიღებს და მსხვერპლს თავს ისე დაესხმებაო“. ჩვენ მის ნათქვამზე ბევრი ვიცინეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალები შეკრიბეს მეათე კლასის მოსწავლეებმა: ნინო გაბელაშვილმა და მარიამ ნებიერიძემ

     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია