საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ და რატომ ისარგებლა დეპუტატის სახელით
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/03/11 16:29:12

თავს სინანული სჯობია – ამ სათაურით გამოქვეყნდა ლანჩხუთის ადგილობრივ გაზეთ „ლანჩხუთი პლუსში“ წერილი, რომელსაც ხელს ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე აწერს. წერილში ვკითხულობთ:


მოგესალმებით, ძვირფასო ლანჩხუთლებო! 2012 წელს მე მერგო პატივი, გავმხდარიყავი ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი. გახსოვთ, ალბათ, მე ძალა და ღონე არ დამიშურებია, თითქმის ყველა ლანჩხუთელის ოჯახში მივიტანე ოცნების, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობა. თქვენ გახსოვდათ ჩემი წარსული. თხუთმეტი წელი შევალიე სპორტს და ლანჩხუთის სახელი საქართველოს გარეთ გავიტანეთ. თქვენ ამაყობდით ჩვენით. ჩემმა წარსულმა ცხოვრებამ გადააწყვეტინა, ალბათ, ოცნების საბჭოს და ბატონ ბიძინას, მე წარვედგინე თქვენს წინაშე კანდიდატად. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ბნელი წარსული. მაგრამ გულწფელად გეტყვით, მინდორზე თამაში, თუნდაც კიევის დინამოს" წინააღმდეგ, მოსკოვის სპარტაკის" წინააღმდეგ, ბევრად იოლი ყოფილა, ვიდრე წელში გატეხილი, გაჭირვებული ლანჩხუთის დეპუტატობა. კოჰაბიტაციის წელმა, ნაციონალების საბოტაჟმა, ახალი კადრების გამოუცდელობამ ბევრი ვერაფერი სიკეთე მოუტანა ჩვენ ქალაქს.

რაიონს. ბევრმა ნდობაც გამიცრუა. ამიტომ დავავალე ჩემს მეგობარს, ნიჭიერ შემოქმედს, თამაზ ზენაიშვილს, შეექმნა ლანჩხუთში არასამთავრობო საზოგადოება, რათა პირველი პირიდან, ხალხიდან მცოდნოდა, რა ხდებოდა ჩემს გარშემო. სამწუხაროდ, ეს ადამიანი მძიმე სენით დაავადებული საოპრაციო გახდა. მადლობა ღმერთს, ის დაუბრუნდა ჩვენს ჩანაფიქრს და ლანჩხუთში 2013 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა საზოგადოება საქართველო ჩვენ ვართ. სულ რაღაც ხუთ თვეში თქვენ ხედავთ შედეგს. მან თავი მოუყარა ლანჩხუთში ყველაზე პატიოსან, ინტელიგენტ და ქვეყანაზე გულშემატკივარ ადამიანებს. ეს საზოგადოება დაგვეხმარება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ღირსეულმა გაიმარჯვოს და ბოლოს და ბოლოს ლანჩხუთს ეღირსოს წესიერი, საქმიანი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი თავრობა. ჩვენი მხრივ, მე ყველანაირად დავეხმარები ამ საზოგადოებას კეთილშბილურ საქმეში. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე".

ვის გულისხმობდა ფრაზაში: „ბევრმა ნდობაც გამიცრუა“ – ამის გასარკვევად ჩვენ თავად დეპუტატს დავუკავშირდით. სატელეფონო საუბრის დროს გაირკვა, რომ თემურ ჩხაიძემ არცკი იცოდა, რა წერილზე იყო საუბარი:

        რაზე მეკითხებით? არავითარი წერილი მე არ დამიწერია.  არც ხელი მომიწერია რამეზე.

 

        ამ წერილში საუბარია თამაზ ზენაიშვილის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაზე „საქართველო ჩვენ ვართ“.

 

        თამაზი ჩემი თანაკლასელია და ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. მაგრამ წერილის შესახებ მართლა არაფერი ვიცი. თამაზი რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან და მითხრა, რომ ასეთი ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებდა. ცხადია, მოვუწონე ჩანაფიქრი და ვუთხარი, კარგია, თუკი ერთგვარი მაკონტროლებელი იქნები ხელისუფლების ქმედების მეთქი.

 

        წერილს თქვენ აწერთ ხელს და ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ ვიღაცებმა ნდობა გაგიცრუათ...

 

        რა სისულელეა, რას ქვია ხელს ვაწერ. არაფერზე ხელი არ მომიწერია, არაფერი დამიწერია. რა ნდობის გაცრუებაზეა საუბარი. რატომ არ დამირეკეს იმ გაზეთიდან, სადაც ეს წერილი გამოქვეყნდა?

 

        არ იცოდით, რომ თამაზ ზენაიშვილი წერილს ამზადებდა? საუბრის დროს ეს არ უთქვამს?

 

        არ უთქვამს ნამდვილად. ჩამოვალ და დაველაპარაკები. ვკითხავ, რატომ გააკეთა ეს.

 

რაც შეეხება თამაზ ზენაიშვილს, მას გაუკვირდა დეპუტატის განცხადება, რომ წერილის თაობაზე არაფერი იცოდა:

მგონი, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. შევხვდები თემურს, დაველაპარაკები და მას შემდეგ გაგესაუბრებით დეტალებზე, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზენაიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია