დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანამ და დავითმა პატრიარქი მოატყუეს?!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/05 14:22:16

მას შემდეგ, რაც დავით და ანა ბაგრატიონები განქორწინდნენ, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, როგორ წარიმართა სამეფო ოჯახის შემდგომი ცხოვრება.

 

ოჯახი დუმილს არჩევს, რაც თავისთავად საფუძველი ხდება საზოგადოებაში ჭორ-მართლის გავრცელებისა. სამეფო ოჯახის კანცლერმა სიმონ კოპაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ სხვის ოჯახზე საუბარი არ სურს. თუმცა, წყვილის განქორწინებამდე კოპაძე პრესასთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობდა. როდესაც მონარქიის აღდგენაზეა საუბარი და ამ თემას საზოგადოებაც აქტიურად განიხილავს, სხვა საკითხია უარყოფითად თუ დადებითად, სამეფო ოჯახი მინიმუმ, ოფიციალური განცხადებით მაინც უნდა შემოიფარგლოს. მედიასთან ურთიერთობა მათსავე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. როგორც ამბობენ, ეს ქორწინება კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოცნება ყოფილა, საერთო მემკვიდრის ამქვეყნად მოვლინებით ბაგრატოვანთა ორი შტო სამუდამოდ გაერთიანდა. წყვილის განქორწინების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიაქმა განაცხადა, რომ ანამ და დავითმა ის მოატყუეს. ამ ინფორმაციის გადამოწმება საპატრიარქოში ვცადეთ. თუმცა, პატრიარქის პრეს-მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.



"ამ თემაზე ნუ დამირეკავთ, ჩემ კომპეტენციაში არ შედის", - გვიპასუხა მამა მიქაელმა.


შერიგდებიან თუ არა ანა და დავითი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა სამეფო კლუბის წევრი გია ბრუჯანაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ შერიგება შეუძლებელია. ამ ქორწინებას იგი "პოლიტიკურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავარი მოვლენა ის არის, რომ სამეფო ოჯახს დღეს მემკვიდრე ჰყავს. მისივე თქმით, ყოფილ სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავა სამეფო ტახტის მემკვიდრეზე დაიწყო. სამწუხაროდ, ისტორიას არაერთი ფაქტი ახსოვს, როცა ტახტის გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს მტრად მოჰკიდებიან. ამიტომ, ორმაგად სამწუხაროა, როცა დავა არარსებულ ტახტს ეხება. რა ხდება სამეფო ოჯახში, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ გია ბურჯანაძეს ესაუბრა.



- ბატონო გია, მას შემდეგ, რაც დავით და ანა ბაგრატიონები განქორწინდნენ, რა ხდება სამეფო ოჯახში?



- მთავარია, ბავშვი არსებობს და ოცი წლის შემდეგ საზოგადოება გადაწყვეტს როგორი უნდა იყოს ქვეყანა.



- მათი მხრიდან შერიგების მცდელობა არის?



- შერიგება შეუძლებელია. მათი შეუღლებაც გარკვეული მიზეზების გამო მოხდა. მოგეხსენებათ, ეს არ იყო ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება. ეს უფრო პოლიტიკური ქორწინება იყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს მტრად უნდა გადაეკიდონ. თუმცა, მე არ მესმის ბევრი იმ ადამიანის ქმედება, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ოჯახის შექმნის პროცესში. ფაქტობრივად, სიძე-სიმამრი ერთმანეთს დაუპირისპირდა და არასერიოზული დამოკიდებულება გაჩნდა.



- იქნებ დააკონკრეტოთ ვის გულისხმობთ?



- ბატონ ბაგრატიონ-გრუზინსკის, ანას მამას და სიძეს, დავით მუხრან-ბაგრატიონს. იმაზე საუბარი წავიდა ვის აქვს უფლება იყოს უფლისწული. ამ შემთხვევაში საუბარია ვინ იქნება საქართველოს მომავალი მეფე. ეს ის თემაა, რომელზეც არ შეიძლება საუბარი. მეტად ცუდი დამოკიდებულება წამოვიდა უკვე პრესიდანაც. მათ არაერთხელ მივმართეთ და ვურჩიეთ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ისეთი განცხადებების, რომელიც საერთო საქმეს გააფუჭებდა.



- ანუ სიძე-სიმამრი არ არსებულ სამეფო ტახტზე დაობენ?



- ხო. ჩვენ ხომ გვინდა ნორმალური, ღირსეული ადამიანი იყოს და როდესაც გაიზრდება ბავშვს პრობლემა არ შეექმნას და მისი უფლებები საქართველოს ტახტზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ იყოს. ეს ქორწინებაც ამიტომაც შედგა. მას სხვა აზრი, შინაარსი არ ჰქონდა. თუ დაპირისპირება დაიწყება და ისეთი განცხადებები, რომელიც ბატონი გრუზინსკის კანცელარიამ გააკეთა, ეს საერთო საქმეს ხელს არანაირად არ შეუწყობს.



- მოგეხსენებათ, რომ ბაგრატოვანთა ორი შტოს გაერთიანება, ეს ქორწინებაც პატრიარქის დიდი ხნის ოცნება ყოფილა. როგორ ფიქრობთ, მათ პატრიარქს იმედი გაუცრუეს?



- ეს დინასტიური ქორწინება იყო. ამას უნდა მოჰყოლოდა უმნიშვნელოვანესი, კანონიერი, ყველა მხრიდან აღიარებული ტახტის მემკვიდრე. ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მეთაური, ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს ნომერ პირველი ოჯახი ქრისტიანული, მართლმადიდებლური გაგებით და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ოჯახი იყოს მაგალითი სხვა ქართული ოჯახებისთვის. მაგრამ რადგან ეს არ ხდება და რადგან სამეფო ოჯახში ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, რა თქმა უნდა, პატრიარქი გულნატკენი და ნაწყენი იქნება მომხდარზე. ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი. ამ ბავშვის სახით ჩვენ მივიღებთ ისეთ სამეფო სახლის მეთაურს, რომელშიც იქნება ყველა ქართული მეფის, დაწყებული პირველი ბაგრატიონებით, შემდეგ დავით აღმაშენებლის, თამარის თუ ერეკლეს, ყველა, აბსოლუტურად ყველა მხრიდან და არ იქნება იმაზე საუბარი ვინ ვინ არის და როგორ არის. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი მამა ნაწყენი იქნება, მაგრამ ის ბედნიერი იქნება, რომ საქართველოს სამეფო ოჯახს მომავალი აქვს.



- სად არის პატარა უფლისწული, მისი აღზრდით ვინ არის დაკავებული?



-  როგორც მოგეხსენებათ, ის დაიბადა ესპანეთში. დედასთან იზრდება. მამას რომ წაეყვანა სადმე, ამას ყველა გაიგებდა. ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს. შემდეგ როგორ მოილაპარაკებენ, ეს მათი საქმეა. ბავშვი ქართულად ლაპარაკობს.



- თუ იცით სად იმყოფება დავით ბაგრატიონი? ჩვენი ინფორმაციით, მან საქართველო დატოვა.



- მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ესპანეთშია. ერთ-ერთმა საფეხბურთო კლუბმა "ვალენსიამ" თავისი საფეხბურთო პერანგი გადასცა გიორგი ბაგრატიონს. ის საპატიო პოლიციელად აირჩიეს. ესპანეთში საკმაოდ პოპულარული ბავშვია. დავითი თავისუფალი ადამიანია და სადაც უნდა იქ წავა. ერთმანეთს დაშორდნენ და მის ნაბიჯებს ვერ გავაკონტროლებთ. ყოველ შემთხვევაში, დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რომ ევროპულ საზოგადოებას სხვანაირად გააცნოს თავისი შვილი.



- ბატონო გია, წყვილი ქორწინებიდან მოკლე ხანში დაშორდა ერთმანეთს, იყო საუბარი იმაზეც, რომ თავად ანას სურდა განქორწინება.



- ეს დამალული არ არის. მათი დაცილება ქორწინებიდან 2-3 თვეში მოხდა, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. გახსოვთ, პროვოკაციები იყო, ვითომ მსახიობი ქალის გამო, რომელიც ამტკიცებდა, რომ დავითი მისი საყვარელი იყო. ტელევიზიით გამოდიოდა.



- მსახიობ შორენა ბეგაშვილს გულისხმობთ?



- კი. განსაკუთრებული არაფერია. ყველა ოჯახში არის უსიამოვნებები. ცუდია, მაგრამ ასე მოხდა.



- ამჟამად დავით ბაგრატიონის ცხოვრებაში თუ არის სხვა ქალი?



- ალბათ, გამოჩნდებოდა. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მემკვიდრე არსებობს. ესპანეთმა იცის, რომ ასეთი გვარის შთამომავალი უკვე სამეფო ოჯახის წევრია და სამეფო ოჯახის მეთაური გახდება. თქვენ იმაზე ნუ ამახვილებთ ყურადღება სხვა ცოლს მოიყვანს თუ არა. ინტრიგაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ პატიოსნად მივუდგეთ საკითხს და უფლისწული ისეთი ადამიანი გაიზარდოს, რომელიც ქვეყანას გამოადგება, პატრიოტი იქნება, ქართველი ეყვარება და იმ შეცდომებს არ დაუშვებს, რაც მისმა უახლოესმა წინაპრებმა, მისმა მამამ, ბაბუამ და სხვებმა დაუშვეს.



- სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა, ის, კარგა ხანია, რაც საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამბობენ, საქართველოში არ იმყოფება. თქვენ იცით ამის შესახებ?



- არ ვიცი. ეს არის დიდი შეცდომა, საქართველოში ასეთი რამ არ არსებობდა

 რაინდების, ჰერცოგების წოდებები. ეს არის დიდი სისულელე, დანაშაული ისტორიის წინაშე, რაც ჩაიდინა ლევან ვასაძემ. შეიძლება ძალიან დამსახურებული ადამიანია, მაგრამ ეს არ არის ქართული წესი, მით უმეტეს მორწმუნე ადამიანმა ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს.



- როგორ ფიქრობთ, სამეფო ოჯახი თქვენს შენიშვნას მომავალში გაითვალისწინებს?



- თუ არ გაითვალისწინებენ ცუდი იქნება. ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა დადგეს. თუ ასე გააგრძელებენ, ეს იქნება აღქმული, როგორც გარკვეული კლანის მიერ გარკვეული ფენის შექმნის მცდელობა, რათა შემდეგ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. უბრალო ადამიანისგან ასე იქნება აღქმული და ასეც მოხდა. ოჯახურმა დაპირისპირებებმა, რაც ამ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა, საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ამ იდეას. ჩვენ გვინდა სიტუაცია დაწყნარდეს. ოჯახური, კლანური დაპირისპირებები დამთავრდეს და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. 20 წლის წინ სამეფო ოჯახის შექმნის იდეა გაჩერებული, მკვდარი იყო. გავაცოცხლეთ. თავის დროზე არასწორი მოქმედებით მოსპეს და ახლა მეორედ უნდათ. ოჯახის გადასაწყვეტია. ბევრ რამეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ თუ ხელშეწყობა არ იქნა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ანას და დავითის ჯვრისწერა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. როგორც სასულიერო პირები აცხადებდნენ, თავის დროზე სწორედ პატრიარქის ოცნება ყოფილა, რომ ანას და დავითს ოჯახი შეექმნათ. თურმე, მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანელების ორი ძლიერი შტო მათი საერთო მემკვიდრის დაბადებით გაერთიანდებოდა. ქორწინების შემდეგ წყვილი ესპანეთში ცხოვრობდა. სამშობლოში 2013 წელს მემკვიდრესთან, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონთან ერთად დაბრუნდნენ. პატარა 2011 წლის 27 სექტემბერს ესპანეთში, მადრიდში დაიბადა. გიორგი ბაგრატიონი 2013 წლის 3 ნოემბერს სვეტიცოხველში მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი, და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან. ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. ჯერ კიდევ ანასა და დავითის დაქორწინებამდე ითქვა, რომ თუ ვაჟი დაიბადებოდა, მას აღზრდიდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს. ბაგრატიონების ახლობლების განცხადებით, გიორგი ასეც აღიზრდება, რაც საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს ოჯახის მცდელობად, უფლისწული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აკურთხონ მეფედ.
ბაგრატიონების წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია თავად დავით ბაგრატიონისგან გახდა ცნობილი, რომელიც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა:



"დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის, მისი სამეფო უმაღლესობისთვის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს 2013 წლის 3 ნოემბერს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც მისი მამის, ბაბუისა და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება", - ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.



გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაგრატიონი ესპანეთში იმყოფება. რაც შეეხება უფლისწულს, ის დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრობს.

 

 

წყარო: http://primetimenews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია