დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/04 14:17:02

არჩევნებამდე კახა კალა’ე საკუთარი ფეხით მოვიდა ჩემს სახლში და შემპირდა, საკუთარი სახსრებით გიყიდით სადმე სახლსო, მაგრამ, ჯერჯერობით, პირობა არ შეუსრულებია ეპილეფსიით დაავადებული პატარა დაჯი ქუჩაში რჩება...

 

 

სამტრედიის რაიონში, სოფელ ეწერში მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი სხვის სახლში სამოწყალოდაა  შესახლებული.

 

43 წლის ტარიელ დვალიშვილი და იზოლდა ზაკალაშვილი 7 წლის უკან შეუღლდნენ. იზოლდა ზაკალაშვილი თბილისში, კერძოდ, ისნის რაიონში ცხოვრობდა, ხოლო მისი მეუღლე ვანის რაიონში. როგორც ქალბატონი იზოლდა ჩვენთან საუბრისას ამბობს, ისინი გაცნობიდან ორ კვირაში დაქორწინდნენ, შესაბამისად, არ იცოდა, მისი მომავალი მეუღლე რა პირობებში ცხოვრებას სთავაზობდა, რეალობა კი  მძიმე აღმოჩნდა:

 

„როცა ტარიელი გავიცანი, მალევე შევუღლდით, მეუბნებოდა, რომ საკუთარი სახლი და ბინა  ჰქონდა და არაფერს მომაკლებდა, მეც ვენდე და გავყევი, მაგრამ როცა ვანში ჩავედით, იქ დამწვარი ფიცრების მეტი არაფერი დამხვდა. მე მიყვარდა ჩემი ქმარი და მასთან ერთად ფერმაში გადავედი საცხოვრებლად. იქ თან ვმუშაობდით და 8 თვე გავატარეთ მძიმე პირობებში. პრობლემების გამო, ჩემმა ქმარმა დალევა დაიწყო, ხშირად ვჩხუბობდით, თან ფეხმძიმედ დავრჩი და მეშინოდა, ჩემი ნერვიულობით ბავშვისთვის არ მევნო. სამშობიაროდ ჩუმად გავიპარე თბილისში ჩემს ოჯახთან, გზის ფულიც კი არ მქონდა და მეზობლის ქალმა გამაპარა, მძღოლს სთხოვა, ორსული ქალი გზაში არ დავეტოვებინე. იქ ჩემების დახმარებით ვიმშობიარე და შემდეგ კი, იძულებული ვიყავი, დროებით საცხოვრებლად ჩემს დასთან გადავსულიყავი, რადგან თბილისში, 3-ოთახიან ბინაში, დღემდე 11 სული ცხოვრობს“.

 

იზოლდა ზაკალაშვილი მშობიარობიდან 8 თვის განმავლობაში მის დასთან იყო შეკედლებული, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად სრულიად უცხო ადამიანის სახლში განაგრძო ცხოვრება:

 

„არსად არ გვქონდა წასასვლელი, ხან ერთ ნათესავთან ვათენებდით ღამეს, ხან – მეორესთან. მერე  ოჯახის ახლობლებმა  გვითხრეს, რომ სამტრედიაში, სოფელ ეწერში, ერთი დაკეტილი სახლი იყო, რომლის მესაკუთრემაც 3 წლის ვადით, სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო მისი სახლი. თუმცა, აქაურობას ბოსელის დანიშნულება ჰქონდა, სიმინდის  ჩალების შესანახი იყო. ჩემმა ქმარმა რამდენიმე დღის განმავლობაში ძლივს დაამსგავსა საცხოვრებლად ვარგის ჭერს, მაგრამ ეს სახლი  დიდი შვება იყო ჩვენთვის, წვიმაში გარეთ მაინც არ მოგვიწევდა ყოფნა. შემოვედით ცარიელ კედლებში და ნოლიდან დავიწყეთ ცხოვრება მაშინ, როცა ხელში ავადმყოფი, ეპილეფსიანი ბავშვი და კიბოთი დაავადებული მოხუცებული  გვეჭირა. დღემდე აქ ვცხოვრობთ. თუმცა, ამოიწურა ჩვენი აქ ყოფნის ვადა და მეპატრონეს სახლის გაყიდვა უნდა“.

 

პირადად დავათვალიერე დვალიშვილების საცხოვრებელი სახლი და შემძრა ნანახმა.  პატარა მოდგმულაში სულ სამი ოთახია, აქედან ერთს მისაღების, საძინებლის და სამზარეულოს ფუნქცია ერთდროულად აქვს.  გვერდით ოთახში მხოლოდ „ფეჩი“ დგას და ე.წ.  „კუხნაში“ მხოლოდ რამდენიმე ცარიელი ჭურჭელი და უსარგებლო ნივთების გროვა შევამჩნიე. დანარჩენ ორ ოთახს კი უფუნქციობის გამო საკუჭნაოს უწოდებენ. არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ფანჯრებზე ცელოფნებია აკრული, წყალი და სიცივე რომ არ შევიდეს სახლში, 4-სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი დასაჯდომი სკამია, რომელსაც მონაცვლეობით იყენებენ. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი - სოციალური დახმარების 202 ლარი, მოხუცის პენსია 150 ლარი და ბავშვის დახმარება, მისი ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე, 100 ლარია. აქედან, მინიმუმ, 300 ლარი წამლებში არ ჰყოფნის დვალიშვილებს. რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა ბანკებიდან გამოტანილ სწრაფ სესხებზე და მათ გადასახადებზე... თანაც, ყველა შემოსავალი წინასწარი ვადით აქვთ სესხად აღებული და რამდენიმე თვის განმავლობაში ვერანაირ თანხას ვერ  აიღებენ.  ოჯახში „საპატიო“  თარო  წამლების   უზარმაზარ ყუთს უკავია.

 

გარდა იმისა, რომ ტარიელ დვალიშვილსა და იზოლდა ზაკალაშვილს ჭერის პრობლემა აქვთ, მათ სახლში 6 წლის დაჯი ჰყავთ აღსაზრდელი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ასევე 84 წლის დედამთილი მოსავლელი, რომელსაც ნერვიულობის ნიადაგზე შეძენილი ეპილეფსიური კრუნჩხვები და მარცხენა თვალის სიმსივნე აქვს.  ადამიანურად  შემძრა იმ ოჯახში ნანახმა, მოხუცის მძიმე ფიზიკურმა მდგომარეობამ (მარცხენა თვალზე აქვს სიმსივნური წამონაზარდი, რომელიც, როგორც იქ მითხრეს, 32 წლის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ნერვიული აშლილობის დროს, თავად დაიზიანა თვალი, რაც სიმსივნეში გადაიზარდა და დღემდე, უკვე წლებია, თვალიდან განუწყვეტლივ ეღვრება სისხლი და ჩირქოვანი სითხე).

 

რაც შეეხება პატარა დარეჯანის მდგომარეობას,  გაგაცნობთ ამონარიდს დარეჯანის სამედიცინო დიაგნოზიდან:

 

 „ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა და დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე ინფექციები“j o6, კონვულსიები ცხელების დროს R56.0, ეპილეფსია G40, ერთი წლის და 2 თვის ასაკიდან აღენიშნება ეპიგულყრები. ეპილეფსიის დიაგნოზით მკურნალობენ ძლიერი მედიკამენტებით. აღენიშნება ძლიერი ჭირვეულობა, აგზნება, ქცევის პათოლოგია (ილანძღება, ურტყამს დედას და ყველას ვინც თვალში არ მოუვა, კივის უმიზეზოდ) გუგები თანაბრად მრგვალი. კანი - მკრთალი ფერის, სუფთა. გულის ტონები მცირედ მოყრუებული. ფილტვების აუსკულტაციით - ორივე მხარეს ვეზიკულური სუნთქვის ფონზე ერთეული მშრალი ხიხინი. ხახის რკალები მკვეთრად ჰიპერემიული, ნუშურები - ჰიპერპლაზიური და ჰიპერემიული. მუცელი პალპაციით რბილი.“

 

ეს დიაგნოზი ბევრისთვის შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს, მაგრამ, იქ გატარებულმა რამდენიმე საათმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ თვალებიდან არ ამოდის პატარას არაადეკვატური ქცევები, რომელიც განუწყვეტლივ მოძრაობდა, მის პატარა თითებს სახეზე მადებდა და გაოცებული და ინტერესიანი მზერით, თითქმის ყოველ ორ წუთში მეკითხებოდა: „რა გქვია შენ?“ ანერვიულებული ხან დედამისს მიარტყამდა ხელს, ხან ჩემთან მოვარდებოდა, ხანაც ავადმყოფ ბებიასთან. ბებოს, რომელიც ჩემმა მისვლამ და მათი გაჭირვების კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გახსენებამ იმდენად აანერვიულა, რომ მოხუცებული ჩემი იქ ყოფნის მანძილზე, ქვითინებდა და ისედაც ჭრილობიან თვალზე ცრემლი არ შეშრობია. ეს, ის ბებოა, რომელიც პატარა დარეჯანის ერთ-ერთი შეტევის დროს, როცა, მშობლების თქმით, ბავშვი ლამის ხელში ჩააკვდათ, ნერვებმა უმტყუნა და ჭაში გადახტა.

 

„საკუთარი ხელით ამოვიყვანე დედაჩემი ჭიდან. არ ვიცოდი მომაკვდავი შვილი გადამერჩინა იმ წამს თუ სასიკვდილოდ განწირული დედა. ღმერთის წყალობით ჩემი დარეჯანი მობრუნდა ამ ქვეყნისკენ და დედაჩემიც გადამირჩინა,“ - იხსენებს ოჯახის უფროსი.

 

იზოლდა ზაკალაშვილის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით სახელმწიფოს, პოზიციის თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგრამ, ყველამ ცარიელი პირობით გაისტუმრა და უახლოეს დღეებში არც ჭერი არ ექნებათ, ღამე რომ გაათენონ და არც წამლის ფული არ აქვთ და შიშით ელიან პატარა დაჯის მორიგ შეტევას. რაც, ჩვეულებრივ ყოველ მესამე დღეს აქვს ხოლმე.

 

„ბოლო წლების განმავლობაში ვის არ მივმართე დახმარების თხოვნით, სად არ წავედი, მუხლებში ვუვარდებოდი ყველას,  შვილი არ მომიკლათ უწამლობით და ელემენტარული თავშესაფარი მაინც მომიძებნეთ მეთქი.

 

არჩევნებამდე კახა კალაძე საკუთარი ფეხით მოვიდა ჩემს სახლში და რომ გადახედა აქაურ სიტუაციას, ბავშვის მდგომარეობას, მითხრა, ყველანაირად დაგეხმარებიო. შემპირდა,  საკუთარი სახსრებით გიყიდით სადმე სახლსო, იმ დღეს, 200 ლარი ამოიღო ჯიბიდან და მაჩუქა. იმედი გამიჩნდა, რომ დამეხმერაბოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, პირობა არ შეუსრულებია. რამდენჯერმე მივედი მასთან სამსახურში და თვითონ დამემალა, მის დაცვას გამოატანა 200 ლარი და ისე გამომისტუმრა. გიორგი მარგველაშვილსაც კი დაველაპარაკე პირადად, როცა საარჩევნოდ შეხვედრებს მართავდა სამტრედიაში. მითხრა, რომ აუცილებლად მოგხედავ, ოღონდ ეს არჩევნები ჩამატარებინეო, მაგრამ იქაც არაფერი. მსგავსი შემთხვევა რამდენიც გინდათ. თითქმის ყველა სტრუქტურაში დავწერე განცხადება, მაგრამ, მხოლოდ ერთი მეორეს შუამდგომლობას უწევენ და მე დამარბენინებენ ტყუილად,“ - განაცხადა ოჯახის დიასახლისმა.

იზოლდა ზაკალაშვილი იხსენებს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს  მას     „ქართული ოცნების“ სამტრედიის ოფისში, სადაც არჩევნების მერე რამდენჯერმე მივიდა დახმარების თხოვნით: „სულ ლანძღვა-გინებით გამომაგდეს იქიდან და კარი ცხვირწინ მომიხურეს, საშინელებები მეძახეს.“

 

რადგანაც იზოლდა ზაკალაშვილი თბილისში, კერძოდ, ისნის რაიონში არის ჩაწერილი, შესაბამისად, საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და უფლება-მოვალეობას წარმოადგენს. თუმცა, ზაკალაშვილის განცხადებით, გამგებელი  თორნიკე ხუციშვილი პირადად არ შეხვდა, მოადგილემ კი მხოლოდ ცარიელი დაპირებით გამოისტუმრა, მას შემდეგ კი ტელეფონზეც არ პასუხობენ. ჩემი იქ ყოფნის დროსაც დაუკავშირდა ქალბატონი იზოლდა ისნის გამგეობას, საიდანაც, როცა გაიგეს ნაცნობი ხმა, ასეთი პასუხი მოვისმინეთ: „ა ზაკალაშვილი? აუფ!“ და გაითიშა.

 

დვალიშვილები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ და დახმარების მოლოდინში არიან.

 

„ჩემი ცხოვრება დიდი ხანია რაც დამთავრდა, ჩემო დაიკო. მე,  ჩემი შვილის ასეთ დღეში ყოფნამ დამასამარა. არ ვიცი, საიდან ვიშოვო საკმარისი თანხები, რომ ჩემს დაჯის წამალი არ მოვაკლო, რომ ჩემს დაჯის არ შესცივდეს და არ მოშივდეს, მის საბოლოო განკურნებაზე არაფერს ვამბობ, ან სამუშაო მომცენ, ვემსახურები დღე და ღამე, ოღონდ კი რამე ვიშოვო, ან მოწყალება მაინც გაიღონ და გადამირჩინონ ჩემი ერთადერთი პატარა. დედა კიბოიანი მყავს, შვილი ეპილეფსიანი, ცოლს სიცოცხლე გავუმწარე, სმა დავიწყე, იქნებ   დავივიწყო ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ არ მშველის, მეც ნერვოზი მაქვს უკვე. ადრე, „ნაციონალური“ მთავრობის დროს, ერთჯერადად მაინც მეხმარებოდნენ, სანდრა რულოვსის შუამდგომლობით 500 ლარი გადმომირიცხეს ერთხელ, წამლებზე შეღავათები გვქონდა. სააკაშვილის დამსახურებაა ჩემი შვილი დღეს ცოცხალი რომ არის. მეზობლები მიდგანან გვერდით და მეხიდებიან, ბავშვს რომ  არ მოშივდეს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატი აქვე მეზობლად ცხოვრობს, ხედავს ამ გაჭირვებას და არაფერს არ აკეთებს. ახლა კი, არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ისღა დამრჩენია, მოვკიდო ჩემს შვილს ხელი და პარლამენტის შენობიდან ორივემ გადმოვხტეთ. ასე დამთავრდება ორივეს ტანჯული ცხოვრება,“ - თქვა ტარიელ დვალიშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია