დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტული აზრი
რომან გოცირიძე: სამხედრო შეტაკებების დაწყება უკრაინაში, თვით რუსეთის ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/02 20:25:50

რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოყვეს რუსეთის ჯარების ყირიმში შეყვანას , რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შეაფერხებს თუ არა ეს ქართული საქონლის უკრაინაში გატანას და იქიდან იმპორტს. ამ საკითხებზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე.


 

-ბატონო რომან, რა გავლენას მოახდენს რუსეთის  ეკონომიკაზე მიმდინარე მოვლენები?

სამხედრო შეტაკებების დაწყების  და კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს დარტყმას მიიღებს . ომი,  ჯერ ერთი, ხარჯებია, მეორეც,– წარმოების დეზორგანიზება (დიდია რუსეთის და უკრაინის ეკონომიკის კოოპერაციის ხარისხი). საერთაშორისო სანქციები იქნა იმაზე დიდი, რასაც შეიძლება მოველოდეთ  სხვა დროს გამოყენებულ ანალოგებთან შედარებითაც კი ( გაეროს ეგიდით ალბათ ვერა, მაგრამ ამერიკისა და ევროკავშირის დონეზე აუცილებლად).



-არც უკრაინა იქნება უკეთეს დღეში?

კი, მძიმე იქნება შედეგი, მაგრამ უკრაინისთვის დღევანდელი პროცესები ყოფნა-არყოფნის საკითხია დი მისი შეფასება მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება სწორი. თუ მოახერხა მან ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და რუსეთის გავლენისაგან გათავისუფლება, ევროპასთან ერთად მას ძალიან დიდი პერსპექტივა გაეხსნება. ამ მძიმე პერიოდში უკრაინა დიდ დახმარებას მიიღებს ალბათ და ძალიან სწრაფადაც( სადღაც 30 მილიარდი დოლარის ფარგლებში, რაც ქვეყნის ფინანსურ სისტემას სტაბულურობას  შეუნარჩუნებს).


კვლავ რუსეთს მინდა დავუბრუნდე! მოვლენების ყველაზე მშვიდობიანი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, უკვე რაც მოხდა, ისიც საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთს შეექმნას სერიოზული პრობლემები. მოვლენები შაბათ- კვირას ვითარდებოდა, როცა ბირჟები არ მუშაობენ. ხვალ-ზეგ,  როცა რუსეთში გაიმართება ვაჭრობები, საფონდო და სავალუტო ბაზარზე მოსალოდნელია ცუდი პროცესების დაწყება (ორშაბათს შეიძლება კომპანიები დააშინონ და აუკრძალონ დიდი აქტიურობა ბირჟაზე, მაგრამ უცხოელებს ვერავინ შეაჩერებს). საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროსაც კი რუსეთის საფონდო ბაზარმა დიდი დარტყმა მიიღო ( მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაემთხვა). პირვანდელ დონემდე დაბრუნებას თითქმის წელიწადნახევარი მოუნდა.  რაც მოხდა, ყველაზე დიდი დარტყმაა რუსეთის საინვესტიციო იმიჯისათვის საბჭოთა კავშირის შემდეგ.



-რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკონომიკას?

უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. დიდია ამ ქვეყანაში ღვინის, მინერალური წყლების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი (ისევე, როგორც ზოგიერთი სახის  სამრეწველო საქონლის), ასევე დიდია ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან. იმპორტიც საკმაო ოდენობითაა.  დიდია უკრაინული ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში ( საბანკო სექტორი, ენერგეტიკა,  ტურიზმი, ზესტაფონის და ჭიათურის საწარმოები. მათი ძირითადი მესაკუთრე ახალი ხელისუფლების მხარდამჭერია და აქტიურად გამოჩნდა ბოლო პერიოდში ამ მოვლენების ეპიცენტრში). მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმე არსებითი ხასიათის ნეგატიური შედეგი არა მგონია, რომ ამ მოვლენებს მოჰყვეს.  თუ პროცესები  ცუდი სცენარით წარიმართა,  რა თქმაუნდა, ამას ნეგატიური გავლენა იქნება.



-არის თუ არა რუსული ბიზნესი ის ძალა, რომელსაც გარკვეული გავლენის მოხდენა შეეძლოს პროცესებზე?

მსხვილი, ოლიგარქიული ბიზნესი პუტინის ხელისუფლების მძევალია ან უშუალოდ  მიეკუთვნება მას. სანქციების დაწესების შემთხვევაში, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მათთვის და პირადად მათი კომფორტისათვის (ვიზების არმიცემა და ა,შ.). რა თქმა უნდა, მათ არავითარ  შემთხვევაში არ აწყობთ მოვლენების ესკალაცია. სერიოზული ეჭვი პუტინისადმი გაჩნდება აუცილებლად და შეეცდებიან კაპიტალის გატანას უცხოეთში ( რაც არ არის ადვილი). რუსული მსხვილი ბიზნესი საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი უკრაინაში, მათ შორის –  ყირიმის საკურორტო ინდუსტრიაში. ფაქტობრივად, პუტინმა უღალატა მათ ბიზნეს-ინტერესებს და ჩაითრია ომში. რაც შეეხება რუსულ საშუალო ბიზნესს, არც მას დაადგება კარგი დღე ფინანსური არასტაბილურობის გამო. ეს კი არის ის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც შეიძლება წყალი შეუყენოს პუტინის მმართველობას.

 


-რა გზას აირჩევენ უკრაინელი ოლიგარქები, რომლებიც იყვნენ იანუკოვიჩის ფინანსური და პოლიტიკური დასაყრდენი.

-მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ, თუ არა ახალი ხელისუფლების მხარდაჭერა. მათი სიმდიდრე ( სახლები, აქციები), განთავსებული აქვთ ევროპაში და ამერიკაში, მათი ბიზნესი ნიშვნელოვნად  არიან დამოკიდებული უცხოურ ბანკებზე. მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება დასავლეთის ან თუნდაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, გამოიწვევს მათ კოლაფსს. ასეთია ოლიგარქიული ბიზნესის ბედი: იყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ახლა მათ სხვა გზა არა აქვთ, უნდათ თუ არ უნდათ, მხარი ახალ ხელისუფლებას უნდა დაუჭირონ!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია