საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოზიცია
უჩა ნანუაშვილი:"უკრაინაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვევლინებიან უფლებების მთავარ დამრღვევად"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/21 15:42:46

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე უკიდურესად შემაშფოთებელ მოვლენებს.

 

ჩვენს თვალწინ ყოველდღე ფეხქვეშ ითელება ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მონაპოვარი - ადამიანის უფლებები. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი გარანტორი, დღეს უკრაინაში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გვევლინებიან ამ უფლებების მთავარ დამრღვევად.


მომიტინგეების მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტებით პასუხი სცდება საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. დაპირისპირების შემდგომი ესკალაციისა და პროცესების უმართავობის საფრთხე დღითიდღე იზრდება, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

 

საკუთარი მოქალაქეების ყველაზე წარუვალი უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა და განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის, რომ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სასიკვდილო ძალის გამოყენებით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს.


უკრაინელი ერის ისტორიის ამ მეტად მძიმე წუთებში მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს საუკეთესო საშუალება, უთხრას არა ძალადობას, დაპირისპირებასა და ხალხის ნების თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვას.

 

ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და თანადგომით, უკრაინელი ხალხის შინაგანი სიმტკიცისა და გონიერების დახმარებით, სისხლისღვრა მალე შეჩერდება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული. 


 

ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს, უკრაინელ ხალხს. ვუსამძიმრებ საქართველოს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს. "


უჩა ნანუაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია