საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზიური ინტერვიუ
რომან გოცირიძე:"ბიუჯეტს მიხედე, "ხვედელიძე", ბიუჯეტს!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/14 00:15:25

 

 დღეს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან  გოცირიძემ   და მისმა კოლეგებმა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ დაარსების შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებთან  გამართულ  შეხვედრაზე. 


 რომან გოცირძის განცხადებით ,  მათ სურთ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და და რჩევის მიცემა ყველა დაინტერესებული პირისა და ჯგუფისათვის,  როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე - მედიის წარმომადგენლებისთვისაც.


თუ რატომ დღეს და არა უფრო ადრე? ამის შესახებ გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ახლი ეკონომიკური რეალობა  გაჩნდა. ხოლო ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც ამ ორგანიზაციას აფუძნებენ, დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში.


ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად, რომან გოცირძემ ეკონომიკაში დაშვებულ შეცდომებზე და ლარის დევალვაციაზედაც  ისაუბრა.


 -რა შეცდომები  იყო დაშვებული ეკონომიკის კუთხით?


_ შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და ამის გარეშე არ არსებობს ეკონომიკური პროცესი, მაგრამ ლარის დევალვაციამ და შემდეგ მისმა მყისიერმა გამყარებამ ბევრი ეჭვები გააჩინა მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით.


პირველ რიგში,  ეს ეხება საბიუჯეტო პოლიტიკას. პრობლემებია  როგორც შემოსავლების კუთხით, ასევე ბიუჯეტის ხარჯების მხრივაც.  გასული წლის ბიუჯეტში სერიოზული დანაკლისი იყო.  ბიუჯეტის დეფიციტის შევსება ხდება ვალებით, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალებით. ამაში საგანგაშო არაფერია, რომ არა მისი მასშტაბი.


 შიდა ვალის  აღების პროცესს ოპტიმისტურად არ ვუყურებ. ჩემი აზრით , სახაზინო ვალდებულებების ამ მოცულობით განთავსება გართულდება, მისი მომსახურების ხარჯები კი გაიზრდება. პირველი ორი აუქციონიც  ამაზე მეტყველებს, როცა მკვეთრად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უკვე 11 პროცენტს გადააჭარბა.

 

 ბიუჯეტში სოციალური ხარჯებისა და  სუბსიდიების ზრდის  კუთხით  საჭიროა სიფრთხილე. მთავარი აქცენტი  ბიუჯეტის დაბალანსებაზე და ხარჯების რაციონალიზაციაზე უნდა იქნას გადატანილი, რადგან  ბიუჯეტშუი ჩანს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია.

 


_ რა მოხდა ლართან დაკავშირებით?


_ესეც ძირითადად ბიუჯეტის დეფიციტითანაა  დაკავშირებული. შემოსავლების გეგმის ჩავარდნის გამო, მისი კომპენსირება მოხდა იმ ნაშთებით, რომელიც მთავრობას აქვს ეროვნულ ბანკში. დეკემბერში მოხდა ფულის მასის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლის სტერილიზაციას ეროვნულმა ბანკმა მთელი იანვრის თვე მოანდომა. ამ პროცესს  ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შერბილებამაც შეუწყო ხელი,  როცა სესხები კომერციული ბანკებისათვის  იაფი და ხელმისაწვდომი გახდა.


 

 ლარის მკვეთრი  რყევები არის არასასურველი და ქმნის არასტაბილურობის განცდას. განცხადება, რომ ლარის კურსი ყალიბდება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმში და ასეთი ცვლილებები მოსალოდნელია, არასერიოზულია.

 

 ლარის  გაცვლის კურსის ფორმირება მისი შემოღების დღიდან დღემდე  ხდება ე.წ. მართვადი ( რეგულირებადი) ფორმით და დიდწილად დამოკიდებულია ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით.  ბოლო ათი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი იძენდა უცხოურ ვალუტას წმინდა გამოხატულებაში , ანუ აფერხებდა მის ასე ვთქვათ „ზედმატად“ გამყარებას.

 


 თავისუფალი ცურვის დროს კი ზედმეტის თუ მიზანშეწონილის  ცნება არ არსებობს. კურსი ყალიბდება ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნა– მიწოდების და არა – რაიმე მიზნის გათვალისწინებით ( ექსპორტის სტიმულირება, იმპორტის შეზღუდვა, რეზერვების შევსება და ასე შემდეგ). თავისუფალი ცურვის რეჟიმი ჩვენთან  ჯერ არ გამოიყენება. არადა, დროა, ნელ- ნელა შევამციროთ ინტერვენციები.

 

–ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდა ინვესტიციების ნაკლებობის გამო?


_ ლარის დევალვაციის მიზეზი ამ  შემთხვევაში არის  ლარის მასის მკვეთრი  ზრდა და არა უცხოური ვალუტის შემოდინების ნაკლებობა.   M2-ის წლიური ზრდა ნოემბრამდე  თუ იყო 15-20  პროცენტის ფარგლებში,  ნოემბერში – 28% , დეკემბერში  –  38%–ს  მიაღწია.

 

არავითარი ნეგატიური ცვლილებები არ ყოფილა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით. პირიქით, 11 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი ყიდულობდა  „ჭარბ ვალუტას „  და რეზერვები  400  მილიონი დოლარით შეავსო. 


ამოცანის ამოხსნის გასაღებია კითხვაზე პასუხის გაცემა: რა მოხდა დეკემბერში?!


 რაც მოხდა, გითხარით: ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესუსტება. ე.წ. პარკინსონის ნახევრადსახუმარო კანონებიდან ვიცით, რომ „ის, რაც ერთხელ მოხდა, ყოველთვის  შეიძლება მოხდეს“!  

 

ამაზე დაფიქრება მართებს ხელისუფლებას. მთავარი საფრთხე არის სახაზინო ვალდებულებებში და ეროვნული ბაკის მასშტაბურ რეფინანსირების ( თუნდაც მოკლევადიან) სესხებში.

 

_ ეს რეზერვები რაში სჭირდებოდა მთავრობას თუკი არ დაიხარჯებოდა?


_ იმიტომ, რომ საგარეო ვალის გასტუმრებისას  პიკური პერიოდი უმტკივნეულოდ გადაეტანა.  წელს საქართველოს საგარეო ვალის დიდი ოდენობით  გასტუმრების ერთ–ერთი ასეთი  წელი უდგას.


–რატომ დაიწყო ლარმა  ამ დღეებში ასე უცნაურად გამყარება?


- როგორც ჩანს, პანიკური განწყობა შეიქმნა ეროვნულ ბანკში და ფინანსთა სამინისტროში   და ზედმეტი მოუვიდათ.  არაჯანსაღი ზეწოლა იყო პოლიტიკური და საექსპერტო წრეებიდანაც.  


350 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი თვის გამავლობაში და მიმოქცევიდან 600 მილიონამდე ლარი ამოიღო, რასაც მოჰყვა მკვეთრი უკუპროცესი, ლარის სწრაფი გამყარება.


სწრაფი რევალვაციის თავიდან ასაცილებლად და დაკარგული რეზერვების აღსადგენად ეროვნულმა ბანკმა  უკვე ამ კვირაში 40 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ კვლავ დააბრუნა მიმოქცევაში 70 მილიონი ლარი. ეს ყველაფერი საბაზრო ძალების ზემოქმედებით რომ ხდებოდეს,  სხვა საკითხია, მაგრამ როცა კაბინეტებში წყდება, რა არის კარგი და რა არის ცუდი, მეტი საჯაროობა და საზოგადოებასთან კონტაქტია საჭირო ორივე უწყების მხრიდან.


-ახსენეთ, რომ დაბალმა ინფლაციამ შეიყვანა ხელისუფლება შეცდომაში. რას გულისხმობდით?


_  მოხდა არაწორი შეფასება დეფლაციის გამომწვევი მიზეზებისა. ვინაიდან საქართველოში არ არის  ინფლაცია, ხომ არ არის საჭირო ეკონომიკის  სტიმულირება ფულის მასის გაზრდით?– ისმოდა ხოლმე ხმები.  მათ შორის, –  სახელისუფლო ეშელონებიდან.  ეს გახლავთ მცდარი ფილოსოფია ინფლაციური სტიმულირების შესახებ.


 საქართველოში ფულის მასის მატებით ( ანუ მონეტარული  და ფისკალურ პოლიტიკის შერბილებით) რაიმე ფორმის სტიმულების  გამოყენება არის ძალიან  სარისკო, რადგან ინფლაციაზე  დიდი საფრთხე  ქვეყანას არ ემუქრება. საქართველოსთვის მოკლევადიანი   დეფლაცია აღქმული იქნა როგორც ეკონომიკური ზრდის  შემაფერხებელ ფაქტორად. ეს იყო მოვლენის გაზვიადება, რასაც, კიდევ კარგი, ფრთხილი, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები მაინც  მოჰყვა.


-შეგიძლიათ ერთი წინადადებით მოუწოდოთ მთავრობას, რას უნდა მიხედოს პირველ რიგში?


-რა თქმა უნდა, –  ბიუჯეტს!  გაიხსენეთ  ცნობილი ფრაზა ფილმიდან:  „დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას’’-ო?

 

 ასეა ჩვენი საქმეც!  ბიუჯეტს უნდა მიხედოს „ხვედელიძემ“!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია