დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება
„ომის კვირა“ ქუთაისის ოპერის თეატრში
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/10 14:41:52

როზა დვალიშვილი: ვედმედევა ავანტურისტია და ეს მალე დადასტურდება

 

ხატია ვედმედევა: როზა დვალიშვილი ნაციონალების ინსტრუმენტია...

 

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძეების სახელობის თეატრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ყოფილი და მოქმედი მმართველების ურთიერთბრალდებები, პასუხის პასუხები და პირადი განცხადებების საფუძველზე თანამშრომლების წასვლა თეატრიდან.

 

 ამ პროცესებმა გასულ კვირას თეატრში კულმინაციას მიაღწია. რატომ იქცა კულტურის კერა ურთიერთდაპირისპირებების ტრიბუნად, რატომ მცირდება საშტატო ერთეული ან ვისთვის არის „თანამდებობა მორალზე მეტი“?   შევეცდებით მკითხველს ოპერის თეატრში „ომის კვირეულის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები დეტალურად ვუამბოთ.

 

გასულ კვირას თეატრის ორმა თანამშრომელმა: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მაკა ჯაჯანიძემ და არტ-მენეჯერმა, გვანცა გაბუნიამ თანამდებობები ერთდროულად, პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

 

 

თანამდებობა დაკარგულებს დასაკარგი რომ აღარაფერი ჰქონდათ, უკომპრომისო ბრალდებებზე ალაპარაკდნენ.

 

 

გვანცა გაბუნია: „2013 წლის 13 სექტემბრამდე თეატრმა „ე.წ. ალა-ფურშეტი“ გააკეთა, რაც ვედმედევას თქმით, 7 ათასი ლარი დაჯდა და თანხას თეატრს „ვითიბი ბანკი“ უხდიდა. თუმცა, საღამოს ფოტოგრაფს თორნიკე ტურბელიძეს კუთვნილი თანხა 300 ლარი დღემდე არ მისცეს. რეალურად არავითარი დაფინანსება არ ყოფილა და თეატრს იმ ღონისძიებების გამო, დღესაც აქვს სასტუმროს ქსელ „ბაგრატ-1003“-ის დავალიანება 3000 ლარის ოდენობით. იმ საღამოს თბილისიდან 72-კაციან შემადგენლობას უმასპინძლეს, რომელთა ერთღამიანი მოსვენება სასტუმროში 12 ათასი ლარი დაჯდა.“

 

ხატია ვედმედევას თქმით კი: „ოპერისა და ბალეტის თეატრს არავითარი არამიზნობრივი ხარჯი და ვალი არ გააჩნია. ჩვენ მართლაც გვაქვს სილამაზის სალონ „ელიზიუმთან“ ხელშეკრულება, მაგრამ ამ მომსახურეობით თავად არ ვსარგებლობ და იგივე ეპილაციაში საკუთარი თანხა, 300 ლარი გადავიხადე. თეატრის ვალი აქვს თავად გაბუნიას და გადაიხადოს“.

 

 კვირის ყველაზე „ტოპ-სკანდალებში“ გახვეულმა თეატრის მმართველმა მეტოქის კარში „გოლის გასატანად“ კონტრშეტევა განახორციელა და საგანგებო ბრიფინგით ჟურნალისტებთან ალაპარაკდა:

 

ხატია ვედმედევა: „ჩემს წინააღმდეგ  აგორებული  ბინძური  პიარი „ნაციონალების“ ხელწერაა, რომლის ინსტრუმენტიც თეატრის ყოფილი მმართველი, როზა დვალიშვილია. მან დამირეკა ერთი კვირის წინ და ერთი დღით, ერთი ოთახის მიქირავება მთხოვა, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, რადგან თეატრი არ არის პოლიტიკური საღამოების ადგილი.“

 

ბრალდება პარტიულობაზე „მარაზმად“ შეაფასა თეატრის ყოფილმა მმართველმა, როზა დვალიშვილმა: „რა ჩემი საქმეა „ნაციონალების“ დარბაზის დაქირავება? ეს არის მარაზმი და ვწუხვარ, რომ ამ ადამიანის გამო თეატრი ნელ-ნელა იძირება და ამის საშუალებას არ მივცემ, რომ შევეწირო მაინც.

 

მე მას არ ვთვლი იმის ღირსად, მის ბრალდებებზე ვისაუბრო. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვედმედევა ავანტურისტია და ეს მალე დადასტურდება.“

 

„ეპითეტებით“ ვალში არც მოქმედი მმართველი დარჩა, „ადამიანი რომლისთვისაც  თანამდებობა მორალზე მეტია და ადამიანი, რომელიც გოგი ჭიჭინაძეს არაკაცს უწოდებს, ჩემთვის თავად არის უღირსი, ხოლო მისი მმართველობის შედეგებს დღემდე ვიმკით.

 2011 წელს თეატრის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ამათმა მხოლოდ 4 მილიონი დახარჯეს, თეატრში კატასტროფული მდგომარეობაა და მთლიანი შენობის 700 კვ. მეტრი დაკარგულია. გვითხრას, სად წავიდა სოლიდური თანხები ფართებთან ერთად?“

 

 

როზა დვალიშვილმა ბრალდებებს ასე უპასუხა: „როგორ ფიქრობთ, ამის მთქმელი შერაცხადია? მე ვაპირებ, ამ განცხადების გამო, სასამართლოში ვიჩივლო და მორალურ ზიანს ავიღებ, გარწმუნებთ. ამ ადამიანმა არც თეატრი იცის, არც ბიუჯეტი. მე მას ვუჩივლებ და მოვითხოვ 13 000 ამერიკულ დოლარს მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც მისი ავადმყოფური აზროვნებით მომადგა. თანამშრომლებს ხელფასის გაზრდას ჰპირდებოდა და მათ რაოდენობას საერთოდ ანახევრებს.“

 

შტატების და ხელფასის შემცირებას უარყოფს თეატრის მოქმედი მმართველი.

 

არავითარი საშტატო და სახელფასო შემცირება ჩვენთან არ არის, ანაზღაურება თანამშრომლებს მიეცემათ სწორი იურიდიული ფორმით. ასევე აღვნიშნავ, რომ ხელფასები გაიზარდა საბალეტო დასში (თუმცა ჩვენს  გაზეთთან ადრე მიცემულ ინტერვიუში ვედმედევა საბალეტო დასის საერთოდ არარსებობაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, ამ მხრივ, თეატრში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, თუ არ ჩავთლით გასულ დღეეებში თეატრის ყოფილი თანამშრომლის, მაკა ჯაჯანიძის განცხადებას: „თეატრში ბალეტის დასი დღემდე არ არსებობს“).

 

თუმცა, საზოგადოების ინტერესი კვირეულის „უიარაღო ომების“ ფარგლებში ცალსახად ის ერთი ბრძოლაა, რაც ოპერის თეატრის მომავლის გაუმჯობესებას ეხება, და რაზეც ჩვენს გაზეთთან ახლად დანიშნული თეატრის მმართველი საუბრობდა. ჩვენ მას კონკრეტული დაპირება შევახსენეთ. ის ინტერვიუში აცხადებდა: „მე ვდებ პირობას, რომ მომავალი წლიდან თეატრში იქნება სრული ანშლაგი“.

რაზეც გვიპასუხა: „ბოლო დროს ბილეთები სპექტაკლებამდე 3-5 დღით ადრე იყიდება, თეატრი მაყურებელს ვეღარ იტევს. ეს რა, არ არის ანშლაგი?“

 

როგორ გაგრძელდება ყოფილი და მოქმედი მმართველების ომი, ამას შემდგომი ბრძოლები აჩვენებს, იქამდე კი საზოგადოება ოპერაში ნამდვილ ანშლაგებს დაელოდება.

 

 

 

P.S. ხატია ვედმედევა პირველ ინტერვიუში იმასაც აცხადებდა, რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი უცხოეთში მზადაა, ყველაფერი მიატოვოს და ქუთაისის ოპერის თეატრში ჩამოვიდესო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ასეთი არავინ გვინახავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია