დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჭარაში მურმან დუმბაძის კლანი გაძლიერდა, ისინი „ნაციონალებს“ თანამდებობებზე აწინაურებენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/30 11:50:09

აჭარაში 10 ათასამდე უსახლკარო ადამიანი უშუქოდ და უწყლოდ, ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობს. ისინი   საცხოვრებლად  დროებით მიტოვებულ შენობებში შევიდნენ. ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ადამიანები, უკვე თვეზე მეტია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, „ენერგო-პრო-ჯორჯიამ“ მათ ელექტროენერგია გაუთიშა. ახლა მიუსაფარი ადამიანები აქციებს მართავენ და შუქის ჩართვას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ. აჭარლები თვლიან, რომ განმკითხავი არავინაა, აჭარის მთავრობა მშვიდად უყურებს მოსახლეობის გაუსაძლის მდგომარეობას, ამ ფონზე  ადგილობრივი  ჩინოვნიკები საკუთარი  კეთილდღეობით უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე ამ ადამიანების ბედით. აჭარაში ახალი კლანების ჩამოყალიბება მიმდინარეობს,  ვაშალომიძის კლანს ახლა მურმან დუმბაძის კლანი ჩაენაცვლა. უფრო მეტიც,  თანამდებობებზე „ნაციონალებს“ აწინაურებენ.

 

 

აჭარაში  შექმნილ მდგომარეობაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გვესაუბრება.

ბოლო დროს აჭარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს, რა არის მათი პროტესტის მიზეზი?

– აჭარის Dდღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ერგო, ვგულისხმობ იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც წლების წინ იყო.  აჭარაში ძალიან ბევრი ობიექტია, სადაც თვითნებურად შეჭრილი არიან უსახლკაროები, ეს ადამიანები არიან როგორც ეკომიგრანტები, ასევე სოციალურად დაუცველები, ინვალიდები  და მრავალშვილიანი ოჯახები. ვინაიდან ეს ადამიანები თვითნებურად შეიჭრნენ შენობებში, მათ არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია. ზოგიერთ შენობაში ისეთი პირობებია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია, ისინი  არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ, მათ შორის ჩვილბავშვიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები,მოხუცები, იანვრის სიცივეში ყოველგვარი გათბობის გარეშე არიან დარჩენილი. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ეს არის წამების ტოლფასი. მართალია, ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, მაგრამ ახლა იფეთქა და დაატყდა მოქმედ ხელისუფლებას.

რამდენი ოჯახია დღეს აჭარაში ელექტროენერგისა და წყლის გარეშე დარჩენილი?

– აჭარის ტერიტორიაზე სულ 11 ობიექტია, რომელშიც უსახლკარო ადამიანები ცხოვრობენ, დაახლოებით 10 ათასამდე ოჯახი. ბუნებრივია, 10 ათასი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება გამორიცხულია.

ამ ადამიანებს დღეისათვის გამოსახლება ემუქრებათ?

– გამოსახლებაზე იყო საუბარი, მაგრამ  საპროტესტო გამოსვლების შემდეგ თავიდან ავიცილეთ  და შეაჩერეს,  თუმცა  ამ ადამიანებს გაუთიშეს დენი და წყალი. ზოგიერთ ობიქტზე მაცხოვრებლებმა წყალი და შუქი თავად გაიყვანეს. დღეს 5 ათასამდე ადამიანი წყალის და შუქის გარეშე ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობს.

ადგილობრივი ხელისუფლება თუ ცდილობს ამ ადამიანებს დაეხმაროს?

– როგორ გითხრათ, აქ სამართლებრივ კაზუსთან გვაქვს საქმე, ამ ადამიანებს წყალი და შუქი რომ ჩაურთონ, მაშინ დროებითი საცხოვრებელი ფართები კიდევაც უნდა დაუკანონონ.

რა მოხდება რომ დაუკანონონ?

– შესაძლებელია, თუმცა სამხედრო ბაზაზე მდგარი ობიექტები ისეა განლაგებული ხის შენობებით ერთმანეთთან მიჯრით, რომ შეუძლებელია, იქ ცხოვრების გაგრძელება. ერთადერთი, რაც აჭარის მთავრობას შეუძლია, ეს არის ის, რომ  (ხელვაჩაურში  მდებარე ტერიტორია, რომელიც   საკმაოდ დიდ ფართზეა გაშლილი – რამდენიმე ათასი ჰექტარი), გადასცეს ინვესტორს და აშენდეს რამდენიმე კორპუსი სოციალურად დაუცველებისათვის, მაგრამ ამ ადამიანებს შორისაც არიან ადამიანები, ვისაც  ისე არ უჭირს, როგორც სხვებს  და სახელმწიფოს ხარჯზე სურს გამორჩენა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სანამ ეს ყველაფერი გაირკვევა, ხომ შეიძლება აჭარის მთავრობამ გაჭირვებულ ადამიანებს უშუამდგომლოს „ენერგოპრო-ჯორჯიასთან“, ვინაიდან ეს ობიექტები ეკუთვნის სახელმწიფოს, ნება დართოს, მიეწოდოთ ელექტროენერგია. დღეს 5 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის  გარეშეა დარჩენილი.

რას ამბობს აჭარის მთავრობა ამის შესახებ?

– ჯერჯერობით, არაფერს, ეს საკითხი განხილვის პროცესშია. იმედია, აჭარის მთავრობაში  გამოიჩენენ გონიერებას და არ წავლენ დინების საწინაღმდეგოდ, რადგან ადამიანები ისე არიან გამწარებული სიცივისა და უწყლობისაგან, მეტს ვეღარ მოითმენენ. როგორ განვითარდება მოვლენები ვეღარ გეტყვით. მართალია, უსახლკარო ადამიანები ქუჩაში არ გამოყარეს, მაგრამ სამაგიეროდ უშუქოდ და ყველაფრის გარეშე, გაუსაძლის პირობებში  დატოვეს.

გარდა ამისა,  კიდევ  რა პრობლემაა აჭარაში?

– ერთ-ერთი დიდი პრობლემა ციტრუსის  ჩაბარებაა. ფაქტობრივად, მოსახლეობას  მთელი მოსავალი ხეებზე დარჩა, არ შესრულდა ცენტრალური მთავრობის დანაპირები და ამაში ვერ გავამტყუნებ აჭარის მთავრობას. ცენტრალურმა ხელისუფლებამ არასაკმარისი ყურადღება გამოჩინა ამ პრობლემისადმი და ხელვაჩაურსა და ქობულეთში მოსახლეობას ხეზე დარჩა მოსავალი. ეს იმიტომ მოხდა, რომ  ჯერ ერთი ზამთარი ადრე მოვიდა და არც  ციტრუსის გასაყიდი ფასი და ბაზარი  არ იყო დადგენილი. მოსახლეობის დაზარალებაში პასუხისმგებლობა ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მურმან დუმბაძესა და ფატი ხალვაშს, რომლებსაც ხმაც კი არ ამოუღიათ ამ პრობლემის გამო. მათ უნდა აეტეხათ ხმაური, რომ სათანადოდ მოხდარიყო ამ სეზონისათვის მომზადება, ასე არ მოხდებოდა, ახლა ვის მოვთხოვოთ პაუხი? ხელისუფლება იძახის, რატომ დროზე არ მოკრიფეთ მანდარინიო? რომ მოგვეკრიფა, სად წაგვეღო? მერე კი თოვლმა მოგვისწრო. ჯერ კიდევ შარშან გავაფრთხლეთ ხელისუფლება აქციებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მოვიდა აქციაზე და გამოგვიცხადა, რომ ეს იყო ჩვენი ახირება, მაგრამ,  ხომ ხედავთ, როგორი  შედეგი მივიღეთ. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გადადგეს ზაურ ფუტკარაძე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მან მოსახლეობა მოატყუა. ის ფერმერებს  ეუბნებოდა, რომ 45 თეთრად ჩააბარეთ მანდარინი და კიდევ 15 თეთრს დაგიმატებთო. თუ ფუტკარაძეს არ გადააყენებენ, მალე ფერმერების საპროტესტო აქცია დაიწყება  მთლიანად აჭარის მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

აჭარის მთავრობაში, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რა ცვლილებები მოხდა?

– ვითარება ასეთია, ჯერ კიდევ თვითმმართველობა აკონტროლებს ადგილებზე ყველაფერს და ყველგან  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან თანამდებობებზე. გუშინ ციტრუსის ქარხანა გაიფიცა, სადაც დირექტორი არის  „ნაციონალი“ ოსმან გოგიტიძე, რომელიც თანამშრომლებს ხელფასს არ უხდის. Mმერე მოვიდა საკრებულოს თავჯდომარე „ნაცმოძრაობიდან“ და კომენტარი გააკეთა. ძალიან გამიკვირდა, რა ეკითხებოდა მას? ყველანაირად ცდილობენ, რომ ადგილზე „ნაცებმა“ „ოცნებას“ ხელი შეუშალოს.

– „ოცნება“ და „ნაცები“ უპირისპირდებიან ერთმანეთს?

–„ნაციონალები“ ფიქრობენ, რომ მობრუნდებიან.Mმოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში დახმარებას სთხოვდნენ „ნაციონალებს“ და არ ეხმარებოდნენ, დღეს როცა ისინი  მიდიან, ისევ იგივე საქმის მოსაგვარებლად, კვლავ „ნაციონალები“ ხვდებიან. როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანები დარჩნენ თანამდებობებზე. ახლა მოდის ადგილობრივი არჩევნები, „ნაციონალებს“ სურთ ხალხს აჩვენონ, რომ „ოცნებას“ მათთვის არაფერი გაუკეთებია...

ადგილებზე ვერ შეიცლება მდგომარეობა, სანამ ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება და თუ მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს, ამით უკეთესად ისარგებლებენ „ნაციონალები“.  არსებულ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება რეიტინგის შენარჩუნება, მით უმეტეს,  თუ ასე უმოქმედოდ იქნებიან. იცოდეთ, „ნაციონალები“ ადგილებზე დათმობას არ აპირებენ, ჩასაფრებული არიან  და ნურავის ნუ ექნება იმის  ილუზია, რომ ისინი სახლში წავლენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2776
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია