დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეფასება
მიხეილ სააკაშვილი კიევში განვითარებულ მოვლენებს აფასებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 11:53:46

წამყვანი ამერიკული გაზეთი  “The Wall Street Journal” სარედაქციო გვერდზე უკრაინის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინული პროტესტის სატელევიზიო ახალ ამბებში გაშუქება შესაძლოა მაყურებელს უქმნიდეს განცდას, რომ წარსულიდან გამოკრთის ახალი არეულობა, ისედაც მოუსვენარ სამყაროში. 

 

"ჩვეული ატრიბუტებიც სახეზეა – ქუჩის საპროტესტო აქციები, მოლოტოვის კოქტეილი და პოლიციის ძალადობა. მაგრამ აქციის მონაწილეები არ გვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეეებში ძალადობა მოემატა - არის 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუცია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ. ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

მისივე აზრით, ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვა კრიზისებში. 

 

"იგი განსაკუთრებით გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში, ისევე როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა. პუტინი დარწმუნებული ჩანდა, რომ დასავლეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცალა პოსტ-საბჭოთა რეგიონი, რომელიც მის ბუნებრივ სამფლობელოდ მიაჩნია. ბატონი პუტინისთვის, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკრაინის მთავრობის მიერ ნოემბერში ბოლო წამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერაც კი, მისი გეოპოლიტიკური თამაშის ტრიუფად წარმოჩნდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტორი ჩაერთო - უკრაინელი ხალხის ლტოლვა იცხოვრონ დემოკრატიულ, ღია და ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც სუფთა მთავრობა მართავს",- განმარტავს ყოფილი პრეზიდენტი.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რასაც რუსეთისა და მისი მეზობელი ქეყნებისთვის ბატონი პუტინი განასახიერებს, ფესვებს ძველ "კგბ"-ში ჰპოვებს, რომელიც რუსეთში არსებულ ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ ჯგუფზე ძლიერი ძალა. 

 

"კგბ-ს სიძლიერე დამყარებული იყო ტყუილზე, ძალადობასა და ცინიზმზე, რომელიც არსებული რუსული რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. კრემლის თვალთახედვით, რუსეთს არ აქვს საზღვრები; მას აქვს მხოლოდ პერიფერიები, რომლებიც სამუდამო კორუფციით, ქაოსითა და წარუმატებლობით იქნებიან მოცულები და ვერასოდეს შეძლებენ შექმნან საკუთარი, ქმედითი, დემოკრატიული სახელმწიფო. კრემლის შეხედულებით თუ ისინი იქნებიან ისეთივე არაეფექტური, როგორიც თავად არის, მხოლოდ რუსეთს შეეძლება კვლავაც მათი მართვა.  რასაც უკრაინელები ეძებენ არის თავისუფლება აირჩიონ მათი ცხოვრების წესი. გასულ თვეში, როდესაც მე კიევში ვიყავი, შევხვდი ოპოზიციის მთავარ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში განვიხილავდით არა იმდენად აქციებს, რამდენადაც თავად უკრაინის მომავალს. ბატონ კლიჩკოს, სურს ისწავლოს ქართული მაგალითიდან, ჩემი პრეზიდენტობის დროიდან, თუ როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება და აშენდეს ისეთი უკრაინა, როგორზეც იგი ოცნებობს",- განმარტავს მიხეილ სააკაშვილი. 

 

მისივე თქმით, ის  ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია იცნობს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით,   ყოფილი მსოფლიო კრივის ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. 

 

"კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ შევხვდით, განსაკუთრებით განცვიფრებული დავრჩი მისი მასშტაბური ხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს. კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს; ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში, ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს მამაცმა უკრაინის მოქალაქეებმა იციან. ამიტომაც არის, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. საკმაოდ კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ამიტომ ვიცი, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან იგი დგას, ისევე როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვას და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში. დროა რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. კრემლი არის საფუძველი ყველა პრობლემის, რაც დასავლეთს ტანჯავს",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, ამ დღეებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა ფილარეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. უკრაინელი კაზაკი დემონსტრანტი  პოლიციამ დააკავა, სცემა, ტანსაცმელი შემოახია და დაამცირა, შემდეგ კი აიძულა ყინვაში შიშველი დამდგარიყო. პატრიარქი ფილარეტის თქმით, სწორედ ეს შიშველი კაზაკი არის უკრაინის სიმბოლო: გაშიშვლებული, ნაწამები, მაგრამ მიუხედავად ამისა ამაყი და ღირსებით აღსავსე, რომელიც არ ნებდება სასტიკ ძალას. 

 

"დემოკრატიულმა სამყარომ ეს კაზაკი სიცივეში გარეთ არ უნდა დატოვოს. ახლა მოქმედების დროა. და რა შეიძლება გაკეთდეს? დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს - სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს სავიზო მიმოსვლის აკრძალვებსა და უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშების გაყინვას; ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის კლიჩკო უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში; ამასთანავე მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა. 1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც "კიევური კოტლეტი" უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. ახლა კი, ორი ათწლეულის შემდეგ, დასავლეთმა კვლავაც არ უნდა გააჟღეროს მსგავსი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია