საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზიური ინტერვიუ
ფრანგი სომელიე მარი ბორდიე:“ღვინო ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/01/26 18:53:44

საფრანგეთის საელჩოს მოწვევით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ფრანგი მეღვინე,სომელიე და ენოლოგი, ქალბატონი მარი ბორდიე.

მან ქართულ–ფრანგული საზოგადოების“იონი–კახეთი“, ფრანგული ინსტიტუტის, სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის კომპანია "თამადა"–სა და „ჯივიესის“ მხარდაჭერით სომელიეს მასტერკლასები – "Wine Waiting Training" გამართა საქართველოს რამდენიმე რეგიონში: კახეთში, აჭარასა და თბილისში.

 


მარი ბორდიეს ტრენინგების მთავარი თემები იყო:ღვინის დაყენების, შენახვისა და დაძველების ზოგადი ტექნოლოგია, ღვინის სერვირება, დეგუსტაცია და კერძთან შეხამება. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგ ენოლოგს თავად აქვს  ბურგუნდიის რეგიონში, შაბლიში   ღვინის საოჯახო მარანი  და პრემიერ კრუს კატეგორიის ღვინოებს აწარმოებს.


გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარი ბორდიესთან.


 

–ქალბატონო მარი, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს თქვენთვის ღვინო?

–ღვინო  დღესდღეობით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მე ვამაყობ იმით, რომ ვაწარმოებ ისეთ ღვინოს, რომელიც არის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი. ჩემი ოჯახი თავად აწარმოებს ღვინოს და ყიდის. ჩვენ ვუკავშირდებით არა შუამავლებს, არამედ უშუალოდ მომხმარებლებს და ყოველთვის ვუყვებით, როგორ ვაწარმოეთ ესა თუ ის ღვინო, როგორ დავაყენეთ, ანუ ვესაუბრებით ჩვენი ღვინის ხასიათის შესახებ.

ღვინო  ადამიანებისთვის ურთიერთობის  საუკეთესო საშუალებაა,  ღვინო ზოგადად არის ის, რომლის გარშემოც ხალხი იკრიბება და ეს არასდროს არ ხდება სიჩუმეში. საუბრობენ, აზრს უცვლიან ერთმანეთს. ღვინო ხელს უწყობს მათ დაკავშირებას.


 

–როგორ და როდის დაიწყო თქვენი სიყვარული და ურთიერთობა ღვინოსთან?

–მე წარმოშობით ვარ საფრანგეთის ისეთი რეგიონიდან, სადაც ყურძენი განსაკუთრებულად არ მოჰყავთ და ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებული, მაგრამ ჩემს მშობლებს ძალიან აინტერესებდათ და უყვარდათ ღვინო. ისინი მცირე ოდენობით ღვინოს ჩვენც - ბავშვებსაც გვასინჯებდნენ ხოლმე. ერთხელ, როცა 12 წლის ვიყავი,  რაღაც მოვლენასთან დაკავშირებით გახსნეს ერთი ბოთლი ღვინო და ცოტაოდენი დამისხეს. როდესაც გავსინჯე, ვთქვი, რომ მე უნდა გავხდე  ღვინის გამსინჯველი. მაშინ მითხრეს, რომ ამას ენოლოგი ჰქვიაო. იმის შემდეგ მე ამ პროფესიას და ამ საქმეს არ ჩამოვცილებივარ.

 


–გამორჩეულად საყვარელი ღვინო თუ გაქვთ?

– საერთოდ, მე  არ  მაქვს, როგორც ასეთი, გამორჩეული ღვინო. მაგრამ შეიძლება, ბევრი ღვინო მომეწონოს. მაგალითად, როგორც დღეს გავსინჯეთ 5 ლარიანი ღვინო, ჩამოსასხმელი საფერავი, რომელიც შესანიშნავი იყო. თუმცა,  განსაკუთრებული კავშირი მაქვს შაბლის ღვინოსთან  და ამის გამო, განსაკუთრებით მიყვარს ის.

 


 

–საქართველოზე და ქართულ ღვინოებზე რა იცით, პირველად გასინჯეთ ქართული ღვინო?

–გარკვეული ინფორმაცია ინტერნეტით მოვიპოვე, მაგრამ საფრანგეთში ძალიან მწირია ინფორმაცია თქვენი ღვინის შესახებ. ფრანგები თითქმის არ იცნობენ ქართულ ღვინოებს და არ იციან მათი არსებობის შესახებ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, თუ ვინმე კონკრეტული სახეობით დაინტერესდება და მოძებნის ინფორმაციას. თუმცა, წამოსვლის წინ მომართვეს სამი ქართული ღვინო და მითხრეს, რომ გამესინჯა, რათა წარმოდგენა მაინც მქონოდა ღვინის შესახებ.


ისევე, როგორც ყველგან, არის ძალიან კარგი ღვინო და არის - ძალიან ცუდიც. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში კარგი ღვინოებია, ევროპული წესით დაყენებული. ასევე, ძალიან მომეწონა ქვევრის ღვინოები. არ არის აუცილებელი, რომ ევროპული წესით დაყენებული ღვინო აუცილებლად ჩვენს ღვინოებს  - ევროპულს ჰგავდეს. ქვევრის ღვინოც რამდენიმე გავსინჯე, რომელიც ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია არ უნდა გაქრეს და მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ქართველები არასდროს დაივიწყებენ ქვევრის ღვინოს.

 

 


–როგორ ფიქრობთ, თქვენი მასტერკლასები რამდენად დაეხმარება ქართველ სომელიებს თუ ზოგადად, ღვინის მოყვარულებს?

–მე არ მიმაჩნია, რომ ამ სამმა დღემ რაღაც ზოგადი ცოდნის დონე რამენაირად შეცვალა, მაგრამ მე შევეცადე, რომ ზოგადი მიმართულებები მიმეცა დეგუსტაციასთან დაკავშირებით. არ არის საკმარისი ღვინის ზოგადი ცოდნა, საჭიროა მისი დეგუსტაციის წესების ცოდნა და  არა მხოლო არომატების გამოცნობა, არამედ ღვინის სტრუქტურის მთლიანობაში აღწერა. ჩემი მიზანი იყო ასევე, რომ გამეღვივებინა მათში სურვილი, გაიღრმავონ ცოდნა ამ სფეროში და სხვადასხვა წყაროებს მიმართონ,  განათლების სხვადასხვა საშუალებებს, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიონ ამ თემაზე, უფრო დაინტერესდნენ.

 


–როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ  საქართველოს შესახებ,რა მოგეწონათ და რა –არა?

–მე ვფიქრობ, რომ  ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ძალიან ლამაზი პეიზაჟებია, სამზარეულოც უგემრიელესია.

 

 ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის ის, რომ  ვერსად შეხვალ,  ნორმალურად რომ ისუნთქო, ყველგან  თამაბაქოს სუნი დგას. 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია