საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზიური ინტერვიუ
ირაკლი პეტრიაშვილი:"კატასტროფული მდგომარეობაა ქალთა უფლებებში!"
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/01/25 12:44:43

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა  psnews.ge–სთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რისი დაძლევაც გასულ წელს მეტ–ნაკლებად მოხერხდა და რის განხორციელებასაც მიმდინარე წელს გეგმავენ.

 

–ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით  გასულ წელს, როგორი იყო 2013 წელი  პროფკავშირული საქმიანობის კუთხით? კმაყოფილი ხართ?


–თუ როდესმე რომელიმე პროფკავშირი გეტყვით, რომ კმაყოფილია იმ ყველაფრის, რაც მოხდა წლის განმავლლობაში, ძალიან არაადეკვატური უნდა იყოს. კმაყოფილი ვერ იქნები მანამ, სანამ ქვეყანაში 450 ათასი კაცი, ასე ვთქვათ, არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მოსახლეობის დაახლოებით 25%–ს შემოსავალი აქვს დოლარნახევარზე ნაკალები.

 

ფაქტია, რომ გარკვეული წარმატებები იყო. შეიცვალა შრომის კოდექსი და საკმაოდ კარგი მუხლები შევიდა პროფკავშირების ინიციატივით ამ კოდექსში. დაახლოებით, ჩვენი წინდადაბებების 75–80% იქნა გათვალისწინებული. თუმცა, როდესაც  მთავრობა გვამადლის, რომ ამდენი რამ გავითვალისწინეთ და თქვენ პრეტენზიები როგორ გაქვთო, უნდა ვთქვა, რომ  იმ 20%–ში ჩვენ პრეტენზიები არა გვაქვს საკუთარ კეთილდღეობაზე. ის ყველაფერი რომ გაეთვალისწინებიათ, ხელს შეუწყობდა როგორც ევროინტეგრაციას, ასევე, პირველ რიგში, მოქალაქეების კეთილდღეობას, სიმშვიდეს და სტაბილურობას ამ ქვეყანაში.

 


– მაინც, რა წინადადებები გაითვალისწინეს და რა - არა?

–გაითვალისწინეს ის, რომ ადამიანები სამსახურებიდან ვეღარ გათავისუფლდებიან ისე, როგორც ადრე იყო, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შეიცვალა ცნობილი 37–ე მუხლი და ახლა სამსახურიდან გათავისუფლებას თავისი წესები და შეღუდვები აქვს.

 

ჩვენი წინადადებები გაითვალისწინეს ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით. სამუშაო დრო განისაზღვრა მკაცრად  - 40 საათით. ადრე ეს იყო 41 საათი, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, რაც ფაქტიურად შლიდა რაიმე ზღვარს - 60 საათი შეიძლებოდა დაესაქმებინათ და არანაირ ზეგანაკვეთურ შრომაზე საუბარი არ იყო.

 

ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეიცვალა ნორმა და ჩაიდო მექანიზმები. არასაკმარისი, მაგრამ მაინც ჩაიდო. კანონის დონეზე ჩამოყალიბდა სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია. ამას პროფკავშირები 2006 წლიდან დაწყებული მოითხოვდა და წინა მთავრობამ დასავლეთის ზეწოლით მიიღო ბუტაფორია, იმათი თვალის ახვევის მიზნით, თორემ რეალური დიალოგი ფაქტია, რომ წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა. ასევე, გაითვალისწინეს სხვა წინადადებებიც.

 


– რა დარჩა გასაკეთებელი?

– ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ქალთა უფლებებში. რაც ქვეყანას, სადაც ორი საუკუნე ქალის კულტი იყო, ნამდვილად არ ეკადრება. ამ მხრივ იყო დაპირება იუსტიციის მინისტრისგან, რომ გასულ  წელსვე ეს ცვლილებები შევიდოდა და სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა.

 

ასევე,  ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების სათანადო იმპლემენტაცია მთავრობამ ვერ თუ არ მოახდინა და ამ სიკეთეებით ბევრი მოქალაქე ვერ სარგებლობს, განსაკუთრებით იქ, სადაც არ არის პროფკავშირები. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს უჭირს ინდივიდუალურად გაუძლოს დამსაქმებელს და უთხრას, რომ კანონით მე ამის უფლება მაქვს და გააკეთე. ალბათ, ხვდებით, დამსაქმებელი ამ მძიმე სოციალური ფონის დროს, როდესაც უმუშევრობის ასეთი მაღალი დონეა, რა პასუხსაც გასცემს. სასამართლოში რომ იჩივლოს, თანხები სჭირდება და ჩვენ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების 27%–ში ვართ წარმოდგენილი. დანარჩენი 73% შეხებაშიც კი არ არის პროფკავშირთან და წარმოიდგინეთ, მათი ნაწილის უფლებები რა მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვვებიც არსებობს.

 

 

ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა შრომის უსაფრთხოება. უბედური შემთხვევების დინამიკა არის ძალიან მზარდი და საკმაოდ დიდი რაოდენობა ამ შემთხვევებისა ფატალური შედეგებით სრულდება. გავიხედოთ მშენებლობებზე რა ხდება - ვერსად ჩაფხუტს ვერ ნახავთ, ვერსად - დამცავ ქმარს, კლასიკურად აშენებულ ხიმინჯს, ნახეთ მაღაროებში რა მდგომარეობაა. ფაქტია, რომ იყო წარმატებები, მაგრამ სრულყოფამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული კანონპროექტები, წინადადებები, კიდევ უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული, იმიტომ რომ ეს საქმე, სამწუხაროდ,  ვიცით მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყანაში.

 


–რა იქნება 2014 წელს ის პირველი, უმთავრესი პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც დაიწყებს მუშაობას პროფკავშირი?

– ეს არის სამმხრივი კომისია და მისი რეალური ამუშავება, რადგან სამმხრივი კომისია არის გზა, რომ დავარწმუნოთ ჩვენი სოციალური პარტნიორები – მთავრობა, დამსაქმებლები - აი, ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

 

როდესაც უკვე კონფლიქტი და გაფიცვაა, იქ გარკვეულწილად მოქმედებს პრინციპი, რომ ზეწოლის ფონზე არავის არაფრის მიღება არ უნდა. სანამ სიმშვიდეა, მანამდე უნდა მოხდეს დიალოგის მაგიდასთან იმ პრობლემების გათავისება, რასაც პროფკავშირები მოითხოვს. პროფკავშირები არის მხოლოდ და მხოლოდ რუპორი იმისა, რასაც დასაქმებულები ითხოვენ და რა პრობლემებიც დასაქმებულებს აქვთ.

 

რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო აპარატები და სტრუტურები ჰქონდეს მთავრობას, იმდენი ინფორმაცია არა აქვს, რაც ჩვენ. ჩვენთან ეს ინფორმაცია  შემოდის უშუალოდ, პირდაპირ. ამას, ბუნებრივია, სჭირდება გულისყურით მოსმენა და გათავისება. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ლოგიკურია, რასაც ვითხოვთ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა პრობლემები აქვთ დამსაქმებლებს და რა რისკები აქვს ეკონომიკას, არ ვიცი მთავრობის წინადადბებები და ამას ვითხოვ - მოდი დამარწმუნე, რომ ეს ყველაფერი ახლა შეუძლებელია, ან სხვაგვარად უნდა იყოს.

 

 

–დამსაქმებლების პოზიცია როგორია?

– დამსაქმებლების პოზიცია არის ისეთი, როგორც ახასიათებთ - მინიმალური დანახარჯებით უნდათ მაქსიმალური მოგება და ხშირ შემთხვევაში, შორსმჭვრეტელობა დამსაქმებლებს აკლიათ და ვერ ხვდებიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, თითებზე ზარალის დათვლა მოუწიოთ, იმიტომ,რომ აი, ასეთი ტიპის მოგებას ახლავს ხოლმე უუფლებობა, უუფლებობა კი როდესაც იფეთქებს, ამას ახლავს იმ ტიპის გაფიცვები, რაც ზესტაფონში იყო, რაც რკინიგზაში იყო, რაც მრავლად ნახა საქრთველოს მოსახლეობამ არა მხოლოდ ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე. გაფიცვები ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური იყო გასულ წელს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია