საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
ფოთელი:"მერი კი არ უნდა იმდენად ფოთს, არამედ –ჯებირები ზღვის ნაპირზე!"
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/23 11:20:24

ხუთიოდე თვეში უკვე ნათლად გამოჩნდება, თუ რამდენად დაძაბულია სიტუაცია იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც აქამდე ივანიშვილის ფაქტორის გამო იყო მოჩვენებითად მონოლითური. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პოზიციები აქვთ ,,რესპუბლიკელებსა“ და საკუთრივ ,,ქართულ ოცნებას“. ერთ შემთხვევაში ,,რესპებს“ იმიტომ, რომ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული პარტიული სტრუქტურა და მეორე შემთხვევაში, თავად ,,ქართული ოცნება“ მუშა სახელია, რადგან სწორედ ამ სახელის მქონე ივანიშვილის გუნდმა მოიცილა სააკაშვილი პოლიტიკური ასპარეზიდან.

 

ღარიბაშვილი შეძლებს თუ არა იმას, რაც გააკეთა ივანიშვილმა თავის დროზე? მილიარდერის გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ,,ოცნების“ კანდიდატი, განხილვას აღარ ექვემდებარებოდა, თუნდაც ამის სამაგალითოდ მოვიყვანოთ საჩხერისა და თეთრიწყაროს შემთხვევები, სადაც ბოლო წუთამდე ფიქრობდნენ, რომ #41 ერთგან ზაბახიძე იქნებოდა, მეორეგან კი აბულაძე, თუმცა ასე არ მოხდა.

 

ახლა, როცა თვითმმართველობის არჩევნებში ბევრად მეტი იქნება ასარჩევი რაოდენობრივად და ყველა თვითმმართველ ერთეულში იქნება ,,ხოცვა ნადირთა მცირეთა“, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს, თავისთავად ძალიან გაჭირდება ვინმემ თქვას ,,ზემოთ“: ეს კანდიდატი იქნება გამარჯვებული და არა სხვაო.

 

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ,,რესპუბლიკელებმა“ მოუხშირეს კოორდინაციულ ,,ყავის სმას“, რომელზეც, ბუნებრივია, განიხილავენ სტრატეგიას, თუ როგორ დარჩნენ ხელისუფლებაში. ,,ქართული ოცნებაც“ თავის მხრივ მოიმარჯვებს პიარს და სავარაუდოა, რომ საკრებულოებში ბევრად უფრო ნაკლები ,,თავისუფალი დემოკრატი“, ,,კონსერვატორი“ , ,,ფორუმელი“ და მით უფრო_,,მრეწველი“ აღმოჩნდეს, ვიდრე ეს წარმოუდგენია ალასანიას, ძიძიგურს, სანიკიძესა და თოფაძეს.

 

კარგა ხნის წინ ფოთის მერიის ერთმა თანამშრომელმა შემომთავაზა, რომ ფოთში ჩავსულიყავი და იქაური ამბებით დავინტერესებულიყავი. გარდა იმისა, რომ ფოთს შავი ზღვა ემუქრება წალეკვით, არც ეკა ბესელია დააკლებს ხელს ფოთსო, წაიწუწუნა ჩემმა ,,წყარომ“. იმ დროისათვის მნიშვნელოვნად არ ჩავთვალე ფოთის საკითხები და არც ყურადღება არ გამიმახვილებია. მით უფრო, რომ ბესელიას მთელი საქართველო უფლებადამცველად და კარგ იურისტად იცნობს, რატომ უნდა ,,წაელეკა“ ზღვაზე ადრე მაჟორიტარს თავისი ამომრჩეველი?

 

ბოლო სხდომა, რომელიც ფოთის საკრებულოში გაიმართა, დავით სარსანიას მერობიდან გადადგომას მიეძღვნა. ფერ და სპექტრ შეცვლილი საკრებულოები იმდენად დამყოლი გახდა ამ ბოლოს, ვისაც ძალაუფლება აქვს, ყველა თავის ჭკუაზე ატრიალებს მინიპარლამენტებად წოდებულ საკრებულოებს.

 

ფოთის საკრებულოს ,,ნაციონალებმა“ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და სარსანიას მერად დატოვება თუნდაც იმიტომ არის უპრიანი, რომ მან დანაპირები ვერ შეასრულაო. ,, ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დარეჯან ცქვიტარიას, განცხადებით, ფოთის მერი დავით სარსანია მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას არ აწყობს და სწორედ ამიტომაც დადგა დღის წესრიგში მისი ,,გადადგომაო”.

 

საინტერესოა, რატომ არ აწყობს ბესელიას ბატონი დავითი?! როგორც არაერთი დოკუმენტური წყარო იუწყება, ფოთში სარსანია უყვარს ძალიან ბევრს და ერთმა ქალბატონმა ემოციური წერილიც კი დაწერა: სარსანია კარგი ადამიანია და ბესელიას გამო არ წავიდეს მერობიდანო (ეს კორესპოდენცია ფოთის მერიაში ოფიციალურად არის რეგისტრირებული).

 

როგორც ჩანს, არა მარტო ჯაჭვლიანის ლექსიკაში დამკვიდრდა სიტყვა ჩმორი, არამედ ის გამოიყენა პარლამენტარმა ჩრდილელმა და უკვე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ცქვიტარიამაც ,,გააფრთიანა“: ,,ფოთმა დღეს ფეოდალი ქალის სურვილები გაატარა. ამ გადაწყვეტილების მიმღები დეპუტატები კი ბესელიას ჩმორები არიან.“

 

მიუხედავად ფოთის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატების ბოიკოტისა, სხდომა არ ჩაიშალა, რადგან ქვორუმი შედგა და ფოთის მერის, დავით სარსანიას, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაკმაყოფილებულ იქნა. სარსანიას ფოთის მერის პოსტზე უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა. შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა დავით სარსანიამ განცხადება მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 16 იანვარს დაწერა და იმავე დღეს საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. ,,მე უკვე მქონდა შემოთავაზებვა სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და შესაბამისად დავთანხმდი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა თანამდებობა.”-განაცხადა დავით სარსანიამ და იქვე აღნიშნა, რომ თუკი კოალიცია “ქართული ოცნება” მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ის მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

 

გუბერნატორის მოადგილეობა სჯობია თუ ფოთის მერობა, ამას ალბათ არ დაეკითხნენ ბატონ დავითს, თუ ბესელიას უნდოდა სარსანიას გაკოტრება და მერობიდან მისი ,,მოსრიალება“ შეძლო, მაშინ არც ვიცეგუბერნატორობამდე უნდა მიეღწია, თუმცა, უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ შიდაკოალიციური დაპირისპირება ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება და ყველაზე ცუდ სიტუაციაში ძიძიგურის და სანიკიძის ჯგუფები აღმოჩნდებიანო.

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სარსანიას მკაცრად შესძახა ბესელიამ: "შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!" არადა, გასული წლის იანვარში დანიშნული სარსანია ბესელიას საარჩევნო შტაბის წევრი იყო და რატომ მოხდა დაპირისპირება თანამოაზრეებს შორის, გაურკვეველია. მაჟორიტარი მერს უმოქმედობაში სდებდა ბრალს, ხოლო სარსანია მაჟორიტარის თვითმმართველობაში ,,ცხვირის ჩაყოფას“ ვერ იტანდაო, ამბობენ ფოთში.

 

ცოდვა გამხელილი სჯობს და ,,ოცნებამ“ სამუშაო ადგილები ვერ მოიტანა: დასაქმების ერთადერთი საშუალება ადმინისტარციული სამსახურებია, სადაც კოალიციური ,,აჯაფსანდლის“ ყველა ,,ინგრედიენტი“ ცდილობდა ფეხის მოჭიდებას. თითქმის ყველგან არის უკმაყოფილო ,,ქოცისტანელი“, რადგან ჯერ ადმინისტრაციებიდან ვერ გამოყარეს ,,ნაცმოელები“, მერე კიდევ ყველა მაღალჩინოსანს თავისი საზრუნავი აქვს, თავისი ,,კაცები“ ჰყავს დასასაქმებელი! ამის გამოა, რომ კაბინეტებს მიღმა ხშირად ბუზღუნებენ გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები.

 

2012 წლის ოქტომბრის მიწურულს ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერების თაოსნობით სარსანიას მხარდასაჭერად მოეწყო აქცია. რამდენიმე ათეულმა ფოთელმა მოითხოვა დავით სარსანიას დანიშვნა, ამ აქციაზე მომავალი მერი გამოცხადდა და ოვაციებით შეხვდნენ კიდეც ფორუმელ მომავალ მერს. აქციის ერთმა მონაწილემ ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ამის შემდეგ ეკა ბესელია დაჰპირდა აქციის მონაწილეებს: საკრებულოს თავმჯდომარეს დაველაპარაკები და თქვენი სურვილიც ასრულდებაო.

 

ხმა ღვთისად და ხმა ერისად, _ჩაითვალა მაშინ ეს აქცია და შერჩა კიდეც ფოთს მერად ბატონი დავითი. ჩვენ კი ისევ ფოთს თუ დავუბრუნდებით, იქ, დიდი ალბათობით, ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღმოჩნდება მერის პოსტზე. მოკლედ, ,,ფორუმელები“ მიდიან, ,,ოცნების“ წევრები კი რჩებიან. ამას ფოთის მოსახლეობის უმეტესობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ერთი ფოთელის განცხადების არ იყოს, მერი კი არ უნდა იმდენად ფოთს, არამედ ჯებირები ზღვის ნაპირზე, თუ გვინდა, რომ შავმა ზღვამ კაი მოზრდილა ლუკმასავით არ ჩაყლაპოს შავიზღვისპირეთის ეს საპორტო ქალაქი...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია