საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცვლილება კანონში
ვის მოეხსნება და ვის შეუნარჩუნდება დევნილის სტატუსი
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/22 12:18:03

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ კანონი“ სამართლებრივ დახვეწას ითხოვს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ კანონი ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს“, - განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ გააკეთა.

 

ინიცირებული კაკონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება დევნილის ცნება, კერძოდ, „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად -ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ  იზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას, ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის,შეიარაღებული კონფლიქტის, ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.“

 

ახალი რედაქციით განსხვავებულია არასრულწლოვანთათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი. თუ არასრულწლოვანის ორივე ან ერთი მშობელი იყო ან არის დევნილის სტატუსის მატარებელი, ამ სტატუსს მათი არასრულწლოვანი შვილიც მიიღებს, ხოლო, თუ რიგი მიზეზების გამო, არასრულწლოვანების პერიოდში ამ სტატუსით ვერ ისარგებლა, სრულწლოვანების მიღწევისას შეეძლება, რომ სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე მიიღოს.

 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთ დევნილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემწეობის სახით 22 ათასი ლარი ირიცხება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის დაფინანსება ხდება ქალაქ თბილისში 13.48 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში - არაუმეტეს 12.98 ლარის ოდენობით, ასევე სხვა კომუნალური ხარჯების დასაფარად ერთ დევნილზე ირიცხება თანხა 10 ლარის ოდენობით, სხვა რეგიონებში კი  - თანხა 5 ლარით განისაზღვრება.

 

ინიცირებული კანონპროექტით, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, დევნილთა შემწეობა 45 ლარი გახდება.


„რეგისტრაციის ადგილისა და დევნილის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიუხედავად, შემწეობის თანხა ერთნაირად 45 ლარი იქნება, რომელიც მოიცავს როგორც ელექტროენერგიის, ასევე სხვა კომუნალურების ხარჯებსაც და დევნილს შეუძლია იგი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს,“  - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ.

 

კანონის ახალი რედაქციით, შემწეობის თანხით ვერ ისარგებლებენ დევნილები, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი თვეში 1250 ლარს შეადგენს. სამინისტროს მონაცემებით, ასეთ დევნილთა რაოდენობა 6892-ია, შესაბამისად,  კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან  4 მილიონამდე ლარი გამოთავისუფლდება. ასევე, 2013 წლის 1 აგვისტოს დაწყებული დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის საფუძველზე, სტატუსი  დაახლოებით 30 000 დევნილს მოეხსნა, რაც ბიუჯეტში 16 მილიონი ლარის დანაზოგს გამოიწვევს.

 

 

თუმცა, საერთო სურათი ასეთია: დევნილთათვის შემწეობის 45 ლარამდე გაზრდა  ბიუჯეტიდან დამატებით 23 მილიონამდე ლარის გამოყოფას ითხოვს, რაც 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას უნდა იქნას გათვალისწინებული. ინიცირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. დამტკიცების შემთხვევაში, დევნილებს შემწეობა ამა წლის პირველი მარტიდან გაეზრდებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია