საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
უსუფაშვილის და სუბარის კითხვა-პასუხი მერაბიშვილის საქმეზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/18 19:26:26

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეკითხვას, ხომ არ ჯობდა, რომ ციხიდან ფარულად გაყვანის თაობაზე ვანო მერაბიშვილის ბრალდებებზე სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს საქმის გახმაურებისთანავე ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ ციხეში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ავტომატურ რეჟიმში იშლება, სუბარმა უპასუხა, რომ „პიარულად“ შესაძლოა ასე უკეთესი ყოფილიყო, თუმცა მან მიზანშეწონილად მიიჩნია ინფორმაცია მოკვლევის დასრულების შემდეგ გაემჟღავნებინა.


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ადრეც გამოთქვა უკმაყოფილება მოკვლევის გაჭიანურების გამო, შეკითხვა სოზარ სუბარს "პალიტრა-ტვ"-ის გადაცემაში დაუსვა, მას შემდეგ რაც თოქ-შოუს წამყვანმა რამდენჯერმე სთხოვა მას ეთქვა ხომ არ ჰქონდა რაიმე შეკითხვა რომელიმე მინისტრთან, შემდეგ კი დააკონკრეტა ჰქონდა თუ არა მას შეკითხვა სოზარ სუბართან მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

„ვინაიდან ამ ვიდეო ჩანაწერების არსებობა არ არსებობის თაობაზე თავიდანვე იყო ინტერესი საზოგადოების მხრიდან, ხომ არ ჯობდა  -ვეკითხები ბატონ სუბარს, თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ ტელეეთერით მივმართო, თუმცა ამას სხვა საშუალებებითაც ვახერხებ და გვაქვს კომუნიკაცია მუდმივი... ხომ არ ჯობდა ბატონო სოზარ, რომ ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ იყო უკვე წაშლილი იმიტომ, რომ სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის გვეთქვა შემდეგი 24 საათის განმავლობაში ან იმ მომენტში, როდესაც თავად მინისტრისთვის გახდა ეს ცნობილი?“- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

„დიახ, გვაქვს ეს კითხვა და ამ კითხვაში პასუხიცაა - მე მგონი, ჯობდა; ამით თავიდან ავიცილებდით ხმაურს და აურზაურს ამ თემაზე“, - განაგრძო მან და დასძინა, რომ მომხდარი „კარგი გაკვეთილია“ იმისა, რომ მომავალში „უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ იმიტომ, რომ ერთი თვის შემდეგ გვიწევს განმარტებების მიცემა“.

 

სოზარ სუბარმა 18 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას უპასუხა: „24 საათის განმავლობაში ამის [ციხიდან მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის] შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილმა ამის შესახებ მეოთხე დღეს გააკეთა განცხადება; თუმცა დავით უსუფაშვილს დავეთანხმები; მაშინვე რომ გაგვეკეთებინა განცხადება, შეიძლება  პიარულად გაცილებით უკეთესი ყოფილიყო, უბრალოდ ჩვენ დაველოდეთ როდის იქნებოდა სრული მოკვლევა; იმიტომ რომ მოკვლევა არ იყო მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება იმაზე არსებობს თუ არა ჩანაწერი. მოკვლევა გულისხმობდა სხვა ბევრ კომპონენტს“. 

 

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა 15 იანვარს, რომ მისმა სამსახურეობრივმა მოკვლევამ არ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება ზუსტად ერთი თვის წინ, 14 დეკემბერს საკნიდან მისი ფარულად გაყვანის თაობაზე. სასჯელაღსრულების სამინისტრომ თითქმის ერთთვიანი მოკვლევის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მან იმ ციხის, სადაც მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება ვერ შეძლო, ვინაიდან ამ „შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის“ და შესაბამისად, „17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა“. 23 დეკემბერს სამინისტროს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის იყო ცნობილი, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება.

 

 

უფლებადამცველმა ჯგუფებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადეს, რომ მათთვის არ არის დამაჯერებელი სუბარის უწყების მოკვლევის შედეგები და უფრო ფუნდამენტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.  



პარლამენტის თავმჯდომარემ 17 იანვარს "პალიტრა-ტვ"-ში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მისთვის „სამწუხაროდ, დამაჯერებელია ის ფაქტი, რომ პენიტენციალურ სისტემაში ვიდეო დაკვირვების სისტემა არის ცუდ მდგომარეობაში“, რადგან 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას შეიტყო, რომ მთავრობა იმ მოცემულობის გამოსასწორებლად, რომ  „პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში სხვადასხვა ტექნოლოგიაა დამონტაჟებული და სხვადასხვა ვადით ხდება ჩაწერა“,  წელს 6-7 მლნ ლარის დახარჯვას აპირებდა.

 

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ რეგულაციები, თუ რამდენ საათში იშლება ვიდეო-ჩანაწერები და როგორ იშლება, „ძირითადად, მოდის ვანო მერაბიშვილის დროიდან, მათი ხელისუფლების დროიდან“ და დასძინა, რომ სამინისტრო ამჟამად ერთიანი სისტემის შექმნაზე მუშაობს. 



იმავდროულად, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან 18 იანვარს მოწყობილ აქციაზე მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ და მისი მხარდამჭერების ჯგუფმა გააპროტესტეს მოკვლევის შედეგები ბანერებით წარწერით: "არ შეგრჩება", "მატყუარა"; და სოზარ სუბარის გადადგომა მოითხოვეს.

 

წყარო "სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია