საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
რატომ გამოუწერეს ხარაგაულის გამგებელს პრემია ქუთაისობის დღესასწაულში მონაწილეობისთვის?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/17 11:23:32

ამ წერილის დაწერა განაპირობა ე.წ. ინბოქსში მოსულმა შეტყობინებამ: ,,როლანდ, ხომ არ დაინტერესდებით მუნიციპალიტეტის პრემიების, საწვავისა და სატელეფონო ხარჯების საკითხით?“

 


 ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი საზოგადოებისთვის ადმინისტრაციების მიერ გაწეული უთავბოლო ხარჯებია. შეიძლება თქვან, რომ საქართველოში მხოლოდ ადმინისტრაციები მუშაობენ და ხარჯებიც ექნებათ, ბუნებრივიაო. თუ არაფერი მუშაობს სხვა, რად გვინდა ამდენი ადმინისტრაციული მოხელე? მილიონიან ქალაქებს არ ჰყავს იმდენი საჯარო მოხელე, რამდენიც თუნდაც ყველაზე პატარა ქართულ მუნიციპალიტეტებს.


 

ავტოპარკის,  საკომუნიკაციო, სამივლინებო ხარჯებით ნამდვილად შეგვიძლია ,,მოვიწონოთ“ თავი. თურმე, ქუთაისის ადმინისტრაციული ავტოპარკი   უფრო დიდია, ვიდრე პოზნანის (დამეგობრებული ქალაქებია და პოზნანის მოსახლეობა რამდენჯერმე აღემატება ქუთაისისას). ადგილობრივი თვითმმართველობები ,,ზემოთებს“ ბაძავენ და ხარჯებს არ ერიდებიან. თან მშვენივრად იმართლებენ თავს: ბიუჯეტი ითვალისწინებსო.

 

 

მართალია,  დავით უსუფაშვილმა ბრძანა, რომ პრემიების შეფუთული სახით გაცემაზე უარი უნდა ვთქვათო, მაგრამ არც არაფერი იფუთება და თუ ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას თავს დავუქნევთ, ,,ნაციონალებისგან“ ეს პრემიომანია ინერციით გადაეცა ,,ოცნებას“. (ეს აღნიშნა კიდეც პრემიერმა ღარიბაშვილმა: ინერციით გადმოეცა ახალ ხელისუფლებასო. კიდევ კარგი, ინერციით არ წამოვიდა ,,ცოცხების ტრადიცია“ ციხეებში, ,,ატკატები“ საგადასახადო სისტემასა და თავდაცვის სისტემაში კიდევ სამხედრო პირების ღირსების სახალხო-საეთეროდ აყრა).

 

 

მკითხველს მინდა, გავაცნო ჯერ ქუთაისში არსებული სატელეფონო ხარჯები, შემდეგ კი იმერეთის ერთი მუნიციპალიტეტის, ხარაგაულის, პრემიების, სატელეფონო და საწვავის ხარჯების  საკითხი.

 


ქუთაისის  მერიასა და ტერიტორიული მართვის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომლებს სატელეფონო მომსახურების თანხებს ყოველთვიურად უნაზღაურებს თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაც ადმინისტრაციული ხარჯების არცთუ უმნიშვნელო ნაწილია. ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  თანამშრომლებს ბალანსზე ლიმიტირებული თანხა ერიცხება. ლიმიტი სამსახურების მიხედვით განსხვავებულია.

 

 

ტრანსპორტის სამსახურის უფროსს 80 ლარი ერიცხება (ეს მაქსიმალურია სამსახურის უფროსებს შორის), ხოლო ამავე სამსახურის  დანარჩენ შვიდ თანამშრომელს_10-10 ლარი. ქუთაისში შემავალი ყველა მუნიციპალური ერთეული ერთსა და იმავე თანხას, 60 ლარს, ირიცხავს, ოღონდ 12 მუნიციპალიტეტიდან ოთხია გამორჩეული და ამ ერთეულის პირველი პირების ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ (დანარჩენებთან გადანაწილებულია).

 

 

რაც შეეხება მუდმივად მერნაცვლობაში მყოფი ქალაქის უმაღლეს პირებს, საინტერესო თანხის გადანაწილებაა სატელეფონო ხარჯებისთვის: სამ ვიცემერს თვეში ას-ასი ლარი, მხოლოდ მეოთხეს, ინფრასტრუქტურის ,,შეფს“,  აქვს 200 ლარი. ისე,  კი უნდა აღვნიშნოთ პოზიტივიც!იმდენი იხმაურა ყოფილმა ვიცემერმა დანიშვნამდე და დანიშვნის მერეც, რომ სატელეფონო ლიმიტი ზოგს გაუნახევრდა, ზოგსაც_გაუუქმდა. 1110 ლარიდან მერიის ადმინისტრაციის სატელეფონო ხარჯები 680 ლარამდე დაუყვანია და 5160 ლარიანი ეკონომიაც გაკეთდა (სხვათაშორის, ეს ის თანხაა, რომელიც ბევრ დასაქმებულს წლიურად რომ არ აქვს).

 

 

ჩემს მეგობარ ჟურნალისტს დააინტერესა და გამოიკვლია, რომ ქუთაისის მერიის და 12 მუნიციპალიტეტის წლიური ხარჯი სატელეფონო კომუნიკაციებისათვის 43 ათასს აჭარბებს, საინტერესო უკვე აღარ არის ამ საუბრების შინაარსი, თუ გრძელი სიტყვის მოკლედ თქმას ისევ აქვს ფასი.

 

 

ავთოს პრადოს, ირინეს მაკბუკისა და ტელეფონის შემდეგ, რაღა უნდა გაუკვირდეს საქართველოში ვინმეს, მაგრამ რახან ქუთაისზე ვსაუბრობდით, მასზე ,,მივაბათ“ ხარაგაულის ერთი პრემიის ამბავიც.

 

 

როგორც ტრადიცია, უკვე ათწლეულებია, ქუთაისში 2 მაისს ტარდება ქუთაისობა, ანუ ორმაისობა, იგივე გვირილობა. ამ დღესასწაულს ასეთი საფუძველი ჰქონია: ადრე, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხალისე ქალბატონები ქუჩებში გვირილებს ჰყიდდნენ და შემოსული თანხით ტუბერკულოზიანებს ეხმარებოდნენ. ახლა კი, ბოლო წლებია, ქუთაისობას, ისევე როგორც სხვა ,,ქალაქობებს“, სანახაობით-გურმანული დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე – საქველმოქმედო.

 

 

კარგა ხნის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ტელეფონით დავეკითხე, თქვენი გამგეობის საშტატო განრიგი რატომ გაიზარდა, საქმემ და საკეთებელმა მოიმატა, თუ რა ხდება-მეთქი? რაც კეთდებოდა, ისიც შეჩერდაო, რომ არ დავეთანხმოთ გამგეობას, საბოტაჟში დაგვადანაშაულებენო. სწორედ აქიდან გამომდინარე, გადავავლოთ თვალი შემდეგ ბრძანებას (#1-03/136): ქუთაისქალაქობა – ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ფულადი ჯილდოს     გაცემის შესახებ.

 

 

     ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 ივნისის #01-23/1428 მომართვის საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ქუთაის ქალაქობა– ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის  მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩხეიძეს მიეცეთ  ფულადი ჯილდო  თითოეულს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.      

2.ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული

  კოდექსის 180–ე მუხლით დადგენილი წესით.

ბრძანებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი.

 

 


გულწრფელად ვკითხულობ, ნუთუ არ შეიძლებოდა რაღაც სხვა საფუძველი გამონახულიყო იმისათვის, რომ პრემია გამოწერილიყო გამგებელსა და მის მოადგილეზე?

 

ხელთ მაქვს 13 თუ 14 ფაილი, რომელიც ხარაგაულის ადმინისტრაციაზე პრემიების გაცემას მიდასტურებს 1 წლის განმავლობაში, მათ შორის, თავად საკრებულოს წევრებზეც. ერთ-ერთი ბრძანების მიხედვით, საკრებულოს საჯარო მოხელეებს მიეცათ პრემია და ჩამონათვალში, არც მეტი, არც ნაკლები, პირადი მდივანი, მძღოლი და დამლაგებლებიც მოხსენებულია. ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი დამლაგებელი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ზოგიერთი საკრებულოს წევრი, მაგრამ დოკუმენტაციის წარმოება მაინც უნდა შეძლონ ისე, რომ საქილიკო არ გახდეს სადაოსთან ერთად.

 


 ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ პრემია იმ შემთხვევაში უნდა გამოიწეროს, როცა ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მოხელე, არადა, ხარაგაულის ერთ სოფელში (ლაშის იგორეთში) გზა ისევ გაუთოვლავია, ხოლო სარგვეშში ,,ფინალში“ გაიტანეს ტრაქტორით კვალი. გზის გათოვლის დროს თუ გამოიწერენ პრემიას, კიდევ არა უშავს, ეს ორმაისობას გამოწერილი პრემია თვალსა და ყურს ცუდად ხვდება.

 


ხელთ მაქვს რამდენიმე  ბრძანების ასლი, რომელსაც ბატონი აკაკი ან მისი მოადგილე აწერს ხელს სწორედ პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით. წყარო, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, მანვე დასძინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თითქმის ყოველთვიურად იხარჯება ერთი ტონა საწვავი მაინც!  იმის კალკულაცია არავის გაუჭირდება, რომ მხოლოდ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის ოთხწლიანი ,,მეუფება“ რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს. დავამატოთ კორპორაციული სატელეფონო ხარჯები (150 ლარი კიდევ დამატებით მასზე მუნიციპალიტეტის პირველ ორ პირზე) და ამის მერე სამივლინებო თანხების შესახებ აღარ გვინდა საუბარი!


 

 სამწუხაროა, რომ ასეთი უთავბოლო ხარჯი მხოლოდ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არ ხდება, თორემ მოვითმენდით როგორმე. საჩხერის საკრებულოს ყველა წევრს, რომელთაც არ აქვთ ფრაქციის (ან კომისიის) ხელმძღვანელის ფუნქცია, მაინც აქვთ 400 ლარიანი ანაზღაურება, აქაოდა, ამომრჩევლებთან საკომუნიკაციოდ! აქვს საკრებულოს ამის უფლება და რას ვიზამთ?!

 


 კიდევ 5 თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენ ათას ლარს ,,წასძვრება“ თავი პრემიებში, მივლინებებსა და სატელეფონო კომუნიკაციებში!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია