დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/15 11:38:26
თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ისტორიული შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს. 

არ არის გამორიცხული, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების მიზნით მმართველმა გუნდმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, შეცვლის პერსპექტივა ჯერ არ აქვს.

როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ ვარიანტად რუსთაველის #8-ის ქუთაისისთვის მიკუთვნება განიხილება. 
აღნიშნულ თემაზე ღიად საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რომლის განმარტებითაც, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აპრობირებულია, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში. ტყემალაძის თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის ასეთი სქემის გამოყენება პირადად მისი იდეაა. 

"პირველ რიგში გეტყვით, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა არა მხოლოდ მმართველი უმრავლესობის, არამედ პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობის სურვილია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს აკვიატება უშლით ხელს, რომ შესაბამისს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. ეს იყო აკვიატებული იდეა, აკვიატებული აზრი, როცა ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენეს და კონსტიტუციაში განახორციელეს ცვლილებები, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელად ჯერ თბილისი და ქუთაისი განისაზღვრა, შემდეგ ცვლილებები ისევ განხორციელდა და მხოლოდ ქალაქი ქუთაისი ჩაიწერა.
მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის შენობაც ისე დაპროექტდა, რომ პარლამენტი უნდა ყოფილიყო როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. გარდა ამისა, პარლამენტის ბალანსზეა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა და მის ბალანსზე არ არის ქუთაისში მდებარე შენობა. ეს ასეა არა იმიტომ, რომ პარლამენტს ამის სურვილი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო კომისიას ქუთაისში მდებარე შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვარღვევთ ყოველგვარ კანონს და ექსპლუატაციას იმ შენობას ვუწევთ, რომელიც არ არის არა თუ პარლამენტის, არამედ არ არის სახელმწიფო ქონება და შესაბამისი აქტით მისი ექსპლუატაციაში მიღება დადასტურებული არ არის. პარადოქსია, რომ პარლამენტი მუშაობს ქუთაისში და შენობა პარლამენტს არ ეკუთვნის, ხოლო თბილისში არის პარლამენტის შენობა, რომელიც ეკუთვნის პარლამენტს და იქ ვერ ვმუშაობთ.
დავარქვათ ამ შენობის ტერიტორიას ქუთაისის ნაწილი. მაგალითად, გუდაური ჩვენს წინა ხელისუფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიკუთვნებული ჰქონდა თბილისისთვის – გუდაური არ იყო თბილისში, მაგრამ თბილისი იყო. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც საელჩოები, რომელთა ზღურბლსაც რომ გადალახავ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ. არიან ქვეყნები, რომლებიც ერთ ქალაქში არიან განთავსებული, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ასეთი ბევრი მაგალითია.
თბილისში მდებარე შენობა შეიძლება იყოს ქუთაისის გამგეობაში, ხოლო ის ერთი ჰექტარი მიწა, რომელზეც განთავსებულია ეს შენობა, ქუთაისის ტერიტორია და შევალთთუ არ იქ, შევალთ ქუთაისში. ასეთია პირადად ჩემი მოსაზრება, რომელიც შეიძლება საზოგადოებამაც განსაჯოს – ზოგმა შეიძლება ხუმრობაშიც ჩამითვალოს, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც ნახევარი მართალი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ. 

დღეს საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ხოლო ადგილსამყოფელის შეცვლა დასაშვებია დროებით - მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. მმართველი უმრავლესობა წელიწადზე მეტია, კონსტიტუციიდან აღნიშნული მუხლის ამოღებას ცდილობს, თუმცა ხმების არასაკმარისობის გამო ეს ვერც 2/3-იანი კვორუმის პირობებში შესძლო და მით უფრო სირთულეს წარმოადგენს ახლა, როცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 სჭირდება და თან გართულდა კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. 

იმავდროულად, თბილისში მდებარე პარლამენტში რამდენიმე თვეა, სასესიო და საკომიტეტო სხდომათა დარბაზების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, ქუთაისიდან თბილისში ინვენტარის ნაწილი გადმოიტანეს, ავეჯის ნაწილის შესაძენად ჩატარდა ტენდერი და შენობა სავარაუდოდ მარტისთვის სამუშაოდ მზად იქნება. 

პარლამენტის თბილისში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრისას, მმართველ უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტი თავდაპირველად იმუშავებს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. კერძოდ კი, ქუთაისში დეპუტატები მხოლოდ პლენარული სხდომებისთვის ჩავლენ, ხოლო საკომიტეტო სხდომები თბილისში გაიმართება და სავარაუდოდ, მას გასვლითი სხდომები დაერქმევა, რის შესაძლებლობასაც პარლამენტის რეგლამენტი იძლევა.
 
ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გასული წლის ბოლოს გააკეთა. მან თქვა, რომ "კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია, რომ თბილისში პარლამენტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს", თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და ამ კონტექსტში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საკითხი სამართლებრივი კუთხით სარემონტო სამუშაობის დასრულების კვალდაკვალ გადაწყდება და გახდება ცნობილი. 

"რუსთაველზე მდებარე შენობის იმ კონდიციამდე მისაყვანად, რომ იქ მუშაობა შესაძლებელი გახდეს, სამუშაოები გრძელდება და დამამთავრებელ ეტაპზეა. ძირითადად ტექნიკური საკითხებია დარჩენილი, მიმდინარეობს დარბაზების მოწყობა. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში სამუშაოები დასრულდება. ამ დროიდან გვექნება კონკრეტული გეგმა და კონკრეტული პასუხები იმაზე, რა რეჟიმით ვუმუშავებთ.
საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც გვქონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მარტშივე შევა, რადგან ახალი მოდელის მიხედვით, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება მარტში დაიწყება, ყველაზე ახლოს სექტემბერში დასრულდება, მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც არის შესაძლებელი, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ჩვენი მუშაობა თბილისში.
დეტალებზე ახლა არ და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაობის დასრულების კვალობაზე მოვახსენებ საზოგადოებას ძალიან კონკრეტულ სქემას იმის თაობაზე, თუ როგორ გააგრძელებს პარლამეტი მუშაობას. ცხადია, ეს იქნება კონსტიტიციის და საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში. არ ვაპირებთ კონსტიტუციის მიღმა გასვლას, მაგრამ არც იმას ვაპირებთ, რომ ვიყოთ "ნაციონალური მოძრაობის" ახირების მძევალი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
წყარო "ინტერპრესნიუსი"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია