საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობა
სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისის საბადოს დასაცავად საპროტესტო აქციებს გეგმავს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/15 10:23:58

 

 სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენლები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და  ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საყდრის–ყაჩაღიანის სამთო–არქეოლოგიური ძეგლის   განადგურების შესახებ განაცხადეს და მოუწოდეს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შეაჩერონ იქ მიმდინარე სამუშაოები. თუ ეს არ მოხდება უმოკლეს ვადაში,  მაშინ სტუდენტური მოძრაობა  საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

თუ რა ღირებულება აქვს კულტურული მემკვირეობის ამ ძეგლს, ამის შესახებ მოკლე პრეისტორიას გაგაცნობთ:                     

საყდრის–ყაჩაღიანი სამთო–არქეოლოგიური მაღარო  წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას, რომელიც თარიღდება ძვ.წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მიწურულით. თარიღი მიღბულია რადიონახშირბადის  მეთოდით ბოხუმის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

 

ამასვე ადასტურებს მაღაროში აღმოჩენილი 10 000–მდე სხვადასხვა ტიპის ქვის უროები და ბრინჯაოს პერიოდის კერამიკა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია  ბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარი და ურუქული პერიოდის კერამიკა, რაც მეტყველებს მესოპოტამიასა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურებს შორის კავშირზე.

 


2006 წელს მაღაროს მიენიჭა  კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, რომელიც  2013 წელს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მოეხსნა. მიუხედავად გერმანიიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმებისა, რომ საყდრისის მაღაროს საკითხს შეისწავლიდა საერთაშორისო სამეცნიერო კომისია, შობა დღეს კომპანია RMG Gold-მა კრიმინალურად, საყდრისის უძველესი მაღაროს განადგურება დაიწყო.

 

სახელმწიფო სტრუქტურები ახდენენ შესაბამის რეაგირებას, კულტ სამინისტროს წარმომადგენლებს  კომპანიის მესევურებ დღემდე არ უშვებენ მაღაროს ტერიტორიაზე და წერილობითი გაფრთხილებების მიუხედავად, ნებართვის გარეშე აგრძელებენ ძეგლის განადგურებას.  

 


შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG Gold-მა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები გაანადგურა ზოგიერთი ფსევდო არქეოლოგიური ასოციაციის დახმარებით და გამოსატუტი მოედანი უნებართვოდ, კანონდარღვევით ააშენა, ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტერიტორიაზე, დარღვევების მიუხედავად, არ ხორციელდებოდა მშენებლობა და მხოლოდ 4 გამოსატუტი მოედანი არსებობს.

 


 სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტის წევრები ძეგლის გადასარჩენად იბრძვიან და შემდეგ კომენტარს აკეთებენ:


 

სალომე ჭანტურიძე ( სტუდენტური  მოძრაობა მწვანე მუშტის წარმომადგენელი)

_ 2013 წელს  ძეგლს სტატუსი მოუხსნეს,  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოძრაობა დიდი  ხანია აპროტესტებს ძეგლის  სტატუსის მოხსნას და ძეგლის   შენარჩუნებას ითხოვს.  ამ საქმეში გერმანიის მუზეუმიცაა ჩართული. 9 დეკემბერს  გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის დიპლომარიურ კორპუსის წარმომადგენელს  შეხვდა და შეთანხმდნენ იმაზე, რომ სანამ არ გაირკვეოდა ძეგლის სტატუსი, მანამდე ძეგლს ხელს არ ახლებდნენ.

 


შეთანხმების მიუხედავად,  ენერჯი–გოლდის კომპანიის წარმომადგენლები    ტრაქტორებით მიადგნენ  საბადოს  და დაიწყეს  ოქროს მოპოვება.  კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ მაღაროს ტერიტორიაზე, თუმცა მინისტრის მოადგილე იქ  არ შეუშვეს , ასე გაგრძელდა  8 და  10 აინვარს.

 

მაღარო ამჟამად ჩამონგრეული, ხოლო  ძეგლი კი,  უმძიმეს მდგომარეობაშია. მოვითხოვთ,  სასწრაფოდ შეჩერდეს    მაღაროში სამუშაოები, რადგანაც ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ კულტურის და ძეგლთა დაცვის, გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რეალურად დაიცვან კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც ძვ.წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულით თარიღდება.

 


ნიკა წიქარიძე (მოძრაობა მწვანე მუშტის წარმოამდგენელი)

_ დღეს  საყდრის–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლი ნახევრად დანგრეულია. ამაში,  პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს,  შემდეგ  გარემოს დაცვის სამინისტროს ვადანაშაულებთ.  ძეგლის გვერდით, აპოლოს ხეობაში ნაპოვნია მესოპოტამიური კულტურის ნაშთები და ანტიკური ხანის ძეგლები,ნამოსახლარები, დღეს ეს ყველაფერი განადგურებულია.

 


იმ ადგილებში, სადაც ოქროს მოპოვების ნებართვა არ აქვთ, ოქროს  მომპოვებელი მოედნებია აშენებული. მიმდებარე  ტერიტორიაზე მომწამლელი ნივთიერება ციანიდია გაბნეული, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის აქ მცხოვრებ ადამიანებს.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია მშენებლობის შესაჩერებლად    უსუსურია. მართალია, გარემოს დაცვის  მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე შეგვპირდა, რომ   რეაგირებას მოახდენდა და შეაჩერებდნენ სამუშაოებს, მაგრამ ასე არ მოხდა.  ჩვენი მოძრაობის წევრები  ადგილზე ჩავედით, მაგრამ  შიგნით  არ შეგვიშვეს. მოვუწოდებთ, გარემოს დაცვის სამინისტროს, სასწრაფო მიიღოს ზომები და შეაჩეროს სამუშაოები.

 


ველოდები კულტურის, გარემოს დაცვის სამინისტროს და პროკურატურის რეაგირებას, თუ   არ მოხდება  საბადოში სამუშაოების შეჩერება,  მაშინ, ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლები,  ადგილზე ჩავალთ და გავაპროტესტებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტს.

 


 იმედია,  გარემოსა და კულტურის დაცვის სამინისტროები დროულად მიიღებენ გადამჭრელ ზომებს და არ დაუშვებენ  უძველესი კულტურის ძეგლის განადგურებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია