დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
C ვირუსის წინააღმდეგ
როგორ ჩავერთოთ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/13 17:38:30

რამდენიმე დღეა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად  ც ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყო.

 

 ამ პროგრამის შედეგად C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა შეღავათიან ფასად შესაძლებელი იქნება 2014 წლის 1 ივლისიდან. პირველ ეტაპზე 1 ივლისისათვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეული, რაც საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად.

 

1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში - მცოცავი გრაფიკის პრინციპით - რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტ მარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.

საერთოდ კი, როგორი იქნება ეს პროგრამა, რა პერიოდში განხორციელდება, ვინ იქნებიან მისი ბენეფიციარები და როგორი იქნება მედიკამენტების ფასები, ამ საკითხებზე psnews.ge შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ესაუბრა:

   

 

დავით სერგეენკო (ჯანდაცვის მინისტრი):

–როგორც იცით, პროექტი  განხორციელდება როგორც პატიმრების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის.  პატიმრებისთვის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასო იქნება, ხოლო ამ ეტაპზე 10000 მოქალაქისათვის მედიკამენტებზე  ფასები 60%–ით  გაიაფდება და არსებულთან შედარებით, ბევრად დაბალი იქნება.  არსებული  საბაზრო ფასი დღეს 280 ლარია,  შესაძლებელი იქნება იგივე მედიკამენტის შეძენა 158 ლარად, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა, დანარჩენი 40% უნდა გადაიხადოს პაციენტმა.  საქართველო  ეგვიპტის შემდეგ  მეორე ქვეყანაა, სადაც ამ მედიკამენტებზე ფასები ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისათვის.

 


_ როდის დაიწყება რეგისტრაცია სამოქალაქო სექტორის პაციენტთათვის?

სამოქალაქო სექტორში ც ჰეპატიტის პროგრამით ისარგებლებს 10 ათასამდე პაციენტი, მათი რეგისტრაცია დაიწყება 1 თებერვლიდან.  ამ     პროექტის ფარგლებში  შეღავათიანი მედიკამენტებით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და  დროებით მაცხოვრებლები, ისინი, ვისაც აქვთ დადასტურებული დიაგნოზი. ეს კრიტერიუმი აუცილებელია იმიტომ, რომ იმდენად მიმზიდველია  ც ჰეპატიტის  მედიკამენტების ფასები, რომ არსებობს საშიშროება, ის გადაიყიდოს სხვა რეგიონში.

 


როგორც ცნობილია,  სასჯელაღსრულებით დაწესებულებეში  1000–მდე პაციენტი ისარგებლებს. თუ უფრო მეტ პაციენტს დასჭირდება მკურნალობა, მაშინ  შესაძლოა გაიზარდოს მათი რაოდენობა?

_ ამის შესახებ სასჯელასრულების მინისტრი სოზარ სუბარი მოგახსენებთ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ეს  პროექტი არ იქნება მაინცდამაინც ლიმიტირებული და საჭიროების მიხედვით განხორციელდება. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, 10 000 პაციენტისათვის შეღავათი, ეს არის ის რაოდენობა,  რაც პროექტის ფარგლებში მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ, თუმცა ეს არ გახლავთ ზღვარი, ეს პროგრამა შესაძლოა გაგრძლდეს კიდევაც.

 

 


 სოზარ სუბარი (სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი):

_ერთი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ მიგვეღწია სასჯელაღრულებით დაწესებულებაში ც ჰეპატიტით დაავადებულტათვის შეგვეტანა უფასო  მედიკამენტები. რომ არ ყოფილიყო შეთანხმება ფინანასა და ეკონომიკის მინისტრებთან და სხვადასხვა კომპანიებთან, ვერ შევძლებდით ამ პროგრამის ამოქმედებას. ფაქტობრივად, დღეისათვის დაწყებულია  პაციენტების სკრინინგი,  1 მარტიდან ც ჰეპატიტის  სამკურნალო მედიკამენტები  1000–მდე პატიმარს უფასოდ მიეცემა, 5 000 პატიმრის ბ ჰეპატიტზე აცრა მოხდება,   ხოლო 12 ათასს ჩაუტარდება უფასო გამოკვლევა.  10 000–მდე პაციენტს კი სამოქალაქო სექტორში 92 აშშ დოლარად მიეწოდება მედიკამენტი. მკურნალობის ერთი კურსი 13 ათასი ლარია, დღეს კი  ამ პროგრამის ფარგლებში 4 ათასი ლარი იქნება. ც ჰეპატიტის პროგრამა  2015 წლამდე გაგრძელდება.

 


 

 მარიამ ჯაში ( ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე):

 

_ რა კატეგორიის პაციენტებზე გავრცელდება ფასდაკლება, სოციალურად დაუცველებზე?

_ არა,  მთავარი მოთხოვნა  ც ჰეატიტის პროგრამაში ჩასართავად იქნება ც ჰეპატიტზე კვლევის დადასტურებული დიაგნოზი, სამინიტროში წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბაზა და კომისიური  წესით მოხდება პაციენტების შეფასება, ნამდვილად ეკუთვნით თუ  არა მკურნალობა და ყოველივე ამის შემდეგ განხორციელდება  ფასდაკლება.

 


_ ცნობილია, რომ საქართველოში ც ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 200000ადამიანია და რატომ მაინცდამიანც 10 ათასი პაციენტი აირჩიეთ?

_ ეს ციფრი შეჯერდა ექსპერტებთან და სპეციალისტებთან.  ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, დღეისათვის 400 ადამიანი მკურნალობს საკუთარი ხარჯებით და ამ გათვლებზე დაყრდნობით 10 000 პაციენტი ორი წლის განმავლობაში არის ის რაოდენობა, რომლისთვისაც საკმარისი იქნება ამ პროგრამის ფარგლებში მკურნალობა 2 წლის განმავლობაში.

 


როგორ ფიქრობთ, შედეგი რამდენად ეფექტური იქნება?

_ შედეგი იქნება ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველო ევროპის რეგიონში ხდება პირველი ქვეყანა ამ კუთხით და მსოფლიოში კი ეგვიპტის შემდგომ მეორე ქვეყანა, რომელიც აფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს. გამომდინარე აქედან, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს დიდი რეზონანსი, როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონში.

 


_ თუ ც ჰეპატიტით დაავადებულ 10 000–ზე მეტ ადამიანს დასჭირდება ამ მედიკამენტებით მკურნალობა,  გაააგრძელებთ ც ჰეპატიტის პროგრამას?

_ სავარაუდო ციფრი იმ პაციენტებისა, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა ამ მედიკამენტებით (იგულისხმება ინტერფერონი და რიბავერინი), დაავადებულთა  40–45 %–ია, მაგრამ ექიმ–ინფექციონისტებთან გასაუბრების შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 10 000 პაციენტს სჭირდება მკურნალობა. შემდგომში კი ეს ციფრი შეიძლება, გაიზარდოს კიდევაც.  ჯერჯერობით პროგრამა 2015 წლამდეა გათვალისწინებული. მაგრამ  თუ  საინფორმაციო ბაზაში პაციენტების რიცხვი 10 000–ს გადააჭარბებს, მაშინ ც ჰეპატიტის პროგრამის გაგრძელებაზეც ვისაუბრებთ.

 

***

აქვე გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (კითხვა–პასუხის ფორმით), რომელიც მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის ამ პროგრამის ყველა ნიუანსზე. მათ შორის, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციებსა თუ იმ აფთიაქების მიასამართებზე, სადაც შესაძლებელი იქნება წამლის შეძენა.

 

ჰეპატიტის სამკურნალო ღონისძიებების უზრუნველყოფა

 

 

1. რას მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ჰეპატიტის სამკურნალო ღონისძიებების უზრუნველყოფა?

  •   პროგრამა მოიცავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას (პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით) და სამოქალაქო სექტორის 10000 ბენეფიციარისათვის C  ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასის გავრცელებას.

 

2. რამდენ ბენეფიციარს მოემსახურება ეს პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

  •   პროგრამა გათვლილია 1000 ბენეფიციარზე 2 წლის განმავლობაში.

 

3.როდის დაიწყება მედიკამენტების გაცემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

  •   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ვირუსზე გამოკვლევის შემდეგ პაციენტთა მკურნალობას გულისხმობს, მსჯავრდებულთა ჩართვა  სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყება.

 

4.  რას გულისხმობს სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარებისათვის ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე არსებული შეღავათი?

  •   C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე არსებული შეღავათი გულისხმობს, რომ 2014-2015 წლებში სამოქალაქო სექტორის 10000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის (1 ამპულა პეგილირებული ინტერფერონისა და 1 კოლოფი რიბავირინის)  ღირებულება შეადგენს 92,88 (ოთხმოცდათორმეტი აშშ დოლარი და 88 ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე პეგილირებული ინტერფერონის ფასზე 60%-ით ნაკლებია.

 

5. ვის შეუძლია არსებული შეღავათით სარგებლობა?

 

  •   C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე არსებული შეღავათით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებმა, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა, გარდა იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებული პირებისა, რომლებიც გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის მკურნალობას უფასოდ.

 

 

6. როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა მედიკამენტი ფასდაკლებით?

 

  •   შეღავათით სარგებლობის უფლების მისაღებად:

 

ა)პაციენტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რისთვისაც პაციენტმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან სააგენტოს და წარადგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია.

 

ბ)დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი;

 

გ) თანხმობის წერილი, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, პაციენტის ან მისი ნდoბით არჭურვილი პირის მიერ წარედგინება აფთიაქს, რომელიც გასცემს პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტს.

 

7. რა დოკუმენტაციაა  აუცილებელი რეგისტრაციისათვის?

  •   რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარმოდგენა.

 

  •   ფორმა NIV-100/ა გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ნებართვის მქონე ამბულატორიული ან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიერ და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დიაგნოზის, ჩატარებული კვლევების, მათი შედეგების  და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ.

 

  •   ფორმა NIV-100/ა-ში მითითებული მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტების ნაკრები უნდა მოიცავდეს C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) რნმ-ის თვისობრივ, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევებს და მათ შედეგებს, ასევე, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელ სხვა გამოკვლევებს მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

8. როდის დაიწყება პაციენტთა რეგისტრაცია?

  •   პაციენტთა  რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 1 თებერვლიდან.

 

9. როდის გახდება შესალებელი მედიკამენტის შესყიდვა ფასდაკლებით?

  •  C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა შეღავათიან ფასად შესაძლებელი იქნება 2014 წლის 1 ივლისიდან. პირველ ეტაპზე 1 ივლისისათვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეული, რაც საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში - მცოცავი გრაფიკის პრინციპით - რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტ მარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.

 

 

10. როგორ გაიცემა თანხმობის წერილი?

  •   პაციენტის რეგისტრაციის შემდეგ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კვლევების სრული ნაკრების შედეგებით, განიხილება კომისიური წესით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ექსპერტ-ინფექციონისტებით, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტისა და სააგენტოს თანამშრომლებით და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებით.

 

  •   საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ეცნობება დამატებითი კვლევის შედეგების წარმოდგენის  აუცილებლობის თაობაზე.

 

  •   კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ხორციელდება თანხმობის წერილის გაცემა და პაციენტის ჩართვა პროგრამის მონაცემთა ბაზაში. 

 

11. რა საბუთებია საჭირო მედიკამენტის შეღავათიან ფასად შესაძენად?

  •   მედიკამენტის ფასდაკლებით შესაძენად, პაციენტმა, ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აფთიაქში უნდა წარადგინოს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის წერილი (წერილის აღებიდან 7 დღის ვადაში), პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დაწესებულების ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი.

 

12. სად შეიძლება მედიკამენტის შეძენა?

  •   მედიკამენტის შეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ აფთიაქებში:

1)        თბილისი   იოსებიძის ქ. N60   ტელ: 2-38-87-9   აფთიაქი PSP N 39

2)     ქუთაისი  ბროსეს ქ. N5    ტელ: (0-431) 25-04-10 აფთიაქი PSP N 11

3)     ბათუმი   ი. გოგებაშვილის N32  ტელ: (0-422) 22-45-86  აფთიაქი PSP N 14

 

 

 

13. ვინ არის მედიკამენტის მწარმოებელი?

  •   თავად მედიკამენტი წარმოებულია  კომპანია F. Hoffmann - La Roche ( Basel, შვეიცარია) მიერ, ხოლო  პროდუქტის მწარმოებელი - მეორეული შეფუთვის დონეზე  არის საქართველოში მოქმედი კომპანია GM Pharmaceuticals.   

 

14. ერთდროულად რა რაოდენობის მედიკამეტის შეძენა შეიძლება?

  •   აფთიაქი ბენეფიციარზე გასცემს მედიკამენტის არაუმეტეს ერთი თვის სამყოფ რაოდენობას.

 

15. საჭიროა თუ არა  ფორმა NIV-100/ა  მონაცემების განახლება მკურნალობის დაწყების შემდეგ?

 

მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის ვადაზე პაციენტმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს მკურნალი ექიმის მიერ გაცემული განახლებული ფორმა NIV -100/ა, მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობის დადასტურებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია