დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ურბანული დაგეგმარება
დედაქალაქში "ხრუშოვკების" დანგრევისთვის ემზადებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/11 12:03:51

დედაქალაქში "ხრუშოვკების" დანგრევისა და ახალი კორპუსების აშენებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.


თბილისის მასშტაბით 600-მდე მრავალსართულიანი ავარიული კორპუსია. ცალკე განხილვის თემაა კერძო სექტორი და იტალიური ეზოები. ავარიული შენობების ნაწილი აღდგენა-რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. მაგალითად, ე.წ. "ხრუშჩოვკების" ექსპლუატაციის ვადა 40-50 წელს შეადგენს. მათ დიდ ნაწილს ეს დრო გასული აქვს.

 

დედაქალაქში 4-5 სართულიანი " ხრუშჩოვკები" საკმაოდ ბევრია, მსგავსი ტიპის შენობები ძირითადად ვარკეთილში, დიღომში, საბურთალოზე გვხვდება. თბილისის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი "ხრუშჩოვკის" მობინადრეებს კარგად ახსოვთ წლების განმავლობაში, მით უფრო, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებები," ხრუშჩოვკების" დანგრევისა და მათ ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების თაობაზე.



2014 წელსაც თემა კვლავ აქტუალურია. წელს ერთ-ერთ პრიორიტეტად ავარიული კორპუსების გამაგრება სახელდება. წლის ბოლომდე 135 კორპუსის გამაგრება იგეგმება. თუმცა ამის პარალელურად, დედაქალაქის საკრებულო ჩეხურ, არაბულ და ჩინურ კომპანიებთან ერთად "ხრუშჩოვკების" დანგრევისა და მათ ადგილას ახალი კორპუსების აშენების პროექტზე მუშაობს.

 

 

გარდა ამისა, ჩეხ, არაბ, ჩინელ და ქართველ არქიტექტორებთან და ურბანისტებთან კონსულტაციები ადგილობრივი მოსახლეობის დაკმაყოფილებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ინვესტორის დაინტერესების ფორმებზე მიმდინარეობს. მიმართულების მოდელი, სავარაუდოდ თვენახევარში, ორ თვეში დაიდება.

 



როგორც დედაქალაქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილმა განაცხადა, ნაადრევია საუბარი, ვინ დაანგრევს "ხრუშჩოვკებს" ან რომელი კომპანია ააშენებს მათ ნაცვლად ახალ საცხოვრებელ ბინებს. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დანგრეული "ხრუშჩოვკების" ადგილას, მრავალსართულიანი საცხოვებელი კორპუსები აშენდება, სადაც პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა შესახლდება. 

 



ამასთან, პროექტზე მუშაობის პროცესში, ვარკეთილში, აეროპორტის ტრასის მიმართულებით, სადაც ექსპლოატაციის ვადაგასული 80 "ხრუშჩოვკაა" განთავსებული, რელიეფის, გეოლოგიის, გეოდეზიის, არსებული ინფრასტრუქტურის, ოჯახების რაოდენობის შესწავლა და საპილოტე პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. 

 



ვინ და სად უზრუნველყოფს მოსახლეობის ქირით გაყვანას "ხრუშჩოვკების" დანგრევის შემთხვევაში, ამაზე საუბარი საკრებულოში ნაადრევად მიაჩნიათ, თუმცა ამბობენ, რომ "ქუჩაში არავინ არავის არ დატოვებს". მათივე ინფორმაციით, პროექტის მომზადების შემდეგ, ათასობით ოჯახთან ინდივიდუალური საუბრები გაიმართება. 



რაც შეეხება პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობას, როგორც საკრებულოში აცხადებენ, თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს პროცესში, მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობის ქირით გაყვანა, პროექტების შეთანხმების დროს მხარდაჭერა, კომუნიკაციების მიყვანა და კორპუსების გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 



"ხრუშჩოვკებში" ჭერი ძირითადად 2,5 მეტრს არ აღემატებოდა. ადვილად დასანგრევი "ხრუშჩოვკების" სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ექსპლოატაციაშია, რაც მის მაცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის. ე.წ. "მყარი" "ხრუშჩოვკების" სერია კი 50 წელზე იყო გათვლილი.

 



თბილისში, "ხრუშჩოვკების" დანგრევისა და მათ ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენების პროექტზე მომუშავე პირები ამბობენ, რომ საკითხი არც ისე შორეული პერსპექტივაა და დედაქალაქში "ხრუშჩოვკების" დანგრევა შესაძლოა წლის ბოლომდე დაიწყოს. როგორც საკრებულოში ირწმუნებიან, პროცესი გრძელვადიანი არ არის და პროექტები მზად მალე იქნება.

 

წყარო "ამბები.გე"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია