დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
შვიდი სანახაობა გასული წლიდან
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/08 23:37:03

გასულ წელში პური ნაკლებად  გვქონდა, სამაგიეროდ, გვქონდა სანახაობა. 2013 წლის ყველაზე კულმინაციური სანახაობა ძნელია, გამოაცალკევო, რადგან გემოვნებაზე არ დაობენ. რამდენიმე სანახაობა მინდა ჩამოვთვალო, მაგრამ ნუმერაცია თავად შეგიძლიათ შეანაცვლოთ, მკითხველებო!


 სანახაობა 1:

წლის ბოლოს თბილისის მერმა საქვეყნოდ მოგვჭრა ყველას თავი. მართალია, ოთარ ფარცხალაძე გადადგა, მაგრამ ეს მის შემდეგ, როცა ,,ნაცებს მაზოლზე დააჭირა“, ამის მერე აღმოჩნდა, რომ გერმანიაში  ბოტასების ქურდობისთვის დაუკავებიათ ქვეყნის პირველი ბრალმდებელი კაი ხნის წინათ(ბოტასი   იყო თუ ოპელის ფარი, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ყაჩაღობაში ბრალდებული გახლდათ მთავარი პროკურორი).

 

ისე, ფარცხალაძის შემტევმა ხასიათმა ბევრს გულზე მოუფონა, ,,ნაცებს“ ნაპერწკლებს აყრევინებსო. წარმავალი პოლიტიკური ძალისთვის(ნაცმოსთვის) მთავარი პროკურატურის რეიტინგის დაცემა არ გამოდგა მაინცდამაინც სახარბიელო, რადგან ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს სანიმუშო მოხელე გახლდათ და ორდენითაც დაუჯილდოებიათ.

 

აკი ბოტასების თუ რამე-რუმეების გამტაცებელი იყოო? ორდენს რომ აძლევდნენ, მაშინ ფრესკიდან გადმოყვანილი გახლდათ და მერე ,,გაფუჭდა?“  ამას დავუმატოთ ბარემ დიპლომების საკითხიც, მარტივი არითმეტიკული გათვლით, ფარცხალაძეს 19 წლისას აუღია დიპლომი! ბარაქალა საქართველოს, სწორედ ,,კარდონი დიპლომების“ მეოხებით ვართ წინ!


 სანახაობა 2:

გახსოვთ ალბათ სოციალური ქსელებისა  და პარლამენტის ყველაზე ენაკვიმატი ,,ფეისი“ გოგა ხაჩიძე, ჯერ ,,მიშა მაგარიათი“ რომ გამოიჩინა თავი და მერე წულუკიანს რომ მიადგა კბილის ჭიასავით!

 

საერთოდ არც ახსოვდა ხალხს დიპლომები, გოგას რომ არ აეტეხა ,,დიპლომანიის“ ომი. იუსტიციის მინისტრი, აწ უკვე გარდაცვლილი კანონის თანახმად, იურიდიული განათლების მქონე უნდა იყოსო. ,,ენას“ დიპლომები, თუნდაც ჩარჩოებში ჩასმული, გარემოს დამაქცევარი ხაჩიძისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა წულუკიანი მაინც შეგვრჩა მინისტრად ისე, როგორც ერთ ფილმში შერჩა უდიპლომო სასიძო სიძედ ვარდენს.


 სანახაობა 3:

არ მახსოვს ამნაირი არჩევნები! 40 წლის ვხდები სადაცაა და ყველა იმ არჩევნებს მოვსწრებივარ, რომელიც ,,გამსახურდიას დროიდან" არის ჩატარებული. სად იყო ან მოსყიდვა, ან_მუშტების ბრახუნი, ან კიდევ_თვალების ბრიალი?! ეგ კი არა, პოლიტიკური ოპონენტები და აწ უკვე ოპოზიციონერი თანამდებობის პირები მშვენივრად გრძნობენ თავს სავარძლებში.

 

,,ნულ ჯგუფში“ რომ არ დავბრუნდეთ, პოლიტიკური ანგარიშსწორება გამორიცხეთო, დაახლოებით ამდაგვარი ბრძანა ლევან ბერძენიშვილმა. ჩვენ, ყოვლად დიპლომირებულმა ერმა უარი ვთქვით ნულ ჯგუფელობაზე და ვიხილეთ ფრიად სხვა პრეზიდენტი.

 

რა გააკეთა მარგველაშვილმაო, იკითხა ვიღაცამ. ისევ ვიღაცამ უპასუხა: დაიბანა, დაივარცხნა და გაიპარსა, მეტს რას ელოდებოდითო! მოკლედ, ვიხილეთ სხვა ტიპის პრეზიდენტი და ერთობ მიხარია, რომ ,,თავმჯდომარის“ (პრეზიდენტი თავმჯდომარეს ნიშნავს, თუ არ ვცდები) მხრიდან არ გაისმის უთავბოლო ინიციატივები, მაგალითად: საფეხმავლო ხიდი, რომელიც ხატიას ერთი საფორტეპიანო დაკვრისათვის აიგო (მერე წყალმა წაიღო, გახსოვთ ალბათ).

 

მარგველაშვილის გაპრეზიდენტება სანახაობრივად უფრო კლასიცისტური გახლავთ, მასში არ არის არც ვესტერნი, არც დრამა, არც კომედია და ტრაგედია! მოსაწონია, რომ  პრეზიდენტს შეუნარჩუნდა ქვეყნის მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის წოდება, თუმცა ის ვერ შეძლებს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას. პირველი პირი არის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენელი. მის უფლებამოსილებაში დარჩა მსჯავრდებულთა შეწყალება, ჯილდოების, წოდებებისა და ასევე მოქალაქეობის მინიჭება, კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება.

 


 სანახაობა 4:

ეს უკვე უნახაობა უფროა, ვიდრე სანახაობა. მიხეილ სააკაშვილი აღარ ჩანს ეკრანებზე, არადა კი გვახსოვს, ტელევიზორზე კი არა, ელექტროუთოზეც გვქონდა მისი გამოჩენის მოლოდინი.

 

ერთობ აქტიური და ,,ჩვენი გადარეული“ ექსპრეზიდენტი შიმშილით არ მოკვდება. როგორც მახსოვს, ქილებით კონსერვები ჩაალაგა ყუთებში და იქვე გამახსენდა ერთი ანეკდოტი! ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: დაიმახსოვრე, რომ ფულსა და მწნილს ის საერთო აქვს, ორივეს ბანკებში ინახავენო!

 

მეხოტბეთაგან ლამის დავით აღმაშენებლამდე აღზევებული პრეზიდენტი ახლა ,,ბალშოი პერერივზეა“ და თუ მობრუნდა, აუცილებლად ვკითხოთ: ტაიმ-აუტი რომ აიღე და თანაპარტიელები დასამცირებლად (გინება და ამოპანღურება მაქვს მხედველობაში) დაუტოვე ,,ოცნებას“, ეს არის ,,სპრავედლივი ნაბიჯი?“

 


 სანახაობა 5:

რახან მ. სააკაშვილი ვახსენეთ, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიმჯირყვნელი მილიარდერიც გავიხსენოთ. ეგ რომ არა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ უკუნითი უკუნისამდე იქნებოდა სათავეში და მერე გენახათ საპროცესო გარიგებები და ,,რა დროშა მოგვცა“-ს ძახილი.

 

სწორი გითხრათ, ყოფილი პრემიერი რამდენჯერმე მინახავს ახლოს, მაგრამ ყველაზე სანახაობრივი მაინც რაჭული ღვინით შეჟუჟუნებული რომ იყო, ის გახლდათ, ყველაზე სახასიათო! სწორედ იქ ჩანდა მისი ზემოიმერული ბუნება და არა სოლოლაკის სასახლიდან თუ ტელევიზიების ეკრანიდან.

 

გაახაროს ღმერთმა, რომ წავიდა თავისით, თორემ მაგასაც რომ ეთქვა, ასი წელი არ მივდივარ პრემიერობიდანო, ვინ იყო მისი შემპასუხებელი? ან თანამდებობიდან გადამყენებელი?! ისე, ეს ამბავი შარშანწინდელია, მაგრამ მაინც...


 სანახაობა 6:

ვინ მისცა სამართალში ახალმა ხელისუფლებამ ნაცმოძრაობიდან? ერთი ნაკლებადმძაფრსიუჟეტიანი სანახაობა იყო ახალაიას დაპატიმრება, ვანოს მიმატროსოვება და გიგი უგულავას მერობის უფლების შეწყვეტა, რომელმაც სევდია უგრეხელიძე გაამერა.

 

ვაშლის გათლა ახალაიასაგან, მერაბიშვილის წონის ვარდნა და ღამეული ,,ვიზიტები“, უგულავას ღამის პირველ საათზე უფლებამოსილების შეწყვეტა მოულოდნელი ,,ენდი“ იყო, თან ,,ჰეფი ენდი“. 

 

ბოლო 9 წელი რომ ცუდად ვიცხოვრეთ, ვის უნდა დაბრალდეს, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი?! წლობით თუ ვინმე მაბატონებს, მერე კი მოვითმენ სასამართლო პროცესებზე მისვლა-მოსვლის ხარჯებსა და თან მსხვერპლის მანტიასაც კარგად მოვიხურავ!

 


  სანახაობა 7: 

პრადოს თემა იმდენად ამაზრზენი გახდა, რომ მეგობრის ტოიოტას ჯიპში ჩაჯდომის სურვილიც აღარ მაქვს. აქ პრადო ზოგადია, თორემ ამ სანახაობაში იგულისხმება ,,განაშებული“  ,,პიკის ქალები“ პარლამენტიდან, დაბოტოქსებული სახეები, ქოლგებით მომსახურება და კიდევ ათასი მსხვილმან-წვრილმანი.

 

ავთოს ქოლგამ ჩემს მშობლიურ ქალაქ ჭიათურაშიც ინება ,,დავანება“ და თურმე 2008 წლიდან საახალწლო ნაძვის ხედ გვირთავდნენ. იმედია, რომ 2015 წელს აღარ ,,მოგვიზონტიკებენ“ ახალ წელს (ამით ჩემს ოპონენტებს ვეუბნები, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მედია ,,კრიშა“ არ ვარ).


დანარჩენი სანახაობანი, მიზეზთა გამო, ვერ მოხვდა ბრწყინვალე შვიდეულში... ისე, გულიანად თუ მივუდგებით სანახაობათა ჩაწერას, ხუთჯერ ორმოცდაერთი მაინც იქნება, თუ მეტი არა!


 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონების განსავითარებლად, ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, თუ წყალგაყვანილობა (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია