დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგი
მწვანექურთუკიანი კაცის ამბავი, ანუ გადამდები სიკეთე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/08 01:09:22

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში  მწვანექურთუკიანი კაცის ამბავს გვიამბობს და გადამდებ სიკეთეზე საუბრობს, რაც ჩვენი პორტალის მკითხველებს უდაოდ დააინტერესებთ:

 

ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ, ტროტუარის კიდეზე, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი ჩაცუცქულიყო და თავში გამეტებით იშენდა ხელებს, თან უცნაურად ყმუოდა.

გამვლელ-გამომვლელნი შორიახლოს შევქუჩდით, ვერ გაგვეგო მისი ტანჯვის მიზეზი. იქვე მდგარმა მოხუცმა ქალმა ტირილით აგვიხსნა: ეს ჩემი მაზლიშვილია, ცოლი მოუკვდა შარშან, ახლა ერთადერთი ბოშუნიკა ავად ჰყავს. საწყალმა რაჭიდან ხუთი კილოგრამი დარჩეული ნიგოზი ჩამოიტანა, აქ ჩააბარა გამყიდველებს,მალე უნდა გაბრუნებულიყო უკან, მაგრამ სიჩქარეში ფული ქვე ამოუვარდა და შვილისთვის წამალს ვეღარ ყიდულობსო.



უცებ ვიღაც შუა ხნის კაცი, "დუტის" მწვანე ქურთუკი რომ ეცვა, უბედური მამისკენ დაიხარა და უთხრა:
-ა, ბიჭო, უყიდე ბოვშს წამალი, ადექი!
თვალს ვერ დავუჯერე: ასლარიანს უწვდიდა!
ხალხი გაოგნდა. მერე ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ათლარიანი დააძრო, ვიღაც ქალმა ორლარიანი, მეც ამოვქექე ჩანთის ჯიბიდან მობილურში ჩასარიცხად გადანახული ხუთლარიანი ...
სიკეთის გაკვეთილი, რომელიც მწვანექურთუკიანმა მოულოდნელად ჩაგვიტარა, გადამდები აღმოჩნდა. ყველას სახე გაუნათდა, ყველა ლოცავდა უცნობ კეთილისმყოფელს, ახალგაზრდას კი მოუწოდებდნენ,ე, ბიჭო, ჩქარა შედი აფთიაქშიო.
ის ტროტუარზე წამოიმართა და დაბნეული შემოგვყურებდა. ბიცოლამისმა სასწრაფოდ აუკრიბა ძირს დაცვენილი ფულები.



მწვანე ბაზრის ახლოს, სულ მალე წამოვეწიე ასლარიანის მფლობელს და მის შვილს. უკან მივყევი... საშუალო სიმაღლის, კაფანდარა კაცს შემელოტებულ კეფაზე თხლად გადავარცხნილი ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა და აქეთ-იქით უცნაურად გადაკეცილი ყურები. გრძელი, შენაოჭებული წვრილი კისერი უჩანდა მწვანე ქურთუკისა და თეთრი პერანგის ვიწრო საყელოდან (მისმა კეთილშობილებამ ისე ამაღელვა, ყოველ დეტალში ჩავეძიე... ).ქალიშვილი, ალბათ, 18-20 წლისა იქნებოდა . გავიგონე, როგორ უთხრა მამას:"დედიკოს რას ეტყვი ახლა, გეყოფა ფული?" და ისიც, მამამ რომ უთხრა:"სსსსსს! ხომ გაიგონე, ბოვში ყოლია ავად!.."



ეს ამბავი ნოემბრის დასაწყისში მოხდა. 
გუშინ კი კვლავ დავინახე ერთ-ერთ მარკეტში ის კაცი. მაშინვე ვიცანი. ისევ მწვანე "დუტის" ქურთუკი ეცვა, ვიღაც სიმპათიური ქალბატონის - ალბათ, მეუღლის - გვერდით იდგა და პურს ყიდულობდა. 
ხომ ბედნიერია ოჯახი, ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც ასეთი უჩინარი რაინდები ჰყავს?

მინდა, ამ კეთილი დასასრულით გაგახალისოთ და შობა მოგილოცოთ.



(ნანული ცხვედიანი) 6.1.2014, ქუთაისი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია