საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამოხმაურება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე
პატრიარქს სუროგაციით გაჩენილი ბავშვები მონათლული ყავს!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/07 19:06:15

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 2011 წელს სუროგაციით გაჩენილი სამი ბავშვი მონათლა. სამივე ბავშვი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, “ნიუ ლაიფის” დამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის შვილები არიან. როგორც მან განაცხადა, მას ორი ვაჟი და ერთი გოგონა 2011 წლის თებერვალში სხვადასხვა სუროგატმა დედებმა გაუჩინეს და სამივე ბავშვი იმავე წლის მაისში მოინათლა.



„ჩემი სამი შვილი სუროგაციით არის გაჩენილი, ვერავინ იტყვის, რომ საპატრიარქომ არ იცოდა ამის შესახებ. სამივე სხვადასხვა სუროგატმა დედამ თებერვალში გამიჩინა. სამივე პატრიარქის ნათლულია. მოგეხსენებათ, ნათლობის დროს საპატრიარქოში როგორ გულდასმით აკვირდებიან საბუთებს.

 

სამივე შვილი თებერვალში, ერთსა და იმავე წელს, სხვადასხვა რიცხვში იყო დაბადებული. მაშინ ეს პრობლემა არ იყო. ესეც საოცარია ჩემთვის, რომ ერთი ხელით მადლი აკეთო და მეორე ხელით მათრახი გეჭიროს. სუროგაციით გაჩენილი უამრავი ბავშვი ჰყავს მონათლული პატრიარქს და სასულიერო პირებსაც. იეღოველებისა და სექტანტების პოზიცია თუ არ მოგვწონს, რომ სისხლის გადასხმის წინააღმდეგ გამოდიან, მაშინ დამხმარე რეპროდუქციული საშუალება, თუნდაც ხელოვნური განაყოფიერება თითქმის ერთ-ერთი დიდი მიღწევაა დღეს მედიცინის სფეროში. მაშინ რით განვსხვავდებით „იეღოვას მოწმეებისგან“. ეს ყველაფერი ღვთის ნებით არის გამოწვეული“, – აცხადებს მარიამ კუკუნაშვილი.

 


ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, “ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. მარიამ კუკუნაშვილის მიაჩნია, რომ პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ის ქადაგება გაიმეორა, რაც ორი წლის წინ სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანა.

 


„ახალი ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წლის წინ სააღდგომო ეპისტოლეში ზუსტად იგივე თემები იყო გახმიანებული. უბრალოდ, ახლა უფრო დამძიმებული ფონია, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტად არის ასეთი ოჯახები და ბავშვები დისკრიმინირებული. დადებითია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ძალიან ჯანსაღი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ეკლესიის პოზიცია იმდენად არ მიკვირს, რამდენადაც ეს მათი მრწამსია. უფრო მეტად ჩემთვის გასაკვირი და შემაშფოთებელი არის ის, რომ საკანომდებლო ცვლილებებზე საუბარი წინა მთავრობის დროს მიმდინარეობდა, როცა მუშაობდა რეპროდუქციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მე ამაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. კონსულტანტებად მოწვეული ჰყავდათ სასულიერო პირები, ამჟამად ეს მთავრობაც ანალოგიურს აკეთებს. ახალი მთავრობის პირობებში მიმდინარეობს ამ თემების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი, სადაც ისევ ჩართულნი არიან სასულიერო პირები და ამ საკითხებში ჩართვა ისევ მათი აზრის გათვალისწინებით ხდება.

 

მანამ, სანამ არ ენდომებათ მთავრობას და სახელმწიფოს, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული და სეკულარული საქართველო, ანალოგიური პრობლემები სულ იქნება. საკანონმდებლო ცვლილებით რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ეს გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვასიამოვნოთ ეკლესიას და რეპროდუქციულ თემებში კონსულტანტებად მოვიწვიოთ პირდაპირ სასულიერო პირები, ეს დაუშვებელია. სასულიერო პირებს მსგავსი თემების აკრძალვა უნდათ და რატომ უნდა იყოს ეკლესია და კანონმდებლობა ამ საკითხზე ერთმანეთთან გადაჯაჭვული, არ მესმის. თან გვინდა დემოკრატია და თავისუფლება, თან გვინდა ყველაფერი ისე, როგორც ესიამოვნება ეკლესიას. ასე არ გამოვა“, – აღნიშნა მარიამ კუკუნაშვილმა.

 

წყარო "ტელეგრაფ.გე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია