საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სხვა საიტებიდან
საქართველოში მოქალაქეების პირადი მონაცემები დაუცველია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/05 12:24:16

 მოქმედი კომპანიები აქტიურად მიმართავენ პირდაპირ მარკეტინგს მოკლე ტექსტური (SMS) და ელექტრონული შეტყობინებების (E-mail) გზით. ხშირად მობილური ტელეფონის ნომრის, ან ელექტრონული ფოსტის მფლობელმა არც კი იცის, თუ როგორ მოხვდა მისი მონაცემები სარეკლამო და სავაჭრო კომპანიების ბაზაში.



ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საუბრობს.

 



–ცალკეული კომპანიები მომხმარებლებს დიდი ოდენობით სარეკლამო სმსებს უგზავნიან, რისგამოც არაერთი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას. 

როგორ დავიცვათ თავი არასასურველისარეკლამო სმს-ებისგან და რომელი კომპანიების შესახებ შემოდის თქვენთან ყველაზე მეტისაჩივარი?

- კონკრეტულად ამ კომპანიებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენთან შემოდის მოქალაქეების სატელეფონო ზარები, მოგვმართავენ განცხადებებით, მაგრამ 2016 წლამდე ჩვენი უფლებამოსილება, განვახორციელოთ ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში, დაჯარიმება, შეზღუდულია. სმს-ები იქნება თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა, ეს პირდაპირი მარკეტინგია და ეს საქმიანობა რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით.

 

პრობლემატურია ორი თემა: პირველი, საიდან მოხვდა მონაცემების შეგროვება, იყო თუ არა ღია წყაროდან ყველა ტელეფონი ხელმისაწვდომი და მეორე, თუკი მოქალაქეს სურს უარის თქმა და აღარ სურს ასეთი სარეკლამო შეტყობინებების მიღება, მისთვის შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი, რომ მოქალაქემ მარტივად მოახერხოს კომპანიასთან დაკავშირება და უარი განაცხადოს ამ ბაზებში ჩართვაზე. კიდევ ერთი, კომპანიები ვალდებულნი არიან, შეწყვიტონ მოქალაქის სატელეფონო ნომრის გამოყენება და მისთვის რეკლამის გაგზავნა, მისი მოთხოვნიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. ასევე, მათ უნდა აუხსნან მოქალაქეებს, როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს თავდაცვა, რათა შეწყდეს მისთვის შეტყობინებების გაგზავნა.



მოქალაქეების ინტერესების დაცვის კუთხით კანონი გასამარტივებელია. ამ ეტაპზე მე, როგორც მოქალაქეს, თუკი მინდა, რომ შეწყდეს ჩემი მონაცემების გამოყენება, ამისთვის წერილობითი ფორმით უნდა მივმართო კომპანიას. თუმცა რომელ კომპანიას მივმართო, რომელ მისამართზე, ეს პრობლემურია. სწორედ ამ ინიციატივაზე ვმუშაობთ და იმედია, მთავრობა და პარლამენტი მას მხარს დაუჭერს. გვინდა, გავამარტივოთ და წერილობითი ფორმა შევცვალოთ.

 

მოქალაქეს უარის თქმა იმავე ფორმით უნდა შეეძლოს, რა საშუალებითაც ხორციელდება მარკეტინგი. ანუ სმს-სს რომ მიგზავნის კომპანია, იქვე უნდა იყოს მითითებული ან „რეპლაი“ და უკან დავუბრუნოთ უარის ნიშნად, რომ აღარ მსურს შეტყობინებების მიღება. თუ ტელეფონით მირეკავს კომპანია, უნდა ვიცოდე ის ნომერი, რომელზეც დავრეკავ. ამიტომ, ზუსტად უნდა იყოს გამოყოფილი, თუ ვინ არის მონაცემთა დამმუშავებელი, ანუ დამკვეთი, ვისი რეკლამაც მეგზავნება და არა სარეკლამო კომპანია ან მობილური ოპერატორი, ვისაც რეკლამა გამოაგზავნინეს.

 



როგორც ვიცი, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ჯარიმებიც არის შემუშავებული.  

 10-ათასლარიანი ჯარიმა რა შემთხვევაში შეიძლება დაერიცხოს კომპანიას?



- ჯარიმა დღესაც არსებობს. კანონი ამბობს, თუ წესების დარღვევით განხორციელდა პირდაპირი მარკეტინგი, ჯარიმა, პირველ შემთხვევაში, სამი ათასი ლარია, ხოლო თუ იგივე ქმედება ერთი წლის განმავლობაში განმეორდა, ადმინისტრაციული სახდელი უკვე 10 ათასი ლარია.

 



კანონში ეს ჩანაწერი არსებობდა, მაგრამ რეალურად არავინ დაუჯარიმებიათ. 

 



- ვერ დავაჯარიმებთ, რადგან კანონი არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ, გვინდა, ჯარიმების ეს ჩანაწერი 2016 წლამდე ამოქმედდეს.

 



ვინ განსაზღვრავს, დაარღვია თუ არა მარკეტინგის პრინციპი სმს-ის გამომგზავნმა? ვინ იტყვისუტყუარად, რომ მართლაც შეაწუხეს მოქალაქეები?

 



- ამას განვსაზღვრავთ ჩვენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ინსპექტორს დაჯარიმების უფლებამოსილებაც აქვს.

 



ძალიან ხშირად წინასაახალწლო პერიოდში გააქტიურდებიან კომპანიები და ტექნიკის დაბალფასად შეძენას სმს-ების საშუალებით გვთავაზობენ. 

 



- ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ამ კომპანიას და მოვთხოვოთ, ჩვენი სატელეფონო ნომრის ამოღება რეკლამების შეტყობინების სიიდან და მოვითხოვოთ, აღარ გამოგზავნონ. დღესდღეობით წერილობით უნდა მივმართოთ, მაგრამ ამის შეცვლას ვცდილობთ, რომ გადავურეკოთ და პრობლემა მოგვარდეს.

 



შეგვიძლია, ეს თვითნებური სმს-ები მოქალაქეზე ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად განვიხილოთ? 

 



- ზეწოლის თქმა ცოტა რთულია. რეკლამა ზეწოლა ვერასდროს იქნება, მაგრამ ეს მოქალაქისთვის შემაწუხებელია, მას თანხმობა არ მიუცია და არც ის იცის, საიდან მოხვდა მისი ტელეფონი ამ ბაზაში.

 



უცხოეთშიც იბღალება მოსახლეობის უფლებები და იქაც გამუდმებით უგზავნიან სმს-ებს?

 



- ეს თემა მარტო საქართველოსთვის არ არის პრობლემატური, ბევრ სხვა ქვეყანაში პირდაპირმა მარკეტინგმა ფართო მასშტაბი მიიღო. თუმცა ანალოგიური მარეგულირებელი ორგანიზაციები იქაც არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯარიმები გაცილებით მაღალია და, სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, 20 ათასი აშშ დოლარიდან 500 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. აქ არ არის მარტო ევროპულ ქვეყნებზე საუბარი, არამედ ეს შეიძლება იყოს კორეა, კანადა, ავსტრალია.

 



როგორც ვიცი, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, იცოდეს, მის შესახებ რა პერსონალურიინფორმაცია გროვდება. ასევე, ფეისბუკის, ტვიტერის და სხვა

 საშუალებებით ჩვენ ვტოვებთინფორმაციას, რასაც გარკვეული პირები სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, სუპერმარკეტშიჩიპიანი ბარათით რაიმის               შეძენის დროსაც რჩება კლიენტის შესახებ ინფორმაცია. ამ მონაცემებისსაშუალებით კი მთავრობები და კომპანიები მოქალაქეთა ქმედების შესახებ              ინფორმაციასაგროვებენ. როგორ შევამციროთ მონაცემთა არასათანადო მიზნით გამოყენების რისკი? 



- ადამიანი თავისი მონაცემების მაკონტროლებელი და მმართველია. როცა რაღაცას ვასაჯაროებთ, ამ ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა ყველას აქვს. თუ რაღაც გამოვაქვეყნე და ეს მოხდა ღია წყაროთი, ე. ი. მე საჯარო და ხელმისაწვდომი გავხადე ჩემი ინფორმაცია. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ინფორმაციას, რომელიც არ გვინდა, საჯარო გახდეს. ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ყოველთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება. ეს არ არის ფურცელი, რომელსაც დახევ.

 

რაც შეეხება მონაცემთა სუბიექტს, თითოეულ მოქალაქეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია აქა თუ იქ არის, აქვს მის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს შეგვიძლია ვკითხოთ, თუ რა მონაცემები აქვთ ჩვენს შესახებ, რატომ აქვთ ეს მონაცემები, რომელი კანონის საფუძველზე, როგორ გროვდება ეს ინფორმაცია და ვისზე გაიცემა?! ჩვენს შესახებ ინფორმაცია ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურას აქვს.

 

მაგალითად, თქვენ გახსენით ბანკში ანგარიში, თქვენ ხართ დაზღვეული, თქვენ ხართ დასაქმებული და მუშაობთ სადღაც, თქვენ მიიღეთ ნებისმიერი მომსახურება, შეიძინეთ ტექნიკა და აიღეთ საგარანტიო ბარათი, თქვენი შვილი სწავლობს სკოლაში და იქ იციან, სად მუშაობთ. ანუ, ჩვენს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა დოზით არის ძალიან ბევრ ადგილას. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ, სად არის ჩვენს შესახებ ინფორმაცია. ასევე, გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ მონაცემთა გასწორება-განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 



ანუ თქვენი სამსახური ბლოკავს ამ ინფორმაციას?

 



- ჩვენ ვერ ვბლოკავთ, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. მაგალითად, რომელიღაც ორგანიზაციამ ჩემი ნებართვის გარეშე უკანონოდ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია, თუ მე გავიგე ინფორმაცია გავრცელების წყაროს შესახებ, შემიძლია მას მოვთხოვო, წაშალოს ჩემს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

 



ის ადამიანები, ვინც ჩვენს მიერ ფეისბუკზე, ტვიტერზე დატოვებულ ინფორმაციას იყენებენ,ძირითადად ვინ არიან? ძირითადად, ეს იყო ძალოვანი 

სტრუქტურები. ამჟამად ვინ არიანრისკფაქტორთა შემქმნელი ჯგუფები? 

 



- მონაცემთა დამუშავებას ფართო არეალი აქვს. თუ 20 და 30 წლის წინ მუშავდებოდა ძალიან ცოტა ინფორმაცია და რაოდენობრივად ცოტანი იყვნენ მონაცემთა დამმუშავებლები, ახლა ყველამ გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემების ქონა და მათი დამუშავება. რაც მეტ ინფორმაციას ფლობ, მით მდიდარი ხარ. შეგიძლია, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური და სხვადასხვა მიმართულებით ეს ინფორმაცია ეფექტურად გამოიყენო. ამასთან, სტატისტიკურად იცოდე, თუ ვინ არის შენი კომპანიის მომხმარებელი, რა ასაკობრივი ჯგუფი, რა პროდუქტი მოსწონს მას.

 

ძალიან მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე სამყაროში ადამიანების შესახებ ინფორმაცია არა მარტო თვალთვალის კუთხით. ზოგადად, ფასი შეიძინა ამან და, აქედან გამომდინარე, მასზე მოხმარება გაიზარდა. თანაც, თუ ადრე ინფორმაციის დამუშავება ძვირი ჯდებოდა და 30 და 50 წლის წინ ამას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდებოდა, ახლა ტექნოლოგია იმდენად განვითარდა, რომ იაფი ჯდება მონაცემთა დამუშავება.

 

თქვენ წარმოიდგინეთ, 10-15 წლის წინ პირდაპირი მარკეტინგი რომ განხორციელებულიყო, ამას უამრავ ადამიანთან დარეკვა სჭირდებოდა, ახლა კი ეს მარტივია და მილიონობით აბონენტთან ინფორმაცია ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით იგზავნება. ამიტომ საფრთხეები პროპორციულად იზრდება და ლოგიკურია საზოგადოების წუხილი. ამას ხელს უწყობს ის საერთაშორისო სკანდალებიც, სნოუდენის და სხვა საქმეები, რაც ინფორმაციის დამუშავებას უკავშირდება.

 

წყარო "for.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2802
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია