საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გავაცილოთ პოლიტიკური სკანდალებითა და სანახაობებით აღსავსე 2013 წელი!
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/12/31 16:04:17

2013 წელი საქართველოს ისტორიულ კალენდარში, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. პირველ რიგში იმით, რომ შეიცვალა ქვეყნის პირველი პირი და კონსტიტუცია. ასევე, პოლიტიკიდან წავიდა ორი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე, საქართველომ მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და რაც მთავარია, გასული წელი საკმაოდ უხვი იყო სანახაობით და პოლიტიკური სკანდალებით.

 

წლის მიწურულს მომხდარი ყველაზე  ხმაურიანი სკანდალი ქვეყნის მთავარი პროკურორის ნასამართლეობა და დიპლომია. მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გიგი უგულავამ გააჟღერა. პროკურატურის პრესსამსახურმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გაავრცელა ფარცხალაძის განცხადება, რომ მას მართლაც ჰქონდა გერმანელ სამართალდამცავებთან პრობლემა, თუმცა ეს იყო შელაპარაკება. თბილისის მერი გიგი უგულავა კი ამტკიცებს, რომ მთავარი პროკურორი ყაჩაღობაში იყო ბრალდებული.

 

ეს არის პოლიტიკური თავდასხმა მთავარ პროკურორზე. ოთარ ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს გამორჩეული სანიმუშო საჯარო მოხელე იყო, რომელიც ორდენითაც დაჯილდოვდა, დღეს კი, როცა ეს საჯარო მოხელე გამოძიებამ წინა ხელისუფლების კვალთან მიიყვანა, ეჭვი შედის მის განათლებაში, პროფესიონალიზმსა და მორალში. აქედან გამომდინარე, ეს არის თავდასხმა პროკურატურის სისტემაზე. მიუხედავად ამისა, კითხვებს, რომელიც ფარცხალაძის წარსულს უკავშირდება, დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს,“ - განაცხადა თავდაცვისს მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. თუმცა, მთავრობის არგუმენტები და პასუხები ფარცხალაძის ნასამართლეობაზე, ჯერჯერობით, დამაჯერებლობას მოკლებულია.

 

ხელისუფლების მხრიდან აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მთავარი პროკურორი მსჯავრდებული იყო დიდი ხნის წინ და მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. შესაბამისად, კანონით უფლება აქვს, იკავებდეს ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობას. ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომნაცბანდისპოლიტიკურ ხრიკებს არ უნდა აჰყვეს, მთავარი პროკურორი უნდა დარჩეს თანამდებობაზე და გააგრძელოს            „ნაციონალებისციხეში ჩასმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში კანონზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი მორალური მხარეა და არ შეიძლება, ქვეყნის პირველი ბრალმდებელი თავად იყოს ნასამართლევი.

 

 

დიპლომატები ქართულ პოლიტიკაში

 

უმაღლესი თანამდებობის პირების დიპლომების შემოწმების ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა, გოგა ხაჩიძემ, დაამკვიდრა. პირველად მან  მოითხოვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დიპლომის საჯაროდ გამოქვეყნება.

 

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, იუსტიციის მინისტრი გათანაბრებული იყო პროკურორთან და მოეთხოვებოდა იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. ხაჩიძე ამტკიცებდა, რომ წულუკიანს იურიდიული განათლების დიპლომი არ გააჩნდა. მაშინ იუსტიციის მინისტრმა, ხაჩიძის საპასუხოდ, ჩარჩოში ჩასმული დიპლომები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საჩუქრად გადასცა  ჟურნალისტს და განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არაიურისტს არავინ ამუშავებდა. მიუხედავად ამისა, გოგა ხაჩიძე იუსტიციის მინისტრის იურისტობაში მაინც ვერ დარწმუნდა, ხოლო პარლამენტმა კანონი შეცვალა და იუსტიციის მინისტრს დღეს რიგითი პროკურორისათვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება აღარ ესაჭიროება.

 

ბედის ირონიით, წლის ბოლოს  დიპლომების თემა აქტუალური  ისევ პროკურორისთვის გახდა, ოღონდ მთავარი პროკურორისთვის. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მთავარი პროკურორის დიპლომის ჩვენება მოითხოვა, რადგან მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოთარ ფარცხალაძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1976 წელს, ხოლო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა 1995 წელს, რაც ნიშნავდა, რომ მთავარმა პროკურორმა იურისტის დიპლომი აიღო 19 წლის ასაკშიპროკურატურის პრეს-სამსახურმა, ისევ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა ფარცხალაძის დიპლომი, თუმცა კითხვები საზოგადოებაში მაინც დარჩა. სავარაუდოდ, ფარცხალაძის დიპლომის და ნასამართლევობის თემა მომავალ 2014 წელს ერგება მემკვიდრეობით და კიდევ კარგა ხანს იქნება განხილვის თემა.

 

 

ახალი პრეზიდენტი და ახალი კონსტიტუცია

 

2013 წლის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იყო ახალი პრეზიდენტის არჩევა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესვლა ძალაში. ქვეყნის პირველი პირი       „ქართული ოცნებისკანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, გახდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.

 

მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა. პრეზიდენტს შეუნარჩუნდა ქვეყნის მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის წოდება, თუმცა ის ვერ შეძლებს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას. პირველი პირი არის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენელი. მის უფლებამოსილებაში დარჩა მსჯავრდებულთა შეწყალება, ჯილდოების, წოდებებისა და ასევე მოქალაქეობის მინიჭება, კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება.

 

პრეზიდენტის უფლებების დასუსტებამ და ამის ხარჯზე პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდამ საზოგადოებაში მინი-დისკუსიაც კი გამოიწვია - ვინ იქნებოდა ქვეყნის პირველი ლედი: პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის მეუღლე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი ლედი მომავალი პრემიერისირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს უწოდა და ქილიკი დაიმსახურა კიდეც: ივანიშვილმა პირველი ლედიც დაგვინიშნაო! არადა, ყველა ქვეყანაში პირველი ლედი სწორედ რომ პრეზიდენტის მეუღლეა, მიუხედავად იმისა, თუ რა უფლებებით სარგებლობენ თავად პრეზიდენტები.

 

 

როცა ტიტანები მიდიან...“

 

 

2013 წელს  ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, არენიდან წავიდა. მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ტაიმ-აუტი აიღო და საჯარო სივრცეში, პრაქტიკულად, აღარ ჩანს. ამ დროს კი მის თანაგუნდელებს ახალი ხელისუფლება სასამართლოებში და პროკურატურაში ატარებს დაკითხვაზე.

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არცერთი მნიშვნელოვანი განცხადება არ გაუკეთებია და საინფორმაციო სივრცეში არ გამოჩენილა. ერთადერთი, სადაც ქართულმა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი იხილა, უკრაინაში გამართული დემონსტრაციები იყო, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ, ექს-პრეზიდენტი უკრაინაშიპერსონა ნონ გრანტადაცკი გამოაცხადეს.

 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორში მიდის და თავისივე შექმნილ მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებიდან გააკრიტიკებს (თუ გააკონტროლებს). საქართველოს ყოფილი ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ტიტანები მიდიანსაქართველოს ხელისუფლებაში  ვაკუუმი ჩნდება.

 

ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური გარემო ახალი ეპოქის დასაწყისის მოწმეა, რომელიც ძლიერი პოლიტიკური ლიდერების გარეშე იწყება. მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წასვლით საქართველოს პოლიტიკური არენა გავლენიანი ლიდერის გარეშე დარჩება, რამდენადაც, არც ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და არც ახალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს წინამორბედების მსგავსი მიმზიდველობა არ გააჩნიათ.

 

ირონია კი ის არის, რომ საქართველო თავისი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც კარგად ორგანიზებული, მოტივირებული და მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკური საყრდენი სჭირდება,“ - წერს ყოფილი დიპლომატი.

 

 

მერაბიშვილის ღამის პაემნები

 

ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები უკვე მთელი წელია, საზოგადოებრივი სანახაობაა - ბაჩო ახალაიას დაპატიმრებით დაწყებული და გიგი უგულავას უფლებამოსილების შეწყვეტით დამთავრებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაფიქრობს, რომ ხელისუფლება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება - საპარლამენტო ოპოზიციის განადგურებით კონკურენტის მოშორებას ცდილობს.

 

როგორც პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე ხელისუფლებას აქვს ფანჯარა, რათა ივანიშვილის დავალება შეასრულოს დაერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაანადგუროს. მერაბიშვილის თქმით, ის ღამე გაიყვანეს ციხიდან და მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეახვედრეს, რომელმაც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში თანამშრომლობა და მიხეილ სააკაშვილის ანგარიშების დასახელება მოსთხოვა.

 

ექს-პრემიერის ამ განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ვერსია მოჰყვა, მათ შორის ისიც კი, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობისგენერალური მდივანი ამით საზღვარგარეთგაქცეულმიხეილ სააკაშვილს აშანტაჟებდა. ასეა თუ ისე, მერაბიშვილის განცხადებამ და ამ განცხადებაზე ხელისუფლების მხრიდან უცნაური პოზიციის დაჭერამ - გამოსაძიებელი არაფერია და მერაბიშვილის განცხადებას როგორ უნდა ვენდოთო - საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე.

 

ეს კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა თბილისის მერისათვის ღამის პირველ საათზე უფლებამოსილების შეწყვეტამ. გიგი უგულავას უფლებამოსილება სასამართლომ შეუწყვიტა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმები კანონმდებლობით არ არსებობს. თავად სასამართლომ განჩინების აღსრულება პროკურატურას დაავალა, სადაც დღემდე ფიქრობენ, როგორ უნდა შეუწყვიტონ  თბილისის მერს უფლებამოსილება, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული და ზემდგომი არა ჰყავს.

 

ბევრი გაუგებრობაა თავად კანონშიც და სასამართლოს განჩინებაშიც, რომელსაც ეტყობა, რომ მასზე ღამით მსჯელობდნენ. ჩვენ კვლავ იმ აზრზე ვრჩებით, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დააორგანიზებს პროკურორი განჩინების სისრულეში მოყვანას, მისი აღსრულება სავალდებულოა“ - განაცხადასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.

და ბოლოს, 2013 წელი საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობოებისათვის პროტესტის აკრძალვით დაასრულა. 26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიმოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსადასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისწარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით.

 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილ ბანერებზე ეწერა: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის“, „დაიცავით დაცვის უფლებადაუთხარით უარი გადავადებას.“

 

შესაძლოა, წინა წლის სხვა მოვლენებთან შედარებით, ეს ფაქტი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მისი დავიწყება მაინც არ ღირს, რადგან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ცდუნება ასეთი პატარა სიმპტომებით იწყება. გამოხატვის თავისუფლება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ევროპული ოჯახისათვის, რომლისკენაც ისე ვისწრაფვით, რომ მასთან ასოცირების ხელშეკრულებას შალახოს ფონზეც კი ვაწერთ ხელს. როგორც მიხვდით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მაქვს მხედველობაში, რომელიც გასული წლის მოვლენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია