„ქუთაისშიც გაიხსნას „ურთიერთგაცნობისა და დაოჯახების“ ცენტრი!“
გამარჯობათ!
მოგესალმებით ქუთათურთა სასიქადულო და საყვარელ გაზეთ „P.S.“-ის ნიჭიერ შემოქმედებით კოლექტივს.
უპირველეს ყოვლისა გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე იმ დიდ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რასაც ხალხისა და ქვეყნის სამსახური ჰქვია.
თქვენი გაზეთი იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მრავალ პრობლემას იხილავს და აგვარებს კიდეც, სწორედ ამიტომაც უყვარხართ ქუთათურებს. ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ ადგილობრივები თუ არ მოვაგვარებთ ერთმანეთის დახმარებით, სხვისი იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.
მართალია, დღეს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ პრობლემები ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამ პრობლემათა შორის გვინდა ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელზედაც ადამიანები ხმამაღლა და თამამად საუბარს ერიდებიან. ამ პრობლემას ადამიანთა მარტოობა ჰქვია.
მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველოში ცნობილი მოვლენების გამო მრავალი ქართული ოჯახი დაინგრა. ადამიანები დარჩნენ მარტოხელებად და მარტოსულებად. მარტოობა კი რასაც ნიშნავს, ეს თქვენ ჩვენზე უკეთესად მოგეხსენებათ. ეს არის სულის დეპრესია, ხვალინდელი დღის უიმედობა და უპერსპექტივობა, ბავშვების ობლობა და სხვა მრავალი უსიამოვნო სიტუაცია. ხალხი ყველგან არის, შენს გვერდით კი არავინაა. ეს მით უფრო გაუსაძლისია, თუ სამსახური არ გაქვს. გავიხსენოთ დიდი ბარათაშვილის სიტყვები: „საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი, ძნელად ჰპოვოს, რა დაჰკარგოს მან ტოლი.“ ქართველ ხალხსაც კი აქვს ასეთი გამონათქვამი: „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია“-ო. ჩვენი, ანუ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანთა გამოკითხვის შედეგად, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ უამრავ მარტოხელად დარჩენილ ადამიანს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე შუახნის ადამიანებსაც, სურვილი აქვთ, პირველად ან ხელახლა შექმნან ოჯახი, რომელიც ქვეყნის საყრდენი ბურჯია, მაგრამ ამას ხმამაღლა და ოფიციალურად ვერ ამბობენ. ეს ადამიანები, როგორც თქვენი გაზეთის ფურცლებზე, ასევე ტელევიზიაში მრავალჯერ გვინახავს, მაგრამ ამჯერად დუმილს ამჯობინებენ, რამეთუ ერიდებათ ამის გამჟღავნება.
თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისში ასეთი ოფიციალური სამსახური, დაწესებულება როგორიცაა: „ურთიერთგაცნობისა და დაოჯახების ცენტრი ან კლუბი“, არ არსებობს. მრავალი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ ჩვენ, ამ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა, დავასკვენით, ეს ადამიანები ამ საკითხის გადაწყვეტას, თბილისის მსგავსად, მოითხოვენ ქუთაისშიც გაიხსნას „ურთიერგაცნობისა და დაოჯახების ცენტრი“, რომელსაც თავისი დებულებები და შინაგანაწესი ექნება. ახლა, როცა უკვე დემოგრაფიულმა პრობლემებმა მკვეთრად იჩინა თავი, ამ პრობლემის გადაწყვეტა ყველას საქმეა. მით უფრო ხელისუფლების, როგორც ზემდგომი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის. ქუთაისში ასეთი ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს მარტოხელობის პრობლემის გადაჭრას, ერის გამრავლებას, ადამიანთა ოპტიმისტურად განწყობას და მომავალი თაობის უკეთესად აღზრდას. ამავე დროს ასეთი ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს ადამიანთა დასაქმებას და მათ კეთილდღეობას. ამ საკითხზე ჩვენ მივმართეთ რამდენიმე შესაბამის დაწესებულებას, მათ შორის ტელეკომპანია „რიონს“, მაგრამ რატომღაც ირონიულად შემოგვხედეს და ჩვენი საზოგადოებრივი აზრი არ გაიზიარეს. გვითხრეს, რომ ეს პირადული საკითხიაო, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულნი ვსაჭიროებთ თქვენს დახმარებას, მხარში დგომას და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას. ვფიქრობთ, თქვენი თანადგომით და მხარდაჭერით არსებული პრობლემა დადებითად გადაწყდება. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის.
პატივისცემით, ფილოსოფოსი და სოციოლოგი გიორგი ობოლაძე