დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის პროგრამა
პრიორიტეტული სკვერები ხონში, ხეები მინი სტადიონზე და გარეგანათება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/23 12:49:00

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ

 


სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხონის რაიონის 9 ტერიტორიულ  ორგანოში შემავალი 38 სოფლისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროსგან ჯამში 505 180 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც  მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სამუშაოები 88 ობიექტს ჩაუტარდა.

 

 

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფლებში შერჩეული პრიორიტეტების შესრულების ვადები უკვე დასრულდა. გაზეთი P.S.ეტაპობრივად ახდენდა სხვადასხვა სოფლებში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს.

 

 

სოფელი ივანდიდი

 

ამჯერად, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში  ხონის რაიონის, ივანდიდის და გუბის ტერიტორიული ორგანოები შევარჩიეთ. დასახელებულ სოფლებში სამუშაოდ ბარბარობის დღესასწაულზე გავემგზავრეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმერული სტუმარ-მასპინძლობის გამოვლენისა, ივანდიდის გამგეობაში ჟურნალისტს „მეკვლედ“ ნამდვილად არ ისურვებენ.

 

ივანდიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს დურმიშხან ტაბიძეს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პრიორიტეტებზე  ტერიტორიული ორგანოს ავარიულ შენობაში ვესაუბრეთ, სადაც თანამშრომლებს, ადგილობრივებთან ერთად, სახელდახელოდ ჰქონდათ სუფრა გაწყობილი, თუმცა იმერელი მასპინძლები არც ამჯერად დაიბნენ და გამგეობაში გაშლილი სუფრა ბარბარობის დღესასწაულით ახსნეს.

რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ტერიტორიული ორგანოსთვის გამოყოფილი 42 000 ლარით სოფელში 4 პრიორიტეტი შეირჩა, რომელთაგანაც 3 დასრულდა, ერთი კი მომავალ კვირაში დასრულდება.

 

„გამოყოფილი 42 000 ლარისთვის ადგილობრივმა მოსახლეობამ 4 პრიორიტეტი შეარჩია, ესენია: გარეგანათება, სკვერის მოწყობა, მინი სტადიონი და ე.წ. ხიდი. გარეგანათებისთვის, რომელიც ჯამში 2, 200 კმ მეტრის მონაკვეთზე გაკეთდა, 20 000 ლარი გამოიყო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ცაგერულმა ფირმამ გააკეთა. სკვერისთვის მოსაწყობად 10000 ლარი გამოიყო, რომელიც ადგილობრივი მეწარმის, ჩოგოვაძის ფირმამ „გზადაგზამ“ გააკეთა, ასევე 10 000 ლარი დაიხარჯა მინი სტადიონის მოსაწყობად. რომელმა ფირმამ შეასრულა სამუშაოები, ზუსტად არ მახსოვს. აუდიტის სამსახურმა სკვერის და გარეგანათების შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. დარჩა მხოლოდ მინი სტადიონი.

 

რაც შეეხება მოსახლეობის ჩართულობას, სპეციალისტების დახმარებით გავაფრთხილეთ. დაახლოებით, 300 ადამიანი ესწრებოდა კრებას. ყველას სურს, მის უბანში გაკეთდეს რაიმე, ამიტომ გამოყოფილი თანხა ნაწილდება, რის გამოც დიდი სამუშაოების შესრულება ვერ ხდება, არადა, ჩვენ გაფრთხილებული ვართ, რომ მითითებები არ მივცეთ და მოსახლეობამ პრიორიტეტები თვითონ შეარჩიოს. საუბედუროდ 10 000 ლარი დიდ თანხად მოსჩანს, თორემ დაქვითებია დიდი, სახარჯო ფული მეტია, ინდმეწარმის ხელფასი,  ასევე გარკვეული თანხა ირიცხება აუდიტის სამსახურში, ამას ემატება საშემოსავლო გადასახადი და მასალის თანხა, რაც 5-6 ათასი ლარი ჯდება,“ - აღნიშნა ივანდიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა.

ჩამოთვლილ პრიორიტეტებთან ერთად, სოფელში ერთ-ერთ გზაზე, დაახლოებით, 8 მეტრიანი სანიაღვრე მილი ჩაიდო, რისთვისაც 300 ლარი გამოიყო.

 

შესრულებული სამუშაოები რწმუნებულმა თავად დაგვათვალიერებინა. უჩვეულო სანახავი აღმოჩნდა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გაკეთებული, შემოღობილი მინი სტადიონი, რომელშიც  ორი დიდი ხე დგას. რწმუნებულის განცხადებით, ხეები ისტორიულია და ვერანაირად ვერ მოჭრიდნენ, თუმცა მისივე თქმით, სტადიონი საკმარისია სათამაშოდ. მომავალში იქვე მოწყობილ სკვერში კი მოთამაშეები დაისვენებენ.

 

სტადიონის მნახველს აუცილებლად გაახსენდება ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“, სადაც ფეხბურთელებს ბურთი ხან ხიდან ჩამოაქვთ, ხანაც გაბრაზებული მეზობლის ბაღიდან მოაქვთ.  ალბათ, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ არის, აღნიშნული ფილმი ხომ ხონის რაიონშია გადაღებული.

 

რატომღაც სოფლებისთვის, რომელთაც გზიდან დაწყებული, გარეგანათებით დასრულებული, არაერთი პრობლემა აქვს, პრიორიტეტულად სკვერების კეთილმოწყობა სახელდება, რომლის განმარტებაც ადგილობრივთაგან, სამწუხაროდ, უმეტესობამ არ იცის.

 

რატომ შეარჩიეს აღნიშნული პრიორიტეტები და რა შენიშვნები აქვთ ივანდიდელებს,  შევეცადეთ ადგილობრივებისგან გაგვერკვია. თუმცა იმის გამო, რომ რწმუნებულის საზიანოდ არაფერი წამოსცდეთ, სოფლის თავს თვალებში შესცქერიან და მორიდებით აღნიშნავენ, რომ სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმირებულნი არიან, თუმცა ქვეკითხვების დასმისას იბნევიან და რწმუნებულის მიერ დასახელებულ ციფრებს  ცოტათი სცდებიან. ამავდროულად არიან ისეთებიც, რომლებიც არსებულ პრობლემებზე გულრწფელად საუბრობენ.

 

კითხვა მარტივია: იცით თუ არა, სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ?

 

თინათინ ტაბიძე, სოფლის ამბულატორიის ექიმი: „როგორ არა, მაქვს ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ. მოწვეულნი იყვნენ სოფლის წარმომადგენლები, ეკითხებოდნენ, რა სურდათ, გაკეთებულიყო. შეირჩა ეს პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა ლამაზი სკვერი, შვილებს და შვილიშვილებს გავიყვანთ, მეზობლები შევიკრიბებით, ურთიერთობა გვექნება ერთმანეთთან. მეც ვესწრებოდი ამ კრებას, დაახლოებით, 50-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი (რწმუნებულის განცხადებით, კი კრებას 300 ივანდიდელი ესწრებოდა). გვინდა გზების გაკეთება და მომავალში გაკეთდება, გვქონდა გზები, მაგრამ წელს მოსულმა თოვლმა და ყინვამ დააზიანა.“

 

ზაურ ბენდელიანი, ადგილობრივი: „რა არის ეს სოფლის დახმარების პროგრამა?.. კი იყო რაღაც კრება, მე არ ვესწრებოდი, განათება გაკეთდა, სკვერს აკეთებენ.  რატომაც  არა, მომწონს, თუ რამე გაკეთდება, კარგია.“

 

ელისო თაკვარელი: „არ ვესწრებოდი, გაგონილი კი მაქვს. პრიორიტეტები დაეთმო ახალგაზრდობას, სკვერი და მოედანი კარგია ახალგაზრდობის დარჩენის მიზნით, მომავალში კიდევ სხვა რამე გაკეთდება, რაც კარგია სოფლისთვის“.

 

მალხაზ თუთისანი, ადგილობრივი: „არ ვიცი, რა არის ეგ პროგრამა, არც კრებას ვესწრებოდი და არც არავის გავუფრთხილებივარ. გზის გარდა, არც ის ვიცი, რა გაკეთდა. ეს განათება რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა. კარგია თუ სოფელში რაიმე გაკეთდება და მოსახლეობაც იქნება ამაში ჩართული“.

 

თეიმურაზი, 74 წლის, ადგილობრივი: „რა არის ეგ პროგრამა? კი იძახიან რაღაცებს, ბაბუა, მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არაა.  არაფერი არ ვიცით, ფულია მგონი ჩვენთვის გამოყოფილი. სტადიონი გავაკეთეთო. სტადიონი ოდითგანვე გამგეობის წინ იყო, 74 წლის კაცი ვარ და იქ ვთამაშობდით და ვიკრიბებოდით ყოველთვის. რა უნდოდათ, იქ რომ გააკეთეს, თანაც ხეებთან ერთად, მაგრამ ხალხს არაფერს ეკითხებიან. სკვერი გაკეთდაო რაცხა. რათ მინდა სკვერი? მე რომ დავიღლები თოხნის დროს, ჩრდილს მოვძებნი და ვწვები, რათ გვინდა სკვერი, ამისთანა ეზოები გვაქვს. ახალგაზრდობისთვისო! რაც ეს ტელევიზორი და ნოუთბუქები გამოიგონეს, ახალგაზრდა გარეთ აღარ გამოდის. გარეგანათება გააკეთეს, მაგრამ ჯერ არ ჩაურთავთ, ეტყობა კალაძის ჩამოსვლას ელოდებიან, რომ ჩართონ.“

 

 

გუბის თემი

 

 ივანდიდის მსგავსად, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტებიდან, სკვერის შემოღობვა-მოწყობაა აქტუალური ხონის რაიონის გუბის თემშიც. რწმუნებულის, აკაკი ახალაძის განცხადებით, გუბის თემში შემავალი სამი სოფლისთვის (დიდი გუბი, პატარა გუბი და შუა გუბი) გამოყოფილი 35836 ლარი გარეგანათებისთვის, სკვერის და წყლის სისტემის გაკეთებისთვის დაიხარჯა.


აკაკი ახალაძე, გუბის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: „დიდ გუბზე გამოყოფილი 18 271 ლარიდან 4 000 ლარით წყლის სისტემა მოეწყო, რომლითაც 15 ოჯახს მიეწოდება წყალი, ასევე 4 000 ლარით სკვერი შემოიღობა, დარჩენილი თანხით კი გარეგანათება გაკეთდა. პატარა და შუა გუბში გამოყოფილი 8197 და 9368 ლარიდან მთლიანად ცენტრალურ გზებზე გარეგანათება გავაკეთეთ, დაგვრჩა მხოლოდ ჩიხები. პროექტები უკვე დასრულებულია, მხოლოდ მრიცხველის ჩართავს ველოდებით და, დაახლოებით, მომავალ კვირაში ჩაირთვება.

 

პრიორიტეტების შესარჩევად აპრილში კრება ჩატარდა, რომლის შესახებაც მოსახლეობა თვალსაჩინო ადგილებზე გამოკრული განცხადებით გავაფრთხილეთ. სამივე სოფელში, დაახლოებით, 30-30 კაცი ესწრებოდა. სამწუხაროდ, მოსახლეობა საკუთარი სოფლის პრობლემებით ნაკლებად არის დაინტერესებული, შემდეგ კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ უბანში არაფერი გაკეთდა. განათება ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, კოპალიანმა გააკეთა, წყლის სისტემა კი, ასევე ტენდერში გამარჯვებულმა ხონელმა, ვლადიმერ ბალანჩივაძემ მოაწყო. პატარა გუბის მოსახლეობას სურდა, რომ სკოლა გადაგვეხურა, მაგრამ ვინაიდან ეს არ არის სოფლის ბალანსზე, მისი გაკეთება ვერ მოხერხდა.“

სოფლის დახმარების პროექტის შესახებ გუბის თემის მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული. უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამ პროექტის შესახებ არაფერი იცის, ნაწილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის შესახებ სმენიათ, მაგრამ მიზეზთა გამო, კრებას არ ესწრებოდნენ.

 

ზვიადი, ადგილობრივი: „არ გამიგია, იმ დროს არ ვიყავი ოჯახში. რა გაკეთდა? რავი, მგონი გარეგანათება კეთდება. კარგია, თუ რამე გაკეთდება, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირებაც უნდა მოხდეს“.

 

მიშიკო გეგუჩაძე, ადგილობრივი:  „კი გამიგია, ვესწრებოდი კრებას, მაგრამ ბოლომდე არ დავრჩენილვარ, პრიორიტეტულად ინფრასტრუქტურის მოწყობა შეირჩა. ვიცი, რომ სკვერისთვის         „ზაბორი“ გაკეთდა. ბევრი რამე საჭიროებს მოწყობას. მე რას ვთვლი პრიორიტეტულად? ჩამოვყალიბდები და შემდეგ წელს კრებაზე ვიტყვი.“

 

მიშიკოს საჭირო სამუშაოების დასახელებაში რწმუნებული წამოეშველა.

 

„ახლა დაიბნა ეს, თუ არა სარწყავი არხის სადრენაჟე სისტემაა მნიშვნელოვანი ამათთვის, წვიმის იმედად ხომ ვერ იქნებიან, რომ ყანები მორწყან? ამიტომ, მომავალ წელს სარწყავი სისტემის მოწესრიგებას მოითხოვენ და ჩვენც შევასრულებთ,“ - აღნიშნა აკაკი ახალაძემ.

 

როგორც სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში გავარკვიეთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  გამოყოფილი თანხით შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს  არ ატარებს. რის გამოც შესრულებული სამუშაოების ხარისხი მხოლოდ მავანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასევე მოსახლეობის ინფორმაციიდან გამომდინარე, პრიორიტეტების შერჩევის წესი არასწორია, რადგან უბნებზე გაყოფილი თანხით სოფლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები არ ტარდება. ადგილობრივების რეკომენდაციით, უმჯობესი იქნება, თუკი საერთო თანხით ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდება და არა მცირე ზომის სკვერები  მოეწყობა, ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლებს თავშეყრის ადგილი ჰქონდეთ.

 

 

სტატია მომზადებულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია