დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანონო პატიმრები
ნანა კაკაბაძე: „თუ 2014 წელს ქვეყანაში სამართლიანობა არ აღსდგება, ხელისუფლების გადაყენებას მოვითხოვთ "
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/20 23:01:44

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში  ორი დღეა 1500-მდე  პატიმარი შიმშილობს, ისინი  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უარს ეუბნება პატიმრებს, შექმნას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. ამით პატიმრებს უკანონო პატიმრობა უხანგრძლივდებათ.


ნანა კაკაბაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავჯდომარე):


 -  ქალბატონო ნანა, რა ხდება დღეს საპატიმროებში, რამდენი პატიმარი შიმშილობს?

- დღეისათვის სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში 1500-მდე პატიმარი შიმშილობს, დამიკავშირდნენ პატიმრები ალექსანდრე რაზმაძე და თამაზ რასოიანი,  რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან , რომლებმაც მითხრეს, რომ  კოლონიაში 400-მდე პატიმარი შიმშილობს  ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით.  ისინი ითხოვენ  საქმეების გადახედვას და სამართლიანობის აღდგენას.


- თუ გამოეხმაურა პატიმრების  პროტესტს სოზარ სუბარი?

- მართალია, გამოეხმაურა, მაგრამ უარყოფითი კუთხით, არაადეკვატურად და სამარცხვინოდ. მან აპელირება გააკეთა იმაზე, რომ თითქოსდა ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 223 პრიმა მუხლის გაუქმებისათვის შიმშილობენ და არა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. რადა, იქ  შიმშილობენ პატიმრები, რომლებიც მოითხოვენ მკურნალობას და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტას.  Pპატიმრების მაშტაბური შიმშილობა კი უკანონო სასჯელების გადახედვას ემსახურება. რატომღაც ამ თემის ულტრირება ხდება და სურთ,  პატიმრების მოთხოვნები კრიმინალამდე დაიყვანონ. ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზინგით მოვიდა (და ხალხმა სწორედ ამას მისცა ხმა), დღეს ნაციონალებთან ერთად ერთ ხმაში არ უნდა მღეროდნენ იმ სიმღერას, რომელიც სამარცხვინოა ამ ხელისუფლებისათვის.


- თქვენი აზრით, თუ კომისია არ შეიქმნება, მანამდე პატიმრები შიმშილობას არ შეწყვეტენ.?

კომისია არ არის პანაცეა. მთავარია, გადაიხედოს პატიმრების საქმეები. თუკი ეს ხელისუფლება აღიარებდა იმას, რომ 10 ათასობით დაზარალებული ადამიანი თხოულობდა  სამართლიანობის აღდგენას, ამბობდნენ, მოვალთ თუ არა, ამ ადამიანების საქმეებს გადავხედავთ და სამართლანობას აღვადგენთო,  რა არის ახლა ეს? ეს ხომ ხალხის მოტყუებაა?


 რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ უკანონო განაჩენების გადახედვაზე?

- ხელისუფლებამ უკან იმიტომ დაიხია, რომ სერიოზული ზეწოლა აქვთ დასავლეთიდან. სხვა დანარჩენი, თუ რა დგას  უკანდახევის უკან, ჩემთვის უცნობია. თუ რატომ აფარებს ოცნება ხელს ნაციონალებს, ანუ მათ კრიმინალურ საქმიანოობას, ამის მიზეზს შემდეგი ხელისუფლება გამოავლენს..


- აცხადებთ, რომ 20 ათასამდე უკანონო პატიმარია, რომელთა საქმეებიც არ არის განხილული.

- 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა პროკურატურას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ისინი მოითხოვენ  მათი საქმეების გადახედვას.


-  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა იმიტომ გადადო ხელისუფლებამ, რომ ბიუჯეტში საკონპენსაციო თანხები არ აქვთ, ამიტომაც უაკანონო პატიმრობა გაუგრძელდებათ პატიმრებს, რამდენად რეალურია არგუმენტი?

-  რაც შეეხება კოპენსაციას, 20 ათასი ლარი გადაუხადეს პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძეს, ეს იყო  ყველაზე მაქსიმუმი თანხა, რომელიც დაზარალებულს გადასცეს  შევარდნაძის დროს.  დღეს  პატიმრები ფულზე კი არ საუბრობენ, არამედ იმ პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც ხელისუფლებას  უნდა ჰქონდეს  სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ელიან, აცხადებენ, რომ დღეს სამარცხვინოა  კოპენსაციაზე საუბარი, პატიმრები ღირსების აღდგენას ითხოვენ. ხელისუფლებამ ამ კომისიის შექმნის უარყოფით  უაკანონო პატიმრებს პატიმრობა გაუხანგრძლივა. ახლა იძახიან,  რომ ფული არ აქვთ. ჯერ გამოუშვან პატიმრები და მერე გადაუხადონ ფული, თუნდაც 20 წლის მერე. კოპენსაციის გამო,  უკანონო პატიმრობას  რატომ უხანგრძლივებენ?


- 2013  წელი როგორი იყო  საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, თქვენი შეფასებით?

- ფაქტია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, შიში მოიხსნა საზოგადოებაში, მაგრამ ის, რასაც ჰქვია სამართლიანობის აღდგენა, ამის დაწყებას პირი არ უჩანს, თუ არ ჩავთვლით იმ ამინისტიებს, რომელიც პარლამენტმა განახორციელა. ამას კი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. ეს იყო ჰუმანური აქტი, ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილი ნება და ადამიანები გამოუშვა ციხიდან.  თუმცა, ადამინების დიდი ნაწილი, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული, დარჩნენ უკანონო პატიმრობაში. ამათთვის არაფერი არ შეცვლილა, არც იმათთვის, ვისაც ქონება და  ბიზნესი წაართვეს.  გყავს იპოთეკით დაზარალებული ადამიანები, რომელიც მაშტაბური მოვლენა იყო, ასეთ მდგომარეობაში  საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა. ამ ადამიანების უფლებები არ  აღდგენილა და არც იმ ადამიანების, რომლებიც სამსახურებიდან გამოყარეს.   სამართლიანობისა და  შელახული უფლებების აღსადგენად  არაფერი არ გაკეთებულა.წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული, ქონებაწართმეული  ადამიანები ისევ დაზარალებული დარჩნენ.


- ფიქრობთ,  ეს კოაბიტაციის შედეგია?

- ერთის მხრივ, კოაბიტაციის და, მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ხელისუფლება მოერგო  დასავლეთის მითითებებს, მათ  არ უნდათ ზედმეტი თავის ტკვილი და მხოლოდ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ძალაუფლების წყარო ხომ ქართველი ხალხია?

ასე რომ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით   ცოტათი გაუმჯობესდა ვითარება იმით,რომ ციხეებში აღარაა წამებები, თუმცა იმატა სუიციდის შემთხვევებმა, ეს გამოიწვია პატიმრების უიმედობამ. ის სასჯელი, რომელიც პატიმრებს  უკანონოდ აქვთ, მათში უიმედობას იწვევს, რამაც ბევრი პატიმარი სუიციდამდეც კი მიიყვანა. ერთი წლის განმავლობაში  ციხეებში მაინც ფიქსირდებოდა ასევე  ცემის და დამცირების ფაქტები.


- თქვენ განაცხადეთ, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს უკანონო პატიმრებს, მაშინ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოხვალთ?

-  თუ ხელისუფლება ვერ აასრულებს თავის დანაპირებს და  იტყვის იმას, რასაც დღეს ამბობს, ულტიმატუმის ენით არ უნდა დაგველაპარაკონ პატიმრებიო, (მაშინ როცა არავითარი ულტიმატუმ აქ არ წამოუყენებიათ  პატიმრებს) და თავის  ფუნქციას ვერ შეასრულებს ხელისუფლება, მაშიმ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლება უარს ამბობს სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ ის უარს ამბობს  ხელისუფლებაში ყოფნაზეც.

თუ  2014 წელს არ გაუმჯობესდება ადამიანის უფლებები, მაშინ ჩვენ  დავიწყებთ საპროტესტო აქციებს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. მოვა ის ხელისუფლება,  რომელიც შეძლებს სამართლიანობის აღდგენას.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია