საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ჯოზეფ ქეის ცილისწამებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/18 10:41:34

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს გიორგი გაშაძეს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ჯოზეფ ქეისთვის იმის გამო, რომ მან ქეის „თაღლითი“ უწოდა.


სასამართლომ დააკმაყოფილა გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის შორეული ნათესავის, ჯოზეფ ქეის, სარჩელი და მის სასარგებლოდ ვაშაძეს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა იმ საქმეზე, რომელიც ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი არგუმენტების მოსმენის გარეშე მიიღო 13 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვაშაძის ადვოკატი არ გამოცხადდა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე.

 

დეპუტატ ვაშაძის ადვოკატმა ქეთევან ზანდუკელმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 16 დეკემბერს, რომ მას ჯანმრთელობის მიზეზების გამო დააგვიანდა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე; მისი თქმით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მისი დაგვიანება საპატიო მიზეზით მოხდა, საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება.

 

„თუ აღნიშნულ მიზეზს, და ჩვენ ვიმედოვნებთ, სასამართლო საპატიოდ მიიღებს, ამის შემდეგ ის შევა არსებით განხილვაში და განვიხილავთ არსებითად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უკვე ყველა ის მტკიცებულება ჩვენი პოზიციის დასაცავად, რომ ბატონმა გიორგი ვაშაძემ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და ადგილი არ ჰქონია ცილისმწამებლური განცხადების გავრცელებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

ჯოზეფ ქეის სარჩელს საფუძვლად დაედო ვაშაძის სატელევიზიო განცხადება, რომელიც მან 2013 წლის 24 თებერვალს გააკეთა. თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კომენტირებისას, რომელშიც ჯოზეფ ქეი ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც ჯერ არ დაუკითხავთ სასამართლო სხდომაზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ საქმე „თაღლითის“ ჩვენებაზე ააგო.

 

ვაშაძემ განაცხადა თებერვალში, რომ ყველამ იცის, რომ ჯოზეფ ქეი საერთაშორისო დონეზე ცნობილი თაღლითია. რამდენიმე თვის შემდეგ ქეიმ ვაშაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 50 000 ლარის ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

 

„მე გამოვხატე სუბიექტური აზრი და ჯოზეფ ქეის ვუწოდე თაღლითი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მე ამის სრული უფლება მაქვს სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად... ჯოზეფ ქეი არის საჯარო ფიგურა და მე მაქვს უფლება მასთან დაკავშირებით გამოვხატო ჩემი აზრი“, – განაცხადა ვაშაძემ ივლისში და გაიმეორა, რომ მას მიაჩნია, რომ ქეი „თაღლითია“.

 

ვაშაძე ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც ქეის „თაღლითი“ უწოდა. 2013 წლის მარტში გია ხუხაშვილმა ასევე მოიხსენია ქეი „თაღლითად“ ერთ–ერთ პოლიტიკურ თოქშოუში.

 

წყარო"სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია