დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი, 7 - 13 მარტი, №10 (314)
რო­გორ წა­მარ­თვა ქოლ­გა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/11 13:44:11

არაორდინალური ამბები

რუბრიკის პირველი სტუმარი: ძირძველი ქუთათური ოჯახის შვილი, 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლის უმრწემესი ასული, წლების მანძილზე „ოფიცერთა სახლთან“ არსებული სამუსიკო სტუდიის პედაგოგი   ძაბული ჭკადუა.

 

 

50-იანი წლების ქუთაისში დუღდა და გადმოდუღდა კულტურული ცხოვრება. ჩვე-ნი ქალაქი აძლევდა ტონს მთელი ქვეყნის სულიერებას: რა კონცერტები, რა შეხვედ-რები, რა გასტროლები, რა სპექტაკლები და გამოფენები... რა  არ იმართებოდა!.. 

 

მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა კომკავშირის ქალაქკომის მაშინდელი პირ-ველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის თაოსნობით, ქუთაისში ზოია კოსმოდემიან-სკაიას დედას მოუწყვეს შეხვედრა.

 

ღონისძიება ქალაქის ბაღში, ე.წ. „საზაფხულო თეატრში“  უნდა გამართულიყო. სხვადასხვა სკოლის ბავშვები წინასწარ შეგვარჩიეს - ვის სიტყვა უნდა წარმოეთქვა, ვის - ლექსი და ა.შ.

 

რკინიგზის 21-ე სკოლის დირექტორმა თინა ფანჩულიძემ და უფროსმა პიონერხელ-მძღვანელმა გულნარა ქანდარიამ სიტყვის წარმოთქმა ნარგიზა მგელაძეს მიანდეს, მე კი იოსებ ნონეშვილის ლექსი უნდა წამეკითხა მხატვრულად. ნარგიზა საოცრად ნი-ჭიერი გოგონა იყო, ნამდვილი ორატორი. მისი სახელი ქუხდა ქუთაისის მაშინდელ სასკოლო ცხოვრებაში - სად არ გამოჰყავდათ, რა დონეზე არ უსახელებია სკოლა თუ ქალაქი.

ლექსის მხატვრულად დამუშავებაში ჩემი რაზმის ხელმძღვანელი, უფროსკლასე-ლი გოგონა - გენრიეტა ლოლუა მეხმარებოდა, ჩვენს უსაყვარლეს და ულამაზეს პიო-ნერხელმძღვანელთან - გულნარა ქანდარიასთან ერთად.

 

მოკლედ, დედამ და უფროსმა დამ, მედიკომ, საგანგებოდ გამომაწყვეს თეთრ, მანჟეტებიან, კარგად გახამებულ მიტკლის „კოფთასა“ და ლურჯ ქვედაკაბაში, ფეხს დედის მოქსოვილი „გამაში“ მიმშვენებდა (მაშინ სად იყო გეტრები!), მკერდს - წითე-ლი ყელსახვევი. 

 

გამომპრანჭეს და... წამოვიდა წვიმაც.

 

დედამ შეიცხადა.

 

- აგერ, გრიშამ სონა ებრაელთან (აბონ ციციაშვილის დედაზეა ლაპარაკი, ის ვაჭ-რობდა) ქოლგა მიყიდა და გათხოვებო. - მითხრა მედიკომ, თან საგანგებოდ დამარი-გა: თავიც გამოიჩინე და ჩემი ქმრის ნაჩუქარი ქოლგაც უვნებლად დამიბრუნე, არ და-მიკარგო, იცოდეო.

 

სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, თეატრის გარეთ ვიდექი, - იქ, სადაც ახლა თეთრი კოლონადაა. ქოლგაზე წკაპუნით ეცემოდა წვიმა.

 

უცებ, ჩემს წინ ნაცრისფერი „პობედა“ გაჩერდა. გაიღო კარი და იქითა მხრიდან ცქვიტად შემოუარა მანქანას ედუარდ შევარდნაძემ. ო, რა ლამაზი იყო! შავი კოსტუ-მით, ქერა თმით, მონაცრისფრო თვალებით... სხვათა შორის, ქუთაისში გოგოები გიჟდებოდნენ მასზე. თვითონ ედუარდს ერთი გოგო მოსწონდა ძალიან, მაგრამ ის არ გაჰყვა... გეტყვი, ვინც იყო, ოღონდ - გაზეთში არ გამოაქვეყნო...

 

მოკლედ, ედუარდმა ახედა ცას და შენიშნა, რომ წვიმს... მიმოიხედა, მე რომ შემნიშ-ნა, სტაცა ხელი ჩემს ქოლგას და მივარდა ისევ „პობედას“. ცალი ფეხი ტროტუარის ფილაქანზე ედგა, ცალიც - გზაზე. სასწრაფოდ გააღო მანქანის კარი და ქოლგა გადაა-ფარა იქიდან გადმოსულ ძვირფას სტუმარს.

 

ზოია კოსმოდემიანსკაიას დედა ძალიან სიმპათიური, ტიპიური რუსი ქალი იყო. შავი კოსტუმი და თეთრი „კოფთა“ ეცვა, გვერდზე გადავარცხნილი, უკან შეკრული ქერა თმა ჰქონდა.

 

ინტერესით ვუყურებდი, თან მოუთმენლად ველოდი - როდის მომაწოდებდა ჩემს ქოლგას კომკავშირის ქალაქკომის მდივანი.

 

ედუარდმა  ზოიას დედა დიდი პატივისცემით შეაბრძანა თეატრში. ის ჩემი ქოლგა, ალბათ, ააყუდა სადმე, ან - ვინმეს შეაჩეჩა. მე კი - პატარა, გულუბრყვილო გოგო - ვდგავარ გარეთ, წვიმაში, და შეშფოთებული ვუცდი, როდის დამიბრუნებს.

ამასობაში შეხვედრის პირველი, ოფიციალური ნაწილი დამთავრებულა და ბავ-შვების ჯერიც დამდგარა. მოვარდა გენრიეტა ლოლუა - გოგო, სადა ხარ, შენი გამოს-ვლის ჯერიაო.

 

თურმე გამოვუცხადებივარ კიდეც და, თეატრში შესულს, პირდაპირ სცენაზე მიკ-რეს თავი.

 

გაიხსნა ფარდა. ვდგავარ მაყურებლის წინაშე, ლექსის სათაურს აღარ ვამბობ, ვშლი ხელებს და ათრთოლებული ხმით ვიწყებ:

 

„ტრამალები სდუმან შენი

საქმით განაკვირები,

მოდიან და შენს საფლავთან

ქუდს იხდიან გმირები...“

 

შევყურებ პრეზიდიუმს, ჩემს წინ მყოფ დარბაზს, თვალით დავეძებ ჩემს ქოლგას - იქნებ, სადმეა? ა? და... წკაპ, წკაპ... მცვივა ცრემლები.

 

ვტირი ჩემს ქოლგას... „ვაიმე, რას მეტყვიან სახლში“! 

 

ზოიას დედაც ტირის. 

 

ედუარდიც თვალებს იმშრალებს. 

 

დარბაზიც შფოთავს. 

 

ლექსის თითოეულ სტრიქონს იმდენ ცრემლსა და ტკივილს ვატან, ხალხი ქვითი-ნებს. 

დავამთავრე და გავვარდი კულისებში. მოდიან აღფრთოვანებული, აღელვებული ადამიანები, მილოცავენ, მკოცნიან, გულში მიკრავენ...

 

შინ მხრებჩამოყრილი მივლასლასდი.

 

დედამ გამიღო კარი:

 

- სადაა, ძაბული, ქოლგა?

 

ვიცრუე, დამეკარგა-მეთქი.

 

- ვაიმე, მედიკოს ძინავს. რომ გამოიღვიძებს, რა ვუთხრათ? - პირკატა ეცა დედას.

იცოცხლეთ, მე კი გამჩეჩა ჩემმა უფროსმა დამ: მეორე ქოლგას აღარ მიყიდის გრიშა, მაგაზეც რამდენი ვეხვეწე! როგორ დამიკარგე, გოგო,  ასეთი ქოლგაო.

დედა შეეხვეწა:

 

- ნუ მომიკლავ ჩემს მეშვიდე შვილს, ხომ იცი, მაგაზე მშობიარობას კინაღამ გა-დავყევი. კარგი ბავშვია, კარგად სწავლობს, ნიჭიერია, იცოცხლოს, რა იქნებაო.

იქით ჩემი სიძე გადაირია:

 

- ჩემს შვილივით გაზრდილ პატარა ცოლისდას რავა მიკლავ ქოლგის გულისთვის, მეორეს გიყიდი, შე ქალოო.

 

ახლა კი ვიკადრე და გამოვტყდი: ქოლგა კი არ დამკარგვია, ედუარდ შევარდნაძემ წამართვა-მეთქი.

 

მოვყევი, როგორც იყო. 

 

ჩემი და მთლად გადაირია: - რაო? ახლავე წავალ კომკავშირის ქალაქკომში, ედუ-არდ შევარდნაძის წასართმევი ქოლგა სად მაქვს მეო.

 

დედამ უთხრა: - გაგიჟდი, გოგო? ჩვენ რეპრესირებული ოჯახი ვართ, სიმართლე ჯერ ვერსად ვიპოვე და ახალ შარს გინდა, ამკიდოო? თუ ქალი ხარ, მეორედ არ გამა-სახლონ ამ ძლივს დაბრუნებული სახლიდან და ბავშვები ღია ცის ქვეშ კიდევ არ და-მიყარონო.

მძიმე დღეები ჰქონდა გავლილი დედას,  ეშინოდა.

 

მე კი მთელი სიცოცხლე მახსოვდა ჩემი დის შავი ქოლგა, რომლის გამოც ისე მწა-რედ მომხვდა მაშინ.

 

ესაუბრა ნანული ცხვედიანი

 

 

ძაბული ჭკადუა

 

მარცხნიდან: გენრიეტა ლოლუა და ძაბული ჭკადუა

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი, 7 - 13 მარტი, №10 (314)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია