საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი, 21 - 27 თებერვალი, №8 (312)
როგორ დააბრუნა სტალინმა ყუმურელი კაცი გადასახლებიდან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/11 13:02:56

- მაშინ მხოლოდ 26 წლის ვიყავი. ალბათ, რომ არა მამაჩემის ტანჯვა-წამების ყურება, რომელიც კაკასუბანთან განშორებით იყო გამოწვეული, ვერასოდეს გავბედავდი სტალინთან წასვლას... - იხსენებს 81 წლის შოთა ადეიშვილი და, მომხდარი ამბიდან ნახევარსაუკუნოვანი დისტანციის მიუხედავად, ცრემლებს  ვერ იკავებს.

 

 

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“

 

სტორიიდან ბევრს ეხსომება 1949 წლის დიდი გასახლებები. იმ დროს უამრავი ადამიანი გაასახლეს შუა აზიაში, ხელი არც ადგილობრივი გასახლებებისთვის დაუკლიათ. განსაკუთრებული სისასტიკით მთიანი ზონების აყრა-დაწიოკება განხორციელდა. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მომიზეზებით, ხალხი თავის საყვარელ გარემოს მოგლიჯეს და სრულიად უცხო მიწაზე  დაამკვიდრეს. პროტესტის გამოთქმა უეჭველ სიკვდილს, უკეთეს შემთხვევაში კი, გაციმბირებას მოასწავებდა, ამიტომ გასახლებულთა დიდმა ნაწილმა სიტყვის უთქმელად დატოვა წლობით ნაფერებ-ნალოლიავები კარ-მიდამო და ახლის შენებას შეუდგა.

 

იყვნენ გამონაკლისებიც, რომელთა შესახებ ბატონი შოთა, რომელმაც თავის თავზე იწვნია გადასახლების სუსხიცა და დაბრუნების სიხარულიც, დაწვრილებით გვიამბობს:

- იმ დროს გაასახლეს ჩვენი სოფელიც (ვანის რაიონის სოფელ ყუმურის საკრებულოში გაერთიანებული პატარა სოფელი - კაკასუბანი) და მათ შორის - მამაჩემი, კირილე ადეიშვილი. მამა თავის სამკვიდროს ადვილად არ თმობდა, რის გამოც დაიჭირეს და ძალით წაიყვანეს სოხუმში, სოფელ ახალშენში. დაიჭირეს აგრეთვე ჩემი და - მარგარიტა ადეიშვილი (რომელიც პარტიის წევრი იყო), ისიც - ურჩობის ბრალდებით.

 

მთლიანად მუქედ-კაკასუბნიდან (მუქედი იმ დროს პატარა სოფელი იყო, რომელიც ასევე ყუმურის საკრებულოში იყო გაერთიანებული) 55 ოჯახი გაასახლეს.

 

როგორც გავიგეთ, მთავრობას ახალშენში მცხოვრები ბერძნები შუა აზიაში გაესახლებინა და მათი საცხოვრებლები მთიანი ზონებიდან ჩამოსახლებულთათვის მიუკუთვნებიათ. მამაჩემი და ჩემი და ურჩობისთვის ათი დღე ჰყავდათ დაპატიმრებული სოხუმში. ემუქრებოდნენ უმკაცრესი სასჯელით და არ გაათავისუფლეს მანამ, სანამ „ნებით“ არ ათქმევინეს:  თანახმა ვართ, დავსახლდებით, სადაც გვეტყვითო. მართალია, გაათავისუფლეს, მაგრამ ბინად ცხენის სადგომი მისცეს (მაშინ ბევრმა კარგი სახლ-კარი მიიღო). მამაჩემი მიხვდა, რომ ეს სიურჩის საზღაური იყო და თითქოს შეეგუა კიდეც ბედს.

 

აქვე დავამატებ, რომ გადასახლების მიზეზი საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება იყო, მაგრამ ჩვენი ახალი სამკვიდრო არაფრით სჯობდა ძველს.

 

მე იმ დროს ბათუმში, რკინიგზაში ვმსახურობდი, რევიზორ-ბუღალტერი ვიყავი. რა თქმა უნდა, არავის არაფერი შეუტყობინებია და ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, მოვედი კაკასუბანში. ღამე იყო. ჩემს მტერს, რაც იქ მე ვნახე... აღარც ჭიშკარი, აღარც სახლი, აღარც სულიერის ჭაჭანება. მეზობლებს გავხედე, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჩანდა, ნასახლარებად ექციათ მთელი სოფელი.

 

... ყველაფერი წაეღოთ, „უხილავ ხელს“ ოჯახი გაეცალა. ქვევრებიც კი აღარ იყო თავის ადგილას, სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვზე რომ არაფერი ვთქვა.

 

... მხოლოდ კედლები იდგა საცოდავად გაპარტახებულ ნასახლარზე.

 

ჩადენილი საქციელის გამართლება: თავშესაფარი რომ არ ჰქონოდათ დაბრუნების მოსურნე ურჩებს...

 

სამი თვის შემდეგ ერთხელ უკვე დასჯილი მამაჩემი ისევ გამოიპარა სოხუმიდან. ეს არ გამორჩენია პარტიის მახვილ თვალს, ისევ დაიჭირეს და სასწრაფოდ დააბრუნეს  ახალშენში. ახლა უკვე გაფრთხილება სხვაგვარად ჟღერდა: თუ ისევ გაგიბედავს უკან დაბრუნება, სამუდამო პატიმრობა არ აგცდებაო.

 

 

„მასთან“ ვინ მიგიშვებს!..

 

ათუმში უკვე იცოდნენ ჩემი გასაჭირის შესახებ. მირჩევდნენ, მოსკოვში წავსულიყავი და პირადად მენახა სტალინი. ვერ გადამეწყვიტა, ეს ხომ მარტო ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ჯერ ერთი, რუსული არ ვიცოდი და ისიც საკითხავი იყო, იქ ჩასულს მიმიშვებდნენ კი სტალინთან?..

საბოლოოდ, გადავწყვიტე. სხვა გზა არც მქონდა, აქ რომც მეძებნა სამართალი, ვერსად ვიპოვიდი.   ჩემი დირექტორი, პროკოფი სიხარულიძე დამეხმარა ძალიან. იურისტის მეშვეობით შევადგინეთ ყველა საჭირო საბუთი და მოსკოვისკენ მიმავალ მატარებელში ჩავჯექი ნაცნობი (რუსულისმცოდნე) გამცილებლის იმედით. მესამე დღეს უკვე მოსკოვში ვიყავით. „პრავადნიკი“ დამპირდა, როგორც კი ჩემს საქმეს დავამთავრებ, მაშინვე მოვალო. დიდხანს ველოდე, „მაშინვე“ უსაშველოდ გაიწელა, ბოლოს დაღლილობამ მძლია და ჩამეძინა. ვგრძნობ, ვიღაც მაღვიძებს, გაკვირვებული ვახელ თვალებს  და... თავზე სრულიად უცხო, ფორმიანი სამხედრო მოსამსახურე მადგას.

ახლაც არ ვიცი, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ჩემდა გასაოცრად, ქართულად მეკითხება: - ბიჭო, ქართველი ხარ, მაჭამე სირცხვილიო...

მოსკოვში ჩამოსვლის მიზეზი რომ ვუთხარი, სიცილი წასკდა. რა ხანია, სტალინთან ვმუშაობ და მასთან ერთხელაც არ შევსულვარ, იქ შესვლა არ შეიძლებაო. მე მხოლოდ ის შემიძლია, შენი განცხადება მდივანთან მივიტანოო.

დავჯავრიანდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა; ალბათ, შევებრალე, მომიბრუნდა და მითხრა: - წამოდი, ეგებ რაიმე გამოგვივიდესო.

 

„რაზე შეწუხებულხარ,შვილო!..“

 

ირველ სამდივნოში გულდასმით წაიკითხეს ჩემი საბუთები. მერე ტანისამოსის გახდა მიბრძანეს და ყველაფერი თავისი ჩამაცვეს. რამდენი სამდივნო გავიარე, უკვე აღარ მახსოვს. საბოლოოდ, აბანოში გამატარეს და კიდევ ერთხელ გამჩხრიკეს.

 

ბოლო წერტილი კალინინთან შეხვედრა იყო. ჩემი მხლებელი რუსულად ესაუბრებოდა. რუსული არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მივხვდი, უარი უთხრა. ჩემმა მხლებელმა ხერხს მიმართა. გორის ხსენებამ გაჭრა, კალინინმა სტალინს დაურეკა და „გორელი“ მთხოვნელის შესახებ აუწყა. სტალინმა თანხმობა განაცხადა.

 

გამაფრთხილეს, ხუთ წუთში კარი გაიღება და მზად იყავიო.

 

ბოლოს, როგორც იქნა, გაიღო კარი. გავხედე, მოდის სტალინი ჩიბუხით ხელში. სადღაც გაქრა მთელი ჩემი სითამამე, ჩავღუნე თავი და ვდგავარ გაუნძრევლად. კაბინეტი დიდია, გზა გრძელია მისი მაგიდიდან კარამდე, მაგრამ ვგრძნობ, უკვე მიახლოვდება. ამ დროს მესმის  ქართულად, ძალიან ტკბილად:

 

- რაზე შეწუხებულხარ, შვილო!..

 

ამოვიღე ჩემი საბუთები და გადავეცი, უცებ გადაიკითხა (სამი ფურცელი იყო ნაბეჭდი). მერე ისევ მკითხა შეწუხების მიზეზი...

 

ახლა კი გავბედე და ავხედე. სპილენძისფერი დაკრავდა სახეზე. მედიდური იერი ჰქონდა, მაგრამ ისე ტკბილად, ისე უშუალოდ მელაპარაკებოდა, სითამამე მომეცა და სიტყვიერადაც ვუამბე ჩემი გასაჭირი.

 

ყურადღებით მომისმინა. უმოკლეს ვადაში მიიღებთ პასუხსო, მითხრა და ხელი გამომიწოდა.

 

მივდივარ კარისკენ, თავი უკვე სამშვიდობოს მგონია და ისევ მესმის მისი ხმა:

- ერთი წუთით დამელოდე, შვილო!..

 

ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა, პატარა, ასანთისკოლოფისოდენა, ხელმოწერილი ქაღალდი გადმომცა, ხელმეორედ ჩამომართვა ხელი და გამომისტუმრა. ჩემი მხლებელი, ფორმიანი ქართველი კართან მელოდა. ქაღალდის ნაჭერი, სტალინმა რომ ხელში ჩამიდო, მას გადავეცი.

 

ყურებს არ დავუჯერე, როცა მითხრა, ფული უჩუქნია შენთვის, ორასი მანეთიო. წამიყვანა მოლარესთან და მაშინვე გამინაღდეს ფული. უკან დაბრუნებისას ჩემი ტანსაცმლით შემმოსეს და ასე დავბრუნდი სამშობლოში.

 

 

 

დაბრუნება...

 

ტალინის ნათქვამი „უმოკლესი ვადა“ იმაზე მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

მოსკოვიდან პირდაპირ ბათუმში დავბრუნდი და ერთი  კვირის შემდეგ ჩავედი სოხუმში, მშობლების სანახავად. ჩემს ჩასვლამდე სოხუმში რაიკომის მდივნები ჩასულან ვანისა და სოხუმის მილიციის უფროსების თანხლებით და მოლაპარაკება უწარმოებიათ კირილესთან.

 

რა თქმა უნდა, არავის გაუმხელია, რომ ბრძანება „ზევიდან“ იყო. კირილეს ისევ უარი უთქვამს: სადაც დავიბადე და გავიზარდე, ის ადგილი ყველაფერს მირჩევნიაო.

რომ ვერ დაითანხმეს, ჩაუსვამთ მანქანაში და წაუყვანიათ. მეზობლები შეწუხებულან, ალბათ, ისევ დაიჭირესო... წამოუყვანიათ და ათვალიერებინებენ თურმე საუკეთესო სახლებს, ეგებ ირჩიოსო. ჯერ შრომაში, შემდეგ თავისუფლებაში (სოხუმის სოფლები), მერე თვით სოხუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მაგრამ ვერ გატეხეს მოხუცი ვერანაირი ცდუნებით.

 

ბოლოს აუყვანიათ ახალშენში და თავმჯდომარესთვის უთქვამთ:  დაეხმარეთ ამ კაცს, რაც ისურვოს, თავისი უძრავ-მოძრავი ქონება წააღებინეთ და გაისტუმრეთ თავის სოფელშიო.

 

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩემი მეზობლებიც დაბრუნდნენ და ხელახლა ააშენეს ყველაფერი.

 

 

***

ე არ ვიცი, როგორი იყო კაკასუბანი მაშინ, არანაირ სიმდიდრეზე რომ არ გაცვალა კირილე ადეიშვილმა, მაგრამ დღეს რომ ძალიან ლამაზია, ეს ფაქტია.

 

სოფიკო ბოლქვაძე

 

 

კაკასუბნის ახლანდელი თაობა

 

 

2005 წელი, 21 - 27 თებერვალი,  8 (312) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია