საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციების ნაწილი არ გაითვალისწინა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/10 16:56:40

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ აღმასრულებელთან ერთად განიხილა. სხდომაზე ფრაქციის დეპუტატებმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ვიცე-მერებთან ერთად ორი კვირის წინ პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ისაუბრეს. დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ ბიუჯეტის პროექტის როგორც ხარჯვით, ასევე შემოსავლების ნაწილში.

როგორც აღმოჩნდა, აღმასრულებელმა საკრებულოს რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა, რადგან,  მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ბიუჯეტი მეტ შესაძლებლობას არ იძლევა.  

„საკრებულო ითხოვდა 30%-ით ხელფასების ზრდას აიპებში, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან არ გვინდა ტყუილი ბიუჯეტი გამოგვივიდეს. ამ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომ აიპებში მინიმალური ხელფასი იქნება 200 ლარი და  ამით ნაწილობრივ გავითვალისწიენთ მათი შენიშვნები“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

აღმასრულებელმა საკრებულოს რეკომენდაციები ბოლომდე არც შემოსულობის ნაწილში გაითვალისწინა. საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისია 2014 წლის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების  წლიური  გეგმის გაზრდას ითხოვდა, თუმცა, აღმასრულებელი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქონების პრივატიზების არსებული სისტემით დიდი რაოდენობით უძრავი ქონების გასხვისებას ვერ მოახერხებს, რის გამოც საფინანსო კომისიას ამ შენიშვნის გათვალისწინებაზე უარი ეთქვა.

„ჯობია ავიღოთ მინიმუმი და იყოს რეალური. თუ დავინახავთ რომ უძრავი ქონების მიმართ გაიზრდება ინვესტორთა მოთხოვნა, ბიუჯეტში ცვლილების შეტანა შემდეგშიც  შეიძლება“,-მიიჩნევს მურღულია.

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა საკრებულოს რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა, დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ  ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი შეთანხმებული იქნება.

„ციფრებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ  ჯერ კიდევ  ბევრი  რამ არის გასათვალისწინებელი. ჩვენ მოვითხოვეთ  აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა,  კვლავ ღიად რჩება ინფრასტრუქტურული თემა.  კიდევ ერთი შენიშვნა, რაც გვაქვს არის ის, რომ  საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარებაში ფაქტიურად არ არის. მიმაჩნია, რომ მოსახლეობის აზრის გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს ბიუჯეტში, მაგრამ ჯერჯერობით რატომღაც  ამაზე არავინ აკეთებს რეაგირებას“,-აცხადებს საკრებულოს ფრქაცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე.

ქუთაისის ბიუჯეტი  თვის ბოლომდე დამტკიცდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია