დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიქტორია ნულანდი: "ვაშინგტონში მიმაქვს გზავნილი, რომ საქართველო არის ძლიერი და წინ მიიწევს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/06 21:04:37

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა 6 დეკემბერს თბილისში მისი ერთდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ ვაშინტონში წაიღებს გზავნილს, რომ საქართველო „არის ძლიერი და  წინ მიიწევს“ და ასევე „ძალიან ძლიერ პროგრესს მიაღწია ნატოსთვის მომზადების საქმეში“.


„ერთი სიამოვნებაა დაბრუნდე დემოკრატიულ საქართველოში“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში და ხაზი გაუსვა „ძალიან კარგ არჩევნებს“ და საქართველოს „წარმატებას“ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინა.

 

მისი თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადების პროცესში; საქართველო შეთანხმების ხელმოწერას 2014 წლის სექტემბრისთვის ვარაუდობს. 

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა: "ჩვენ ველით საქართველოს ახალ ლიდერებს და განვიხილავთ ვიზიტის შესაფერის თარიღებს" ვაშინგტონში.

 

ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდმა თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან; საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

ნულანდმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ის ერთად შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, რაც მისი თქმით, „საქართველოს მზარდ ერთიანობას ადასტურებს“.

 

პრესკოენფერენციის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი კიდევ ერთხელ შეხვდა ბაქრაძეს უკვე მის თანაპარტიელებთან: უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან გიგა ბოკერიასთან და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად.

 

„მოვუწოდებთ ყველა პარტიას ერთად იმუშავონ, რათა კონსტრუქციულად შეუწყონ ხელი დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „გამოწვევები ნამდვილად რჩება“, მათ შორისაა უმცირესობების უფლებების დაცვა, უფრო დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

 

„ის გზავნილი, რომელსაც მე ვაშინგტონში წავიღებ არის ის, რომ საქართველო არის ძლიერი და საქართველო წინ მიიწევს“, – განაცხადა მან.

როდესაც მას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ, კერძოდ კი 2014 წლის სექტემბერში უელსში დაგეგმილი ნატოს მომდევნო სამიტზე და წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შანსებზე ჰკითხეს, ნულანდმა უპასუხა, რომ საქართველომ „ძალიან ძლიერ პროგრესს მიაღწია ნატოსთვის მომზადების საქმეში“. მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს გზავნილი იქნება „ბეჯითი მუშაობის გაგრძელება ალიანსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“. 



„ჩვენ სექტემბერში შევაფასებთ რა ეტაპზეა საქართველო [ნატოში ინტეგრაციის გზაზე]“, – დასძინა მან.

 

თბილისიდან ნულანდი რუსეთში გაემგზავრება. მან განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის წამოიწევა ხოლმე, როდესაც „ჩვენ მოსკოვში ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვესაუბრებით“.

 

„გზავნილი იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ სწორი ურთიერთობა ორ მეზობელს შორის და გვინდა რომ ვიხილოთ მეტი პროგრესი ოკუპაციის და ე.წ. საზღვრის მოწყობის საკითხის მოსაგვარებლად, რაც ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ნულანდმა.

 

მან ხაზი გაუსვა სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ ხალხებთან კონტაქტის დამყარების მნიშვნელობას და „მათ წახალისებას, რომ მონაწილეობა მიიღონ მზარდ დემოკრატიასა და კეთილდღეობაში, რომელსაც მათ საქართველო შესთავაზებს.“ მისი თქმით, თბილისი ბევრად მეტის შეთავაზებას შეძლებს სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და სავაჭრო პრივილეგიები გახდება ხელმისაწვდომი.

 

„საქართველო სთავაზობს გზას ევროპისკენ და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხები იმსახურებენ, რომ იყვნენ ყველაფერ ამის ნაწილი, რადგანაც ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან“, – განაცხადა მან.

წყარო "სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია