დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №45 (303), 20 - 26 დეკემბერი, 2004 წელი
ბალახვნელი ბიჭი, რომელსაც სტალინმა ხელი ჩამოართვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/05 15:38:08

21 დეკემბერი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ საქართველოში... ბოლოს და ბოლოს, ამ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილია დაბადებული; სტალინის დაბადების დღე მოდის და ისეთ ადამიანებს დავუწყე ძებნა, რომელთაც ერთხელ მაინც ჰყავდათ იგი ნანახი. საბედნიეროდ, დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია და რესპონდენტს, ბევრისგან დაცინვით მისწავლებული „სასაფლაოს“ ნაცვლად, ჩვენს შორის, კერძოდ, სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე კომუნალური ბინის მე-4 სართულზე,  მივაკვლიე. როგორც გაირკვა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაიორი შალვა გოგავა რაიონის ხელმძღვანელობას, ძირითადად, ამა თუ იმ იუბილეს გადახდისას ახსენდება. მეტიც, მას სხვადასხვა ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე პრეზიდიუმშიც უწევს ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ „ჩაის მექანიკური ქარხნის“ მოქმედ დირექტორს დღევანდელი მთავრობისა დიდად არ ეიმედება, მაინც სჯერა, ახალგაზრდა პრეზიდენტი თუ მოინდომებს, „სოფელსაც ააშენებს“.

 

 

 

ბატონი შალვა წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით სავსე ოთახში გვეპატიჟება და მისდამი ინტერესის საბაბის დადგენას გამჭოლი მზერით ლამობს.

 

- თქვენზე გვითხრეს, სტალინს იცნობდაო...

 

- ცნობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ გავიცანი და ხელიც ჩამომართვა.

 

- თუ ასეა, უკეთ გაგვეცანით...

 

- დავბადებულვარ 1914 წლის 16 მარტს ქუთაისში, ბალახვანში... რკინიგზელის ოჯახში. ჩემი სახლი „რეალური სასწავლებლის“ ქვევით იდგა. მისი წარჩინებით დამთავრებისთანავე, ოჯახმა ჩემთვის უმაღლესი განათლების მიღებაზე ზრუნვა დაიწყო. არადა, როგორ მელოლიავებოდნენ... მშობლებს ჩემს გაჩენამდე ოთხი ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი, ამიტომ ეშინოდათ, მეც არ მოვმკვდარიყავი და სულ თავზე მეფოფინებოდნენ. სერგო ორჯონიკიძის ძმას, პაპულია ორჯონიკიძეს (მაშინ ის საქართველოს რკინიგზის უფროსის პოსტს იკავებდა), მამაჩემისთვის ურჩევია, შვილი რკინიგზის სასწავლებელში გაეგზავნა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ბებიაქალი მოძებნეს, მისი დახმარებით, ასაკი ერთი წლით მომიმატეს და დედაქალაქში, კერძოდ, „ზიფსი“-ში „за кавказский институт пути и сообшения“. გამამწესეს სასწავლებლად. ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, 1935 წელს თურქმენეთში გამანაწილეს. ქალაქმა მევრმა არც ისე ცუდად დამამახსოვრა თავი. სულ სხვა სამყარო, სულ სხვა ხალხი... ქალები ჩადრებით დადიოდნენ. ქუჩაში ვირი რომ გაივლიდა, ისეთ მტვრის ბუღს დააყენებდა ხოლმე, 20 წუთის მანძილზე თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი.

 

მალე მოწერილობა მომივიდა, რითაც მთავრობა 1935 წლის 1 სექტემბერს თბილისში გამოცხადებას და ჯარში წასვლას მთხოვდა. გული დაწყდათ მეზობლებს, იაპონიაში ნაცხოვრები ქართველები იყვნენ.  ვეღარ ვიხსენებ, როგორ მოხვდნენ ისინი ან იაპონიაში, ან თურქმენეთში. გზად ქალაქ კრასნოვოდსკშიც შევიარეთ, კასპიის ზღვაზე რომ არის გაშენებული, იქ წავიმეტიჩრე გოგოებთან და ცივ წყალში დიდხანს ვიცურავე, შედეგად, ისეთი გრიპი ამეკიდა, რომ კომისარიატმა ერთი წლით „დამბრაკა“ და სახლში გამომისტუმრა. აქედან იწყება ჩემი უზრუნველი ცხოვრება. ხელახლა შემოვიკრიბე თანაკლასელები, მეზობლები, მეგობრები და ცხოვრებით ვიწყე ტკბობა. თანაც თბილისიდან დეიდაშვილი მესტუმრა, მეგობარი გოგონათი. მათ ცეკვის კურსები გახსნეს ქუთაისში და მეც მიმიწვიეს. სხვადასხვა კლუბებში ვცეკვავდი ვალსის, ბოსტონის, ჩიჩოტკის სოლო პარტიებს (ინსტიტუტში გვაძალებდნენ მის შესწავლას). მე, კოკი ჟღენტი, ბორია ლომიძე, მისი და ტანია, კოლია ჭავჭანიძე და სხვები და სხვები კარგი მეგობრები ვიყავით. კრივზე, ტანვარჯიშზეც დავდიოდი, გიორგი ნიკოლაძის მოწაფეც ვიყავი, მაგრამ მალე მაინც რკინიგზას  დავუბრუნდი, კერძოდ, შორაპანის სადგურში დავიწყე მუშაობა.

 

 

მამა და 1937 წელი

 

როგორც გითხარით, მამა რკინიგზელი იყო... სათადარიგო აგენტს, ძირითადად, საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა სადგურის უფროსის მოვალეობის შესრულება უხდებოდა (თუ ისინი ავად გახდებოდნენ).

 

37 წლის 30 აპრილს მამაჩემი ბალახვანში რკინიგზის ხიდზე რომ გადმოდიოდა, თავში ის საპირველმაისო პლაკატი დაეცა, რომელსაც კომკავშირელები ხიდის თავში ამაგრებდნენ. ყველა იცნობდა მამას... წაქცეული კაცი ფეხზე აუყენებიათ და მომხდარზე ბევრი უცინიათ, მამას ხუმრობით უთქვამს: „ხალხო, პლაკატი რად მინდა, პური მაჭამეთო“. იმ ღამესვე დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში უკრეს თავი.  თქვენ წარმოიდგინეთ და, მოხდა სასწაული, ბესარიონ გოგავა სახლში 2 თვის შემდეგ დაბრუნდა, ოღონდ - პენსიისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაკარგული. მამა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ამიტომ წერილი კრემლში გაუგზავნა კალინინს  და მომხდარის შესახებ აცნობა. მან არ დააყოვნა და ფილიპე მახარაძეს  მისწერა წერილი: „почему обежайте старика“?! (თავად მაქვს წაკითხული) და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. მალე მოსამართლემ მამაჩემი თავისთან იხმო და, „რადგან არ ჩერდებიო“, ხელახალი გასამართლების საფუძველზე, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამამ თბილისის ციხეში დალია სული. ასეთი დრო იყო, კაცო, გულში მამაჩემს ვუჯავრდებოდი, ენას კბილი რატომ არ დააჭირა-თქო...

 

 

ღმერთთან დაბრუნება

 

შორაპანში დეპოს უფროსის მოადგილე ვიყავი, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. 1942 წელს, სხვა ქართველებთან ერთად, სპეციალურ ვაგონში ჩამსვეს და ფრონტისკენ გამაქანეს. ჩვენს ნაწილს, ძირითადად, დანგრეული რკინიგზის ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია ევალებოდა. ორჯონიკიძიდან ვარშავამდე ავტომატი და ქანჩი არ გამიგდია ხელიდან. 1946 წელს დავბრუნდი სამშობლოში.

 

„დავბრუნდი“ - ამ სიტყვას ადვილად ამბობს ახლა ენა. ერთხელ, არ მახსოვს, სად ვიყავით, მაგრამ მატარებელი თოვლიან ტრამალებში გაჩერდა, გამცილებელმა გოგონამ შემომჩივლა: წყალი აღარ დაგვრჩაო. ვედროებს ხელი წამოვავლე და ძირს ჩავედი, ბევრი ვიარე თუ ცოტა, ქართული ოწინარი დავინახე,  გავიქეცი, მაგრამ ფეხი დამიცურდა და ლამის ჩაქცეულ ჭაში ჩავვარდი, თავი გვიმზე შევიმაგრე. მაშინ მივმართე ურწმუნო კაცმა პირველად მამა ღმერთს, ნუ გამწირავ და საომრად ჩამოსულ კაცს ჭაში ნუ დამახრჩობ-თქო. დიდი წამების შემდეგ, ხელის ფოთიალით, თოვლში ჩაცემენტებული აგური აღმოვაჩინე და სასწაულით ზემოთ ამოვედი საღ-სალამათი. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე ვიომე, ტყვიას არც კი გავუკაწრივარ...

 

ნეტა, მოვმკვდარიყავი და ის უბედურებები არ მენახა! კაცი შენს გვერდითაა უცებ ნაღმი ფეთქდება და არარაობა, სიცარიელე ისადგურებს...

(რესპონდენტი ხელებს მუჭავს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ თხრობას განაგრძობს).

 

...იქ სადგურის უკან, შადრევანი დაგვიხვდა დანგრევას გადარჩენილი. აუზს მოცეკვავე გოგონების სტატუეტები ალამაზებდა. უცებ წყალში პატარა გოგონას მოვკარი თვალი, წამში ჩავხტი და მოტივტივე სხეულს ხელი დავატანე. რას ხედავს ამას ჩემი თვალები... გოგონას თავი და ხელები შემრჩა ხელში, მისი სხეული მხრების ქვემოთ გადაეცხრილა ტყვიების ჯერს. გონი დავკარგე...

 

ქალაქი კატელნიკოვო ახალი გათავისუფლებული დაგვიხვდა. მე და ჩემმა ქართველმა თანამებრძოლებმა შევიტყვეთ, ვიღაც მეთაურს ასაფლავებენო და გამცილებელთა რიგში გავერთიანდით. მთელი ქალაქი სასაფლაო იყო, მაგრამ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვიყავით, ბედნიერებს  თუ ასაფლავებდნენ. უცებ, მესმის გოდება: „ვაი, შვილო!“ მივაყურადე და იქეთ წავედი, საიდანაც ქალის მწარე ტირილის ხმა მოდიოდა. თავი რომ ასწია, ჭირისუფალს გამოვეცნაურეთ. საოცრებავ, ქალი ქუთაისელი შარაშენიძე შეიქნა! მას წერილი მიუღია, შვილი ამა და ამ ჰოსპიტალში მკურნალობსო, ჩამოსულა უცხო ქვეყანაში მის სანახავად, მაგრამ რად გინდა, ვაჟმა დედის ხელებში დალია სული.

 

მაშინვე მოვუხმე მეგობრებს, ვაგონი გამოვიწერე, მიცვალებული მოვათხრევინე და დედა-შვილი  მშობლიურ ქალაქში გამოვამგზავრე.

ვაგონში მაქვს, მგონი, მთელი ახალგაზრდობა გატარებული. მედლებსაც ხშირად მანდ მაძლევდნენ. ხომ იცი, კაცო, ისე ბევრი დამიგროვდა, აგერ, წითელი ყუთია სავსე. ისე, საოცარ ეპოქაში მოუწია ჩემს თაობას ცხოვრება, ორი გენიოსი დაეჯახა ერთმანეთს.

 

ჰიტლერი შტერი არ ეგონოს ვინმეს. გერმანიას 14 წლიანი ომი ჰქონდა წაგებული, ერს, რომელიც დამარცხებას არ იყო მიჩვეული! ჰიტლერმა საკუთარი ხალხის თავმოყვარეობაზე იმოქმედა და მთელი ერი ფეხზე დააყენა, რათა ევროპისთვის სამაგიერო გადაეხადათ.

 

 

„გამარჯობა, ბიჭო, შენი...“

ომი რომ დამთავრდა რკინიგზას მაინც არ მოვშორებივარ. სამტრედიის  განყოფილების უფროსის მოადგილე ვიყავი, როცა ინსტიტუტის ამხანაგი გოდუა შემხვდა სადგურზე (ის თურმე მაშინ „საქ. ჩაის“ ტრესტის მმართველი ყოფილა) - „სანამდე გინდა, „პეტლებში“ იარო“ - მომაძახა და თბილისში დამიბარა. 1957 წლის დასაწყისში „ჩაის მექანიკური ქარხნის“ დირექტორად დამნიშნეს და ახლაც ვითვლები მის ხელმძღვანელად.

 

1953 წელია, თანაც სამტრედიის რკინიგზის სალოკომოტივო დარგს ვხელმძღვანელობ. ერთ დღეს  მაშინდელმა გზის უფროსმა კიკნაძემ ღამის 3 საათზე დამირეკა (ამ კაცს ძალიან ვუყვარდი) და ორთქლმავალის შერჩევა მომთხოვა. „სტალინი წყალტუბოში ისვენებს. მისთვის ორთქლმავალი გააკონტროლე და თავად თერნალში ჩამოიყ-ვანეო.“ ასეც მოვიქეცი, ვდგავართ განათებული ორთქლმავლის წინ მე და მემანქანე და ვსაუბრობთ, წყვდიადში ორი კაცი გამოჩნდა. ჰოი, საოცრებავ, სტალინი და კიკნაძე. ენა ჩამივარდა. გზის უფროსმა იოსებ ბესარიონის ძეს ჩემი თავი წარუდგინა, მან სხარტად წამოიძახა: „გამარჯობა, ბიჭო, შენი!“ - მარჯვენა ჩამომართვა და მარცხენაზე მეორე ხელი შემომკრა. ისე, პატარა და მოხდენილი კაცი იყო ჩვენი ბელადი. ერთი კვირა ხელს არ ვიბანდი და ქვეყანას ვუყვებოდი მომხდარის შესახებ. მალე გარდაიცვალა  საწყ-ალი. როგორ უყვარდა ხალხს!..

 

 

უცნაური ნაცნობი

 

ომი რომ დამთავრდა, მერე დაიწყო ხალხმა ცხოვრება.

 

აგვისტო რომ გათავდებოდა, სულ გაგრაში სასტუმრო „грузия“-ში ვისვენებდი. საბანაოდ დილის 8 საათზე გავდიოდი ხოლმე, როცა ყველას ეძინა. ერთხელ შორს შევცურე და რას ვხედავ, ვიღაცა იხრჩვება. რის ვაი-ვაგლახით ადამიანი ნაპირზე გამოვიყვანე, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მხოლოდ ისღა გავარჩიე, ჩემი გადარჩენილი ქალი იყო. მან დამტვრეული რუსულით მადლობა გადამიხადა და გაუჩინარდა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში შავებში გამოწყობილი ორი კაცი დამადგა თავზე, ჩამაცვეს და განყოფილებაში წამიყვანეს იმის დასადგენად, თუ საიდან ვიცნობდი ამ ქალს. ბევრი ვიფიცე, ღმერთი, ხატი, საერთოდ არ ვიცი, ამ ადამიანს რა ჰქვია-თქო, მაგრამ არ დამიჯერეს. მოგვიანებით სამტრედიის რაიკომის მდივანს დავურეკე. იგი ამ კაცებს ტელეფონზე დაელაპარაკა და მორჩა ჩემი წამებაც.

 

სასტუმროს ჰოლში შესულს კი მშვენიერი ქალი ჩამომეკიდა კისერზე ყვირილით - „ჩემი გადამრჩენიაო“. არ იკითხავთ, ვინ იყო ეს ქალბატონი?! - იოანა, ბერძენი მომღერალი, ლაღიძის „თბილისოს“ რომ მღეროდა ქართულად! მან ფილარმონიაშიც დამპატიჟა სოლო კონცერტზე, სურათიც მისახსოვრა საკუთარი „პოჩერკით“. ეს ამბავი არ გამოაქვეყნო, შვილო, „ჩეკას კაცებმა“ შარს კიდო არ გადამკიდონ...

 

ზღვაზე გავიცანი სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია... ლეილა აბაშიძე, სერგო ზაქარიაძე, მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი ჭადრაკში ბრონშტეინი... ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი და მისი ჯგუფი ქარხანაშიც მსტუმრობდნენ. ალბომი სავსე მაქვს მათი სურათებით, ბევრი არც კი მახსენდება.

 

რას ვიფიქრებდი, ერთ დროს ბალახვნელი ბიჭი სამტრედიაში თუ დავიდებდი საბოლოო ბინას, მეუღლემ ჩემი თანხმობით სახლი ქუთაისში მაშინ გაყიდა, როცა მე ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძოდი. დავშორდი ჩემს ქალაქს, ახლა ვინღა იქნება ჩემი ტოლი დარჩენილი?!.

 

 

 დაკარგული სიყვარული

 

ყველაფერი ვთქვა, კაცო?.. მეც მიყვარდა ერთი გოგო, ისე, სახელს არ ვიტყვი, სულ ერთად დავდიოდით, წვეულებებზეც ერთად გვპატიჟებდნენ. მამა პატიმარი მყავდა და რა მექორწინებოდა. დედა მაძალებდა, მალე დავოჯახებულიყ-ავი. ერთხელ, საღაციდან სახლში მივაცილე და ვუთხარი: აჯობებს, დავქორწინდეთ, ხალხს ნუ ვაჭორავებთ-თქო.“

მოულოდნელად, მან, თანხმობის მაგიერ, სწრაფად მომახალა პირში: „რავა, გეცოდები?!“ და სახლისაკენ გაიქცა. ვირი ვიყავი თუ არა, ხელს ასე ვინ სთხოვს ქალს!

 

მეც გავბრაზდი და ჯინაზე შორაპნელ გოგოზე სასწრაფო წესით დავქორწინდი. ოლია წერეთელთან ორი ქალიშვილი შემეძინა, შვილთაშვილებსაც მოვესწარი.

 

 

***

 

სამტრედიის ქუჩებში მხურვალე გამარჯობა ახლაც არ მაკლია. 10 დღეა, ავად ვარ და ვერ მივდივარ ქარხანაში, თორემ განახებდი, როგორ გადავარჩინეთ იგი გაქურდვა-განადგურებას. საპატიო სტუმრები რკინიგზას რომ ეწვევიან, სულ პრეზიდიუმში წამომასკუპებენ ხოლმე. მარა ჩემს გულთან ზვიად ძიძიგურია ყველაზე ახლოს. ერთხელ, პრეფექტი რომ იყო, თავისთან კაბინეტში დამიბარა, ფანჯარასთან იდგა და ძირს იყურებოდა: „ბატონო შალვა, ძალიან ცდება ჩვენი პრეზიდენტი (ზვიად გამსახურდია), მარა, მას ვერ ვუღალატებ,“ მითხრა ხმადაბლა. სწორედ მაშინ შემიყ-ვარდა ძიძიგურის  ბიჭი, მოდის, მნახულობს. მას კი ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ - როცა  რევოლუცია მოხდა, ლენინმა და მისმა ხალხმა ვერ გაიგეს, რა ექნათ. მემამულეები -  დაჭერილი, კაპიტალისტები - გარეკილი. ლენინს ეყო ჭკუა და „непи“ გამოაცხადა „новая экономическая политика“.

 

გაქცეული ხალხი უკან დააბრუნეს და მრეწველობის აღდგენა დაიწყეს. ოციანი წლები საბჭოთა ცხოვრების ოქროს ხანად ითვლება. მოვიდა სტალინი და რაც გააკეთა 1937 წელს, ამას ჩემი მოყოლა აღარ ესაჭიროება. მესმის, ჩვენი პრეზიდენტი და მისი ხალხი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ძველი ნასწავლი და გამოცდილი ხალხის სანაგვეზე გადაყრა მაინც არ არის ლამაზი. ჩემს ქარხანაში ყველაფერი ისე შევინარჩუნეთ მე და ჩემმა მთავარმა ინჟინერმა ლეჟავამ,  რომ სააკაშვილი თუ ინებებს და საქართველოში ჩაის წარმოებას ააღორძინებს ნამდვილად არ შევარცხვენთ!..

 

 თამარ ბახტაძე

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,   №45 (303), 20 - 26 დეკემბერი, 2004 წელი

 

 

 

 

ჯონდო ერისთავი, (მარცხნივ) შალვა გოგავა, 1932 წელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია