დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე „სარეკლამო ომი“ დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/27 23:49:12

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე „სარეკლამო ომი“ დაიწყო. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ „მისტერ რექსის“ გამოჩენას „ალდაგის“ სარეკლამო რგოლი მოჰყვა, სადაც „რექსის“ მსგავსი პერსონაჟი – ლაბრადორი – სავარძელში მჯდომი მამაკაცის ფეხებთან ზის.

 

პასუხის პასუხად „რექსმა“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:   „ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს, ალდაგი ძაღლებს დააზღვევს, მე და ჩემი მეგობრები ჯიპიაიდან - ადამიანებს. მართლა გამიხარდა, რომ "მიმდევრები" გამომიჩნდა კონკურენტ კომპანიებში, ასე თუ გავაგრძელებთ სადაზღვევო სფეროსაც წაადგება და სარეკლამოსაც.“

 

მისტერ რექსი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი „სახეა“. სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ძაღლის სახე ერთგულებისა და სანდოობის საუკეთესო სიმბოლოა და საკუთარი სარეკლამო კამპანია სწორედ მის გარშემო ააგო. სოციალურ ქსელებში ეს ნაბიჯი საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა და კომპანია კრეატიულობის დეფიციტში დაადანაშაულეს.

 

დისკუსიას მეტი იმპულსი შესძინა სადაზღვევო ბაზრის ლიდერი კომპანიის მოულოდნელმა პასუხმა: „ალდაგმა“ შინაური ცხოველების დაზღვევის სარეკლამო კლიპში  „რექსის“ მსგავსი ძაღლი გამოიყვანა, რომელსაც სავარძელში მჯდომი მამაკაცი თავზე ხელს უსვამს. 


საკუთარ სარეკლამო რგოლებში კონკურენტის სახის შემოყვანის პირველი ყველაზე რეზონანსული მაგალითი „საქართველოს ბანკის“ კლიპი იყო, სადაც კონკურენტი ბანკების ფერების ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონები და „საქართველოს ბანკის“ კორპორატიულ ფერებში ჩაცმული „სანტა“ ფიგურირებდნენ. 

 

დღეს კი „ალდაგმა“ კონკურენტი კომპანიის სახე – ძაღლი „რექსი“ – კლიპში საკუთარი პერსონაჟის ფეხებთან დასვა. 

 

მაყურებელში ამ სარეკლამო „პინგ–პონგის“ გაგრძელების მოლოდინი შეიქმნა. სოციალური ქსელების ერთ–ერთი მომხმარებელი რეკლამის ავტორებს კრეატივს უწუნებს და კითხულობს, ვიხილავთ თუ არა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომდევნო კლიპში მელოტ მამაკაცს, რომელსაც „თავზე უტყაპუნებენ ხელს.“

 

რატომ გადაწყვიტა „ალდაგმა“ კონკურენტის სარეკლამო კამპანიისთვის პასუხის გაცემა ამ ფორმით და როგორ მიიღეს ეს პასუხი თავად „ჯიპიაიში“? იქნება თუ არა „პასუხის პასუხი“ ალდაგის ნაბიჯზე?

 

сommersant.ge–ს ამ კითხვებზე პასუხისას კომპანია  „ალდაგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნუცა კოღუაშვილი აცხადებს, რომ  ქართულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათ გამოიტანეს შინაური ცხოველების დაზღვევის პროდუქტი, რასაც კომპანია დიდი ხნის წინ გეგმავდა, რადგან საქართველოში ამ დროისთვის 200 ათასი ოჯახია, რომელსაც შინაური ცხოველი ჰყავს.

 

 თუმცა კითხვაზე, გამიზნულად მოხდა თუ არა აღნიშნულ სარეკლამო რგოლში „რექსის“ მსგავსი ძაღლის გამოყვანა, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პასუხის გაცემა გაუჭირდება და განმარტავს, რომ მათ ამით,   მომხმარებელს უბრალოდ ახალი პროდუქტი შესთავაზეს და ძაღლის ელემენტის სარეკლამო რგოლში  გამოყენება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ახალი პროდუქტი ძაღლებისა და კატების დაზღვევას გულისხმობს. 

 

„ჯი პი აი ჰოლდგინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯერის თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით კი, თუ „ალდაგის“ ძაღლი „რექსიზე“ მინიშნებაა, ეს ბაზრის „პატარა მოთამაშის“ ნაბიჯს ემსგავსება, რომელიც  დიდი კომპანიის სტრატეგიას იმეორებს.

 

,,მისტერ რექსიმ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და პოპულარობა გამოიწვია,  სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ალბათ კომპანიამ, რომ ეს აჟიოტაჟი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა,“ – აცხადებს სტამბოლიშვილი. 

 

მისივე თქმით,  „მისტერ რექსის“ მიზანი  ადამიანების დახმარება და  გამოსავლის ძიებაა და ეს კამპანია მომავალშიც ამ პერსონაჟის მონაწილეობით  გაგრძელდება. 

 

სადაზღვევო კომპანია ,,აისი  ჯგუფში“ კონკურენტების რეკლამების  შემოქმედებით მხარეს არ აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ "ალდაგისა" და "ჯი პი აის" სარეკლამო რგოლები მათ აუდიტორიას ვერ წაართმევს, რადგან   ისინი  ორიენტირებულნი არიან დაბალ ფასზე და კომპანიის წარმატებით  მუშაობაზე ბაზარზე მათი პოზიციებიც მოწმობს. 

 

"ჩვენ მეშვიდე ადგილიდან მეოთხეზე გადავინაცვლეთ. ასე რომ  კომპანია ნამდვილად ვითარდება და  არ ველოდებით, რომ ვინმე  მომხმარებელს წაგვართმევს, თუნდაც ამ სარეკლამო რგოლებით,“ – აცხადებენ კომპანიაში.

 

სადაზღვევო კომპანია  ,,არდის“ საცალო გაყიდვების დირექტორის გიორგი ლომიძის განცხადებით კი, როდესაც კომპანიები მომხმარებელს მსგავსი ტიპის სარეკლამო კამპანიას სთავაზობენ,  მათ შესაბამისი მარკეტინგული გათვლაც აქვთ. თუმცა, მისივე შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა  თუ სადაზღვევო  ბაზრის ლიდერები  საკუთარ დროს  "უგემოვნო რეკლამების"  ნაცვლად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში  დახარჯავდნენ. 

 

"ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით, თუ კომპანიები ერთმანეთს არა მარკეტინგულ საქმიანობაში, არამედ პირველ რიგში, მომხმარებელტა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში შეეჯიბრებოდნენ,“ – აცხადებს  ლომიძე.

 

მარკეტოლოგი ნიკო თევდორაშვილი ორივე სარეკლამო რგოლს კრიატიულს უწოდებს გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებმა ქართულ ბაზარზე განსხვავებული და არასტანდარტული სარეკლამო რგოლები წარმოადგინეს. თევდორაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპანიებს  შორის  „პინგპონგის თამაში“ დაიწყება და   სცენარები საინტერესოდ განვითარდება, ამან შესაძლოა საზოგადოების მთელი ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ ამ ორი კომპანიის გარშემო მოახდინოს და შედეგად, მათი გაყიდვები გაიზარდოს. 

 

"ჩვენ გვახსოვს გაშარჟებული  რეკლამები  ბანკების მხრიდან, თუმცა ისინი შეჩერდა. დღეს კი ორმა სადაზღვევო კომპანიამ წარმოადგინა აბსოლუტურად განსხვავებული სარეკლამო რგოლები, თუმცა რამდენად პროფესიონალურად და კრეატიულად პასუხობენ ისინი ერთმანეთს, ამას შედეგები გვიჩვენებს,“ – აცხადებს თევდორაშვილი. მისი თქმით, „ალდაგისა“ და „ჯი პი აის“ სარეკლამო რგოლებმა  დღევანდელი გადმოსახედიდან გაამართლა, რადგან საზოგადოებაში რეზონანსი და დიდი ყურადღება დაიმსახურა.

 

მსოფლიოში კომპანიების „სარეკლამო ომის“ ერთ–ერთი ბოლო მაგალითი „კოკა–კოლასა“ და „პეპსის“ კამპანიები იყო: ჰელოუინთან დაკავშირებით „პეპსიმ“ გამოუშვა სარეკლამო პოსტერი, რომელზეც „პეპსის“ ქილას „კოკა–კოლას“ მოსასხამი აქვს შემოხვეული. პოსტერზე არის წარწერა: „გისურვებთ საშიშ ჰელოუინს“. „კოკა–კოლამ“ კონკურენტს მისივე პოსტერით უპასუხა, მხოლოდ შეცვლილი წარწერით: „ყველას უნდა, იყოს გმირი.“

 

რეკლამაში კონკურენტების გაშარჟების პრაქტიკა ქართულ კომპანიებშიც იკიდებს ფეხს, თუმცა რამდენად კრეატიულად მისდევენ ისინი მსოფლიო ბრენდების პრაქტიკას – ამას მომავალი სარეკლამო რგოლები აჩვენებს. 

 commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია