დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
ვინ ლაპარაკობს ყველაზე მეტს ქუთაისის მერიაში?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/26 12:59:12

დაფინანსებული საუბარი პრივილეგიებით

 

ვინ და რამდენს ხარჯავს მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის და რა უჯდება ქუთაისის მერიას თანამშრომელთა სატელეფონო ხარჯების  დაფარვა?


ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიასა და ტერიტორიული მართვის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომლებს სატელეფონო მომსახურების თანხებს ყოველთვიურად უნაზღაურებს, რაც ადმინისტრაციული ხარჯების არცთუ უმნიშვნელო ნაწილია.


ყოველი თვის დასაწყისში თანამშრომლებს ბალანსზე ლიმიტირებული თანხა ერიცხება. ლიმიტი როგორც თანამდებობების, ასევე, სამსახურების მიხედვით განსხვავებულია. სხვადასხვა სამსახურის უფროსი ყოველთვიურად განსხვავებული რაოდენობის თანხას ხარჯავს. 


როგორც ირკვევა, მერიის სამსახურებს შორის  ყველაზე მეტს  ტრანსპორტის სამსახურის უფროსი საუბრობს.  ნესტორ კეპულაძეს   სატელეფონო ხარჯებისთვის ყოველთვიურად 80 ლარი ერიცხება, რაც მინიმუმ 30 ლარით აღემატება დანარჩენი სამსახურების უფროსების ხარჯებს. ამ მაჩვენებლით კეპულაძე მხოლოდ 20 ლარით ჩამორჩება ვიცე-მერებისთვის განსაზღვრულ ლიმიტს. ტრანსპორტის სამსახურში სატელეფონო ლიმიტით განსაზღვრული 150 ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:  სამსახურის უფროსი 80 ლარი, დანარჩენი 7 თანამშრომელი 70 ლარი, ანუ თითოეულს 10 ლარი.


ყოველთვიურად ერთი და იგივე თანხას, 60 ლარს ხარჯავს ქალაქის თორმეტივე მუნიციპალიტეტი, თუმცა, როგორც ირკვევა, მათგან 4 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თანხა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა იხდის, სრულად ირიცხება მხოლოდ თავმჯდომარეების ბალანსზე. კერძოდ, კახიანოურის, ნიკეას, ავტოქარხნისა  და ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიული მართვის ორგანოების ხელმძღანელები მუნიციპალიტეტებისთვის განსაზღვრულ 60 ლარს მხოლოდ საკუთარ  ბალანსზე ირიცხავენ. ამ მუნიციპალიტეტებში სატელეფონო ხარჯებს არც ერთ თანამშრომელს არ უნაზღაურებენ.


სტაბილური 100 ლარია ვიცე-მერების სატელეფონო ლიმიტი, თუმცა ერთი გამონაკლისი აქაც არის, კერძოდ, მერის მეოთხე მოადგილეს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, დანარჩენი სამი ვიცე-მერისგან განსხვავებით, ყოველთვიურად სატელეფონო მომსახურებისთვის გაორმაგებული თანხა   200 ლარი ერიცხება.


როგორც შესყიდვების სამსახურში ამბობენ, სამსახურისთვის გამოყოფილ თანხას უფროსები საკუთარი შეხედულების მიხედვით ანაწილებენ. შესაბამისად, გამოდის, რომ კონკრეტული სამსახურის უფროსის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული, ისარგებლებენ თუ არა მისი თანამშრომლები წინასწარ  დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით.


გასულ წლებთან შედარებით, მერიამ სატელეფონო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა. ზოგ შემთხვევებში თანამშრომლებს ლიმიტი გაუნახევრდა. მათ ნაწილს კი მერიამ სატელეფონო ხარჯების დაფარვაზე საერთოდ უარი უთხრა.


1110 ლარიდან 680 ლარამდეა შემცირებული მერიის ადმინისტრაციის ყოველთვიური დაფინანსება. მაგალითად, ადმინისტრაციული უფროსის მოადგილის შტატზე ლიმიტი 80 ლარიდან 20 ლარამდე შემცირდა. განახევრდა პრესსამსახურის თანამშრომელთა დაფინანსებაც. ახლა უკვე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის რაოდენობა 20 ლარს არ აღემატება.


როგორც მერიაში ამბობენ, ლიმიტის შემცირების ხარჯზე სოლიდური თანხა უკვე  დაზოგეს.


ბოლო მონაცემებით, ქუთაისის მერიისა და 12 მუნიციპალიტეტის 400-ზე მეტი თანამშრომლის სატელეფონო ხარჯები  წლიურად, დაახლოებით, 43500  ლარს აღწევს, რაც, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, წინა წლებში ამ მიზნით დახარჯული თანხების თითქმის ნახევარია.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია