დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვა
აქვს თუ არა სახელმწიფოს საავადმყოფოების დავალიანება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/26 12:52:21

საავადმყოფოების ხელმძღვანელობის ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს

 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობის 100 პროცენტი დააზღვია, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ აღებული პასუხისმგებლობისა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ბაზარზე კვლავ დარჩნენ, რომელთაც საავადმყოფოების მრავალთვიანი დავალიანება ამ დრომდე აქვთ.

 

ბაზარზე კერძო  სადაზღვევოების დარჩენას უარყოფითად აფასებენ სამედიცინო სფეროში. მათი განცხადებით, სახელმწიფოსა და საავადმყოფოს ურთიერთობაში შუამავალი აუცილებელი არ არის.

სადაზღვევოების მსგავსად, საავადმყოფოების ორთვიანი დავალიანება აქვს სახელმწიფოსაც, არსებულ დავალიანებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ქუთაისში მოქმედი საავადმყოფოების წარმომადგენლები. ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ერთიანად აღებულ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა. ნაწილი კი საკითხს ლოიალურად აფასებს და აღნიშნავს: მთავარია, სახელმწიფო აღიარებს ამ დავალიანებას და თანხის სრულად დასაფარად  მიმდინარეობს მუშა პროცესი, მედპერსონალი კი ამ ფაქტს გაგებით უნდა მოეკიდოს, რადგან მათ პრაქტიკაში გაცილებით რთული მდგომარეობაც ჰქონიათ.

მამუკა მიქაძე (გინეკოლოგიური კლინიკის, შპს „ბომონდის“ გენერალური დირექტორი): „საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, მაღალკვალიფიციური მომსახურეობა ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ შეძლო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების დროული დაფარვა. ამ ეტაეპზე ორი თვის ხელფასია ჩამოსარიცხი, თუმცა, ეს არაფერია სადაზღვევო კომპანიების დავალიანებასთან შედარებით.

 ცუდია, რომ ბაზარზე კვლავ დარჩნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „ალდაგი“, „არქიმედე“, „ჯი პი აი“, „ჯეო ჰოსპიტალსი“... რომლებიც არ იმსახურებენ ბაზარზე ყოფნას. მათი დავალიანება 300 000 ლარს აღწევს.

თანამშრომლებისთვის თანხა მარტის შემდეგ არ გადაუხდიათ, მხოლოდ ჩვენი შიდა რესურსით მოვახერხეთ პერსონალისთვის ხელფასების დარიცხვა. ჩვენ ვაპირებთ, აღმასრულებელს გადავცეთ ამ სადაზღვევოების სიები და არაა გამორიცხული, მათთან სასამართლო დავაში შევიდეთ, რადგან ყველა ღონეს მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ.

საავადმყოფოსა და სახელმწიფოს შორის შუამავალი, რომელიც თანხას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, საჭირო არ არის. სახელმწიფო ყოველთვის იყო ყველაზე კარგი გადამხდელი. სადაზღვევოს საავადმყოფოების აშენებით არამომგებიანი კაპიტალდაბანდება გააკეთებინეს, რის გამოც გაკოტრების პირას არიან მისულნი. არ იყო სწორი საავადმყოფოს აშენება მთაში, მაგრამ მაშინ მთავარი იყო დასახული პროგრამა - 100 საავადმყოფო შესრულებულიყო. რაც შეეხება ახალ პროგრამას, მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფოსთვის. ახლა ცდილობენ, როგორღაც დაფარონ დავალიანება, თუმცა გასაკვირია, რამდენიმე თვის წინ მინისტრმა რომ განაცხადა, 42 მილიონი ლარის მოგება გვაქვსო, ეს ყველაფერი რის ხარჯზე მოხდა, ანდა ამ თანხით,  რატომ არ მოხდა დავალიანების დაფარვა და ექიმის ხელფასის მატება?

 მიზერულ თანხაზე მუშაობს სამედიცინო პერსონალი, ალბათ ფიქრობენ, რომ ექიმები დიდ ფულს შოულობენ. საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შუა გზაზე არ უნდა გაჩერდეს, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის დაზღვევა უნდა დატოვოს - კერძო თუ სახელმწიფო. უნდა მიხვდეს, რომ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. სამინისტროს ამ დროისთვის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?“

 

***

„ბომონდის“ დირექტორისგან განსხვავებით, საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ კარგ მხარეზე საუბრობს ლერი ხონელიძის სახელობის სამშობიარო სახლის სამეანეო სამსახურის უფროსი ნინო უგრეხელიძე. როგორც უგრეხელიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, ოქტომბრის თვეში 125 მომლოგინე მიიღეს. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში არანაირი დავალიანება არ აქვს.

ორთვიან დავალიანებაზე საუბრობენ რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, ასევე დასავლეთ საქართველოს ქუთაისის რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის და სხვა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

 

დავით სერგეენკო ყოველგვარ დავალიანებას უარყოფს...

 

საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, დავალიანებას უარყოფს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოს სავაადმყოფოების არანაირი დავალინება არ აქვს.


„საყოველთაო ჯანდაცვას საავადმყოფოების არანაირი დავალიანება არ გააჩნია, მით უმეტეს ისეთი მასიური, როგორც თქვენ ამბობთ. გადახდა მიმდინარეობს დადგენილი წესის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოები წარმოგვედგინება მომდევნო თვის 12 რიცხვისთვის, შემდგომ ორი  კვირის განმავლობაში ხდება შესრულებული სამუშაოების დამუშავება, რის შემდეგაც ჩვეულებრივად გაიცემა ხელფასები.


რაც შეეხება „ბომონდს“, ჩემთვისაც გაუგებარი მიზეზის გამო, ბევრჯერ მკითხეს მის შესახებ. არადა, გადაზუსტებული მაქვს და დავალიანება არ არსებობს. იგივე შეეხება ონკოლოგიურს და სხვა საავადმყოფოებსაც.


 კერძო კომპანიებმა უკვე დაიწყეს დავალიანებების დაფარვა, სოფლის ამბულატორიების ექიმებმა ხელფასი აგვისტოს ჩათვლით მიიღეს და მალე სრულად დაიფარება. იგივე შემიძლია გითხრათ საავადმყოფოების მიმართ არსებულ დავალიანებებზე,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.


მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ერთიან გადამხდელზე გადავა, რაც არსებულ პრობლემებს მთლიანად აღმოფხვრის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია