დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება
ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი: „ჩვენ ერთგვარი გამტარი მილივით ვართ, რასაც დაგვავალებენ, იმას გადავცემთ დირექტორებს“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/20 14:26:51

ქუთაისელი პედაგოგი კონკურსის წინააღმდეგ

 

 

„ამ ყველაფრის შემდეგ მე დავურეკე განათლების ყოფილ მინისტრს და  ვუთხარი: - ბატონო გიორგი, მე მივხვდი, რომ  თქვენ არ ხართ ჩვენი მინისტრი, რადგან თქვენ ნამდვილად არ ფიქრობთ პედაგოგებზე,“ ამბობს ქუთაისის ?41 საჯარო სკოლის ქართული ენის  პედაგოგი, რომელიც ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე სამტრედიელი კადრის დანიშვნას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, იგი კახა კალაძის ახლო ნათესავია და მას  კონკურსში მონაწილეობის მომენტშიც ლობირებდნენ.

 

 

ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი ლია კუხიანიძე, რომელსაც აქამდე არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ პირველ კონკურსში „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის რეკომენდაციით გავიდა, თუმცა, გასაუბრების ეტაპზე გადასული პედაგოგი დაიწუნეს და ხელმძღვანელის პოსტზე სხვა კანდიდატი შეარჩიეს. როგორც  კუხიანიძე ამბობს, კონკურსის შედეგად შერჩეულ ლევან ბუაძეს გამარჯვების აღსანიშნავად რესტორანში სუფრაც კი ჰქონდა შეკვეთილი, მაგრამ მოულოდნელად მისი კანდიდატურა დაბლოკეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ნარკოტიკების მოხმარებაში ედებოდა ბრალი.

 

მოგვიანებით, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი მეორედ გამოცხადდა, თუმცა, ლია კუხიანიძეს მასში მონაწილეობა აღარ მიუღია. კუხიანიძის ნაცვლად კი, „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაცია ?7 სკოლის დირექტორს, ენდი ნემსიწვერიძეს, გაუწია. საბოლოო გამარჯვება კი სამტრედიელმა კონკურსანტმა მოიპოვა.

 

„თეთრი ძაფით ნაკერი სამარცხვინო საქმე იყო სამტრედიელის დანიშვნა ამ პოსტზე. ნუთუ ერთი ქუთაისელი არ მოიძებნა ამ ქალაქში, ვინც კარგად იცნობს ქალაქის რეალობას და ადაპტაციისთვის არ დასჭირდებოდა დრო, მაგრამ ეს სისტემის ბრალია. არც ერთი რეფორმა არ ჩაუტარებია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხარისხიანად და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის აბსურდი, რაც დაიწყო განათლების სისტემაში, არ გაჩერებულა. პედაგოგები, იმის იმედით, რომ ხელფასს მოუმატებენ და იმის შიშით, რომ თუ არასერთიფიცირებულები იქნებიან, სკოლიდან გაუშვებენ, აბარებენ ამ სულელურ ტესტებს და გადიან გამოცდებზე. ისე არიან შეშინებულები, რომ უთხრა, ხვალ ბალერინას კაბით მოდით სკოლაშიო, დამერწმუნეთ - მოვლენ. მე სირცხვილადაც კი მიმაჩნია, რომ ილიას და აკაკის ასწავლიდე და თვითონ კურდღელი იყო, მაგრამ ვინ  აქცია ეს ხალხი კურდღლებად?  რა თქმა უნდა, სისტემამ, რომლის დამუხრუჭებასაც ვეღარ ახერხებენ, რადგან არ არის ქვეყანაში სისტემის შეცვლის მზაობა,“ ამბობს ლია კუხიანიძე.

 

მისი თქმით, არასწორი რეფორმების ერთ-ერთი შედეგია რესურს-ცენტრი, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ გამტარ რგოლად დარჩა, რეალური ფუნქციები კი მას არ გააჩნია.

 

„არაფერს არ აკეთებს დღეს რესურს-ცენტრი. ვერც პოლიტიკას ქმნის და არც რეალური ფუნქციები გააჩნია. მთელი ერთი წელი მართავდა ქუთაისის რესურს-ცენტრს ბუღალტერი და ამას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმიტომ, რომ დავალების მიღება და მერე სკოლების დირექტორების გაფრთხილება ძალიან მარტივი საქმეა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც უნდა მოსცდეს კარგი პედაგოგი ამ საქმისთვის. ყველაფერი, რაც რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნას უკავშირდებოდა, ბინძური თამაში იყო და მე მივხვდი, რომ ამ თამაშის ნაწილი ვხდებოდი, რაზეც მალევე ვთქვი უარი,“ ამბობს კუხიანიძე.

 

 

რა კავშირი აქვს ბადრი ვაშაკიძეს კახი კალაძესთან?

 

 

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ  კონკურსში პრივილეგიების არსებობას გამორიცხავს რესურს-ცენტრის ახლადდანიშნული  ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე. ვაშაკიძე  უარყოფს კახი კალაძესთან მის ნათესავურ კავშირს და ამბობს, რომ კომისიამ მასზე არჩევანი გამოცდილების გათვალისწინებით შეაჩერა.

„არანაირი კავშირი არ მაქვს კახი კალაძესთან. მან მხოლოდ გუშინ გაიგო ჩემი დანიშვნის შესახებ და ისიც, რომ ჩემს გვარს მასთან აკავშირებენ. მსგავსი არაფერი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობდი კომისიის წევრებს. საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ნიშნით შემარჩიეს. ის, რომ სამტრედიელი ვარ, არაფერს ცვლის. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როცა ამბობენ - რატომ დაინიშნა სამტრედიელი კაცი ქუთაისშიო. სამტრედიაში ხელმძღვანელ  პოსტებზე სულ ქუთაისელი კადრები არიან, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს,“ - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

ვაშაკიძე არ უარყოფს, რომ მისი სამუშაო არც შრომატევადია და არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამინისტროსა და  სკოლებს შორის დამაკავშირებელი რგოლის არსებობა აუცილებელია.

 

„ჩვენ ერთგვარი გამტარი მილივით ვართ, რასაც დაგვავალებენ, იმას გადავცემთ სკოლების დირექტორებს, მაგრამ კონტროლისთვის მაინც  საჭიროა მისი არსებობა. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად ამოწმებენ სკოლებში სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებას, შესრულებული სამუშაოების ხარისხს და ასე შემდეგ,“ - ამბობს ვაშაკიძე.

 

ქუთაისის რესურს-ცენტრში სულ 5 თანამშრომელია დასაქმებული. რესურს-ცენტრის საქმიანობა, ძირითადად, მოსწავლეთა და აბიტურიენტთა, ასევე დასაქმების მაძიებელ პედაგოგთა შესახებ ინფორმაციის განათლების სამინისტროსთვის მიწოდებით შემოიფარგლება. რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სამინისტროს დავალებით, პერიოდულად ხვდება  სკოლების დირექტორებს, თუმცა, როგორც ირკვევა, უახლოეს დღეებში შეიქმნება განათლების სამინისტროს სპეციალური e-მაილი, რომლის საშუალებითაც  ქუთაისის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი დავალებებს ინტერნეტის საშუალებით მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  რესურს-ცენტრს კიდევ უფრო შეეზღუდება ფუნქციები.

 

„თათბირების ინტენსივობასაც, ალბათ, შევამცირებთ. რაზე უნდა ვითათბირო მათთან, როცა მე არაფერს ვწყვეტ?“ - ამბობს ვაშაკიძე.

 

ქუთაისის რესურს-ცენტრის შენახვა სახელმწიფოს ყოველწლიურად 77500 ლარი უჯდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია