დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაზარდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/20 14:23:48

პირველი ნაბიჯი საქართველო პანდუსიანი ორგანიზაცია ქუთაისში

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის ცენტრი და ორგანიზაცია არსებობს. ისინი სახელმწიფოს კონტრაქტორები არიან. მათ შორისაა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი - საქართველო“, რომლის ფილიალიც ქუთაისში ხარებავას ქუჩაზე მდებარეობს. ორგანიზაცია 2 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 54 ბავშვს ემსახურება. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ორი პროგრამის - „დღის ცენტრის“ და „ადრეული ჩარევის“ პროგრამის პროვაიდერია. ვინაიდან ცენტრი სახელმწიფოს კონტრაქტორია, სახელმწიფოსგან თითოეულ ბენეფიციარზე დაფინანსებას დღეში 11 ლარს იღებს. ცენტრის ქუთაისის ფილიალის მენეჯერის, ნათია გუდავას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა ხარჯების მხოლოდ 60 პროცენტს ფარავს და საკმარისი არ არის.

 

რა პრობლემები აქვს ცენტრს და რატომ ვერ ეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა ორგანიზაციას, ამის შესახებ ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის მენეჯერი საუბრობს.

 

ნათია გუდავა:

 

ჩვენთან ვაუჩერული დაფინანსებაა, ბავშვის მეურვე სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფინანსების მოსაპოვებლად წერს განცხადებას, თუკი მოპოვებული სარეიტინგო ქულა არის 10 000, ბენეფიციარი იღებს 100%-იან დაფინანსებას, მეტი ქულების შემთხვევაში კი 75%-ს, დარჩენილ 25 პროცენტს მშობელი ფარავს. მაგრამ ცუდია ის ფაქტი, რომ ვაუჩერებიც არის ლიმიტირებული. თუმცა,  საჭიროების შემთხვევაში მომლოდინეთა სიის რიგითობის გადაადგილება ხდება. სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა თითო აღსაზრდელზე დღიურად 11 ლარს შეადგენს, 2012 წლამდე ეს 10 ლარი იყო, 2013 წლიდან კი მხოლოდ 1 ლარი დაემატა და 11 გახდა. ამ თანხიდან უნდა დავფაროთ კომუნალური გადასახადი, კვების ფული, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ასევე ხელფასები, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის და დამატებითი თანხის მოპოვება ჩვენ გვიხდება.

 

 ერთი საინტერესო ფაქტიც დევს ჩვენს ვალდებულებაში, ხელშეკრულებით ტრანსპორტირება არ გვევალება,  მაგრამ სახელმწიფო გვავალდებულებს ტრანსპორტირების ორგანიზებას, ანუ გვავალდებულებს იმას, რაც არ გვევალება. ჩვენს მსგავსად არასაკმარის დაფინანსებაზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხშირად მივმართავთ, თუმცა, მიუხედავად დაპირებისა, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პროცესში ნაკლებად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არადა შესაძლებელია, კომუნალური გადასახადი მაინც დაგვიფარონ, რომელიც ზამთრის თვეებში, საშუალოდ, 500 ლარია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს მივმართეთ განცხადებით, რომ ჩვენთან მოსასვლელი გზის არც თუ დიდი მონაკვეთი მოეწესრიგებინათ, რადგან წვიმიან ამინდში, როდესაც გზაზე ტბები დგება, იძულებულები ვართ, ბავშვები ხელში აყვანილები მივიყვანოთ. თუმცა, მერის მოვალეობის შემსრულებლის შეცვლის შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურთან გადაგვამისამართეს, სადაც მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ქუჩა 2014 წელს სატენდერო წინადადებაში ჩაისმება. ჩვენ ვართ იურიდიული პირი, მაგრამ წყლის გადასახადს როგორც კომერციული ორგანიზაცია, ისე ვიხდით.  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ მივმართეთ თხოვნით, ჩვენთვის კომერციული ორგანიზაციის სახელი ჩამოეშორებინათ, რადგან ცენტრი კომერციულ საქმიანობას არ ეწევა და აღნიშნული თანხა ჩვენთვის მძიმე ტვირთია, მაგრამ ყოველთვის უარს ვიღებთ. სამწუხაროა, მაგრამ, თუკი ასე გაგრძელდა და სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა არ იკისრა და ჩვენ საზოგადოებაში არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვებს უსასყიდლოდ გაუწევენ დახმარებას, ცენტრი დახურვის საფრთხის წინაშე დადგება.

 

- რა არის ცენტრის დანიშნულება და რა პროგრამები ხორციელდება?

 

- ცენტრი შშმ პირებისთვის  საზოგადოებაში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა, რათა მათ დაძლიონ ის არსებული სტიგმები და დისკრიმინაცია, რაც მათი შესაძლებლობების გამოვლენაში შეუშლით ხელს. საზოგადოება მათ მიმართ სენსიტიური უნდა გახდეს. ჩვენი ბენეფიციარების შესაძლებლობები „გაბზის“ ინსტრუმენტით მოწმდება. შემოწმების შემდეგ იწერება მიზანი, რომელიც ბავშვმა მასწავლებელთან ერთად უნდა დაძლიოს, ეს მიზანია საკუთარი სახელის ინიციალების ამოცნობა, თმის დავარცხნის მიჩვევა და სხვა მსგავსი ელემენტარული პროცესები, რომლის დაძლევასაც, დაახლოებით, 5 თვე სჭირდება.  ხშირად მშობელი საკუთარი შვილის შესაძლებლობებს არასწორად აფასებს. მასწავლებელთან ერთად ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგი,  „პირველი ნაბიჯი საქართველო“ არის ერთადერთი ორგანიზაცია ქუთაისში, რომელიც ადრეული ჩარევის პროგრამის განმხორციელებელია. მინდა, მადლობა ვუთხრა შპს „ონიმას“, რომელიც ყოველთვიურად 50 ლარის პროდუქციას გადმოგვცემს და ასევე გიორგი სიხარულიძეს, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელმაც ჩვენს პატარებს ერთი სპექტაკლი აჩუქა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება და შემოსული თანხა ჩვენს ცენტრს გადაეცემა. კარგი იქნება, თუკი ადამიანები ჩაერთვებიან ამ ქველმოქმედებაში და შეიძენენ ბილეთებს. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, გაიღოს მცირედი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ამ ბავშვებისთვის. ვცდილობთ, ბავშვებს კარგი გარემო შევუქმნათ, რათა ადვილად მოახერხონ ადაპტირება, ჩვენთვის უკვე მიღწევაა ის ფაქტი, რომ ბავშვები ერთმანეთზე ზრუნავენ, ცნობენ და უყვართ ერთმანეთი.

 

 

***

 

დღის ცენტრი არის ერთადერთი დაწესებულება ქუთაისში, რომელსაც პანდუსი აქვს და სადაც შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, ეს პრობლემა მწვავედ დგას ქუთაისში, მიუხედავად პრობლემაზე ხშირად საუბრისა, პანდუსი ამ დრომდე არ არის ქუთაისის მერიაში, თეატრებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სხვა მნიშვნელოვან საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად იმართება საინტერესო ღონისძიებები.

 

ცენტრში არსებული მყუდრო გარემო, ფერადი ოთახები, სათამაშოები ემოციებით გავსებს, ხოლო იმის ნახვა, თუ როგორ ზრუნავენ პატარები ერთმანეთზე, გაფიქრებს, რომ შენც შეგიძლია, დაეხმარო მას და მისცე თუნდაც ხანმოკლე ბედნიერების უფლება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია