დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივი. №28 (332) 10 - 11 ივლისი, 2005 წელი
კაი ბიჭების ქალაქი
2013/11/19 14:29:17

„საფიჩხია ჩვენი სიძლიერეა“- ამ წარწერით იწყება ქუთაისი. საფიჩხიელებმა ლუდს, რატომღაც, საკუთარი უბნის რეკლამა არჩიეს, ამიტომაც ეს „სარეკლამო ფირნიში“, წლებია, ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათად რჩება. წარწერის ქვეტექსტს აღარ განვმარტავთ, რადგან ქუთაისელებისა და არაქუთაისელებისათვის ისედაც ყველაფერი ნათელია („იასნია“...)!

 

ჭავჭავაძის გამზირზე ფასადების შეღებვითმა სამუშაოებმა კიდევ ერთი ასეთი წარწერა „იმსხვერპლა“: „სიცოცხლე კაი ბიჭებს“- იუწყებოდა ხუთსართულიანი სახლის კედელი.

 

 

* * *

 

„მე ვიყენებ პრეზიდენტის უფლებას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. ეს არის ქართული კანონპროექტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც კრიმინალს დასჯის არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ დაისჯებიან ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები, ისე როგორც ეს ხდება ამერიკაში, იტალიასა და სხვა ქვეყ-ნებში. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ უბანში არსებობენ უბნის მაყურებლები, რომლებიც მისაბაძ მაგალითად იქცნენ. ნებისმიერი, ვინც იქნება დადანაშაულებული უბნის მაყურებლობაში, აღმოჩნდება ციხეში“- ეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაა. რამდენიმე დღეში კი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში შევა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეგრეთწოდებული „კანონიერი ქურდები“ და „უბნის მაყურებლები“ კანონში უნდა მოექცნენ.

 

„კანონიერი ქურდის“ კანონიერი განმარტება ძალიან განსხვავდება „ქუჩური“ განმარტებისაგან. თუმცა, როგორც ამ საქმეში კარგად გარკვეული ადამიანები (ხუმრობით რომ ვთქვათ, „ექსპერტები“) ამბობენ,  „კანონიერი ქურდის“ დღევანდელი  და ოცი წლის წინანდელი ცნება სხვადასხვაა . „დღეს ვერ გაიგებ, ქურდია თუ ბიზნესმენი. რამდენიმე ათეული წლის წინ ქუთაისში „გააფუჭეს“  ახალგაზრდა კაცი, რომელიც სულ ცოტა ხანში „კანონიერი ქურდი“ უნდა გამხდარიყო, იმისთვის, რომ ერთ ცეხში „წილი“ მოითხოვა.“- გვითხრა ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. „ექსპერტები“ იმასაც დასძენენ, რომ „კანონიერი ქურდის“ კანონისმიერი განმარტება მათთვის ძალიან ზოგადია, რომ აღარაფერი ვთქვათ „უბნის მაყურებლებზე“...

 

დაიწყეს თუ არა საუბარი კანონპროექტზე, ყურადღების ცენტრში, მომენტალურად, ქუთაისი მოექცა. მიზეზი, საზოგადოდ, ცნობილია: წლების მანძილზე ქუთაისი მიიჩნეოდა ქვეყანაში ყველაზე კრიმინალურ ქალაქად. უფრო მეტიც, მას  ქურდული მენტალიტეტის დედაქალაქსაც უწოდებდნენ. ასე ფიქრობდა ვარდების რევოლუციამდელი და მას შემდეგ მოსული ხელისუფლებაც.

 

რამდენიმე წლის წინ ქუთაისში კრიმინალურ ავტორიტეტებს თემურ შაშიაშვილი ებრძოდა და მასზე მითებიც დადიოდა. ამჯერად, დაპირისპირება ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ ცენტრიდან დაიწყო.

 

ფაქტია, რომ ქუთაისს ყველაზე ქურდული ქალაქის იმიჯი დღეს და გუშინ არ შექმნია. იყო ასეთი გამოთქმაც „ქურდების დედა ოდესაა, მამა კი - ქუთაისიო.“

ქუთაისის კრიმინალური იმიჯი განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ხელისუფლებაში კრიმინალურ სამყაროსთან ასოცირებულმა პიროვნებებმა დაიწყეს მოსვლა. 2002 წელს ქუთაისელი ბიზნესმენი და კრიმინალურ სამყაროსთან საკმაოდ დაახლოებული პიროვნება(თემურ შაშიაშვილისათვის, ცუდი გაგებით, თითით საჩვენებელი კაცი) ბონდო შალიკიანი ქუთაისის საკრებულოში მოვიდა. იმავე არჩევნების დროს ქუთაისის მერად აირჩიეს ნუგზარ ფალიანი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის - ტარიელ ონიანის დეიდაშვილი და უახლოესი ადამიანი. იმ დროს ქუთაისში იმასაც ხუმრობდნენ, რომ მოსახლეობას, ფალიანის ნაცვლად,  ქალაქში სტუმრად ჩამოსული ონიანი იღებდა. ქუთაისში მართლაც არსებობენ ტარიელ ონიანის სახლის წინ რიგში მდგომი ადამიანების თვითმხილველები...

 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების კრიმინალიზება(ესეც შაშიაშვილის საყვარელი გამოთქმა იყო...) მხოლოდ ქუთაისის დონეზე არ ხდებოდა, მაგრამ პატარა ქალაქში ყველაფერი გაცილებით უფრო თვალში მოსახვედრი გახლდათ. ხელისუფლება, ადგილობრივიც და ცენტრალურიც, მაშინ ორმაგი სტანდარტით თამაშობდა. ადვილი შესაძლებელია, დღესაც იგივე განმეორდეს. 

 

„საფიჩხია“, „ზასტავა“, „ბალახვანი“, „ჭომა“-საზოგადოებისთვის უფრო მეტად კრიმინალური უბნები იყვნენ. ერთი წლის წინ, ხელისუფლებამ ამ ნუსხის თავში „ჭახათა“ მოაქცია. იქ განხორციელებული წარუმატებელი სპეცოპერაციის გარდა, ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა: უბნის მცხოვრებლებს, განურჩევლად ყველას, „კრიმინალები“ უ:ახა. ეს თვით ქვეყნის პრეზიდენტმაც ტელეეთერით ხმამაღლა გაიმეორა.

 

სულ ახლახან ქუთაისში ჩამოსულმა ნაციონალების სახემ - გიორგი არველაKემ ქუთაისის „კრიმინალურ იმიჯს“ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი: „ქუთაისს უნდა ჩამოერთვას „კრიმინალური იმიჯი“, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროს დაუმკვიდრდა. ეს ჩვენთვის არის დაუშვებელი, რადგან ჩვენ ქუთაისი არ გვემეტება „კრიმინალურის“ დასაძახებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამ მხრივ ქუთაისი სერიოზულ დახმარებას საჭიროებს. ამიტომ ის, ვინც რაიმეთი მონაწილეობას მიიღებს კრიმინალურ იერარქიაში, ხელს შეუწყობს „შავი სამყაროს“ გაძლიერებას - კანონის მიერ სასტიკად იქნება დასჯილი.“

 

ეს ხელისუფლების დამოკიდებულებაა. ქუთაისელების უმეტესობამ, რომლებსაც ამ საკითხზე შეკითხვით მივმართეთ, პასუხს თავი აარიდა. მაგრამ რამდენიმე პასუხი, სამწუხაროდ, (სახელებისა და გვარების გარეშე) მაინც მივიღეთ.

 

 

ქალბატონი, 34 წლის: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისელების უმეტესობას ასეთი მენტალიტეტი აქვს, მაგრამ მენტალიტეტს ხისტი კანონებით ვერ შეებრJოლები. აქ ფასეულობების ჩანაცვლება უნდა მოხდეს. იტალიაში კანონებთან ერთად ფილმებსაც იღებდნენ, წიგნებსაც წერდნენ, რომ ეჩვენებინათ, რა საშინელებაა მაფია. ბოლოს, სახელმწიფოს იდეოლოგიამ იმდენი ქნა, რომ თავად ხალხი გამოვიდა მაფიის წინააღმდეგ. ჩვენთან კი, ჯერჯერობით, მხოლოდ კანონი და მუქარაა.“

 

მამაკაცი, 23 წლის: „ალბათ, ქუთაისელების უმეტესობა ციხეში მოხვდება. - საქმე ვის არ გაურჩევია, ჩხუბის ან ათასი რამის გამო. ხელისუფლებაში ვინც არის, არასოდეს გაურჩევიათ საქმე? დარწმუნებული ვარ, რო რამე, ქურდთან პირველი მაგენი გაიქცეოდნენ...“

 

მამაკაცი, 42 წლის: „ასე რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, ცხადია. კანონი რას იზამს, ვერ გეტყვით. საერთოდ, არ მაქვს აზრი მაგ საკითხზე!“

 

 

* * *

 

შესაძლოა, ქუთაისი მართლაც იყოს ქალაქი, სადაც ადამიანების ერთი ნაწილი საკუთარ მენტალიტეტს სარეკლამო ფირნიშებსა და სახლის კედლებზე გამოხატავს, მაგრამ აქ სხვებიც ცხოვრობენ. შეძახილის (ხეს ეუბნებოდნენ: გახმი, გახმიო...) სინდრომი ქალაქებზეც ისევე მოქმედებს, როგორც მცენარეებზე...

 

 

ანა ნიკოლაძე              

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია