დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკლესია საზღვრებში– რატომ იყო იესო ქრისტე პირველი სეკულარისტი?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/15 19:55:39

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, სამხრეთ კავკასიის ბიუროს მორიგი დებატები გაიმართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დისკუსიის თემა იყო "ვის ეშინია სეკულარული საზოგადოების?" დებატებს  უძღვებოდა  მოდერატორი  რადიო "ძველი ქალაქიდან" ქეთი ბერძენიშვილი. 

დებატებზე მომხსენებლებმა სახალხო დამცველთან არსებული "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" პროგრამების დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ სეკულარიზმის მნიშვნელობაზე, მის საწყისებსა და ქართული ეკლესიის   შეურყეველ ავტორიტეტზე, როგორც სეკლუარიზმის ხელისშემშლელ უმთავრეს ფაქტორზე ისაუბრეს.

მომსხენებელთა თქმით, სეკულარიზმი ანუ ეკლესიისა და სახელმწიფო ძალაუფლების გამიჯვნის იდეა,  საქართველოში ჯერჯერობით მიუღებელია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირობოდ მიიჩნევს, რომ ეკლესია სახელმწიფოს მართვაში გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს. მთავრობები კი, რომლებიც ასევე ექცევიან ეკლესიის გავლენის ქვეშ, ხელს უწყობენ ქვეყანაში სასულიერო ძალაუფლების განმტკიცებას.

მათი თქმით, სასულიერო და საერო ძალაუფლების გამიჯვნა  არ ნიშნავს ეკლესიის დაკნინებას, არამედ სახლმწიფოს მართვაში მის ჩაურევლობას გულისხმობს.   საზოგადოება კი ეკლესიის "საზღვრებში მოქცევის" აუცილებლობას  მხოლოდ დემოკრატიულ გარემოში შეიგრძნობს. შესაბამისად, სეკულარიზმი ჩნდება იქ, სადაც მეტია  დემოკრატია.

თუმცა, სეკულარიზმის საფუძვლებს მომხსენებლები გაცილებით უფრო ღრმად, მმართველობის დემოკრატიული საწყისების გაჩენამდე ხედავენ,მანამ, ვიდრე სეკულარიზმის მნიშვნელობას საზოგადოება გააცნობიერებდა.  ისინი მიიჩნევენ, რომ პირველი სეკულარისტი არათუ სახელმწიფოს მმართველი, ან სასულიერო პირი, ან რაიმე თეორიის ავტორი, არამედ იესო ქრისტე იყო.

"კეისარს მიეცით კეისრის, ღმერთს ღვთის, თქვა იესომ" - ამბობს ბექა მინდიაშვილი და მიაჩნია, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის, ვინც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნა. მისივე თქმით, იესო  იყო ასევე პირველი, ვინც პიროვნება გამიჯნა კოლექტივისგან და  ინდივიდუალიზმის ცნება შემოიტანა ადამიანის ცნობიერებაში.

რაც შეეხება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის აუცილებლობის გააზრებას, ეს პროცესი მომხსენებელთა თქმით საკმაოდ  გვიან, შუასაუკუნეების ევროპაში მოხდა, მაშინ, როცა ლიბერალიზმი ღრმად შეიჭრა თითოეული ევროპელის ცნობიერებაში. სწორედ ლიბერალური დემოკრატიის განვითარებამ შეუწყო ხელი საზოგადოების მიერ სეკულარიზმის საჭიროების გაცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ევროპაში რთული იყო სეკულარიზმს გაერღვია ერთმანეთს მჭიდროდ გადაჯაჭვული ძალაუფლების ორი მცნება–ეკლესია და სახელმწიფო, საზოგადოება თავად აღმოჩნდა ეკლესიის გავლენის შემცირების აუცილებლობის წინაშე.

რას ვსწავლობთ ჩვენ  ევროპისგან და როგორ პასუხობს ქართული საზოგადოება დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებს? გადის თუ  არა ეკლესიაზე თავისუფალი აზროვნების წითელი ხაზი და არის თუ არა სახელმწიფო  ეკლესიის ავტორიტეტის წინაშე უძლური?

მომხსენებლებმა საქართველოში საპატრიარქოს მიმართ მონურ მორჩილებასა და ეკლესიის ავტორიტეტის გავლენით სახელმწიფოს მიერ წინასწარგააზრებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეს.

მათი თქმით, ქართულმა ეკლესიამ საკუთარი ძალა ყველაზე მკაფიოდ 2013 წლის 17 მაისს აჩვენა, მაშინ, როცა სასულიერო პირები ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ლინა ღვინიანიძის თქმით, ამ დღეს გამოვლინდა არამხოლოდ ქართული ეკლესიის მონოპოლისტური ძალაუფლება, არამედ საზოგადოების  დიდი ნაწილის იდენტობა, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული მართლმადიდებლობასთან.

მომხსენებლთა თქმით, დასკვნა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შეიმუშავა, კანონის არც ერთ  ჩარჩოში არ ჯდება, რადგან დასკვნის უდიდესი ნაწილი დათმობილი აქვს  იმის მტკიცებას, რომ სასულიერო პირებს აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება, მაშინ, როცა 17 მაისს ცალსახა იყო რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა.

"უძლურია სახელმწიფო, მაშინ,  როცა საქმე ეხება ეკლესიას. არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ გააჩნია მას    რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების დასარეგულირებლად. სახელმწიფო არამხოლოდ არაადეკვატურია, არამედ ნათელი მესიჯებიც კი არ შეუძლია გაუგზავნოს საზოგადოებას, როცა სახეზეა  რელიგიური დისკრიმინაცია. არც ერთი ადამიანი არ დასჯილა როცა სოფელ ჭელაში მუსულმანების სალოცავიდან მინარეთი მოხსნეს. იმდენად უძლურია სახელმწიფო ეკლესიის წინაშე, რომ მას არათუ კონფლიქტის განეიტრალება, არამედ კონფლიქტში მონაწილეთა უფლებების დაცვაც არ შეუძლია",–მიაჩნია ლინა ღვინიანიძეს.

 

მომხსენებელთა თქმით, საქართველოში სეკულარიზმს სამი კონკრეტული მტერი ჰყავს, ესენია: საპატრიარქო, ადამიანები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ საპატრიარქოს და დემოკრატიული მონარქიის მომხრეები, რომლებიც თავის მხრივ უპირისპირდებიან ლიბერალურ დემოკრატიას. ლიბერალური დემოკრატიის არარსებობის პირობებში კი როგორც წესი ეკლესია სახელმწიფოს  მთავარ წარმმართველ ძალად იქცევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია