დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
დავით ნარმანიას უწყება რეგიონულ მედიას და არასამთავრობო სექტორს თვითმმართველობის კოდექსს წარუდგენს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/11 23:22:23

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს ხვალ რეგიონულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგენს და დაგეგმილ სიახლეებს მათთან ერთად განიხილავს.

 

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 13 საათზე დაიწყება და მასში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე, განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კოდექსით, ასევე, განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

რეფორმის შედეგად, მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი; ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას.

შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფასილიტატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასა“ და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.

 

თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა და მას საქართველოს პარლამენტი ხვალინდელი ბიუროს სხდომაზე განიხილავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია