საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან. 2005 წელი, 28 თებერვალი - 6 მარტი, №9 (313)
„დაკარგული სამოთხე“ ბაღდათში გადაიღეს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/08 13:55:05

93 წლის ვერა ხურციძისათვის ქართული კომედია „დაკარგული სამოთხე“ მართლაც დაკარგული სამოთხეა (ე.ი. ახალგაზრდობა). 68 წლის წინანდელი ამბის გახსენება ცოტათი ძნელია, თუმცა, როცა ისეთი დამხმარეები გყავს, როგორებიც იზო მესხი და მადონა ჩხეიძე არიან (ქალაქ ბაღდათის საკრებულოს თანამშრომლები), საქმე გაცილებით იოლადაა. ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე იხსენებს ამბავს, რომელიც განსაკუთრებით ეამაყება სამივეს.

 

 

ვერა ხურციძე: „დაკარგული სამოთხე“-ს გადაღებები რომ მიმდინარეობდა, მთელი ბაღდათი, როგორც იტყვიან, ფეხზე იდგა. მახსოვს, ჯაფარიძეების უბანში, ხანისწყლის პირას, ჩამოჯდებოდნენ მასიურ სცენებში გადაღებების მსურველები და ელოდნენ დაძახებას. მე მათ გვერდით არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა ფილმში გადაღება. არა, მე რეჟისორს მოვეწონე და ამომარჩია. ასეთი კი არ ვიყავი მაშინ, ლამაზი ქალი მერქვა. სხვათა შორის, მე სცენის მოყვარულთა კლუბის წევრი ვიყავი იმ პერიოდში, ჩემს შესაფერის როლებს ვთამაშობდი. სცენაზე დგომა ვიცოდი, თუმცა კინო სულ სხვა იყო. ძალიან ბევრ კადრში გადამიღეს, შემდეგ ამოჭრეს ბევრი, თუმცა საბოლოო ვერსიაში რამდენიმე კადრში ვჩანვარ, ერთი - ცხენზე რომ ვზივარ წყალთაშუას ეკლესიასთან. ჯაფარიძეების უბანშიც გადამიღეს და მესხების სახლშიც.  ის სახლი შენი ბაბუის იყო, თუ არ მეშლება...

 

იზო მესხი: დიახ, ბაბუაჩემის, პროკოფე მესხის კარ-მიდამოა, სადაც „გადანახულება“ იმართება. იმ აივანზე, საიდანაც სანდრო ჟორჟოლიანის მთვრალი გმირი გოჭს კლავს (გოჭის მოკვლა თურმე სცენაში არ ყოფილა, უბრალოდ, ასე გამოსვლია მსახიობს, რეჟისორსაც მოსწონებია და დაუტოვებია), ჩემი ბავშვობა დარჩა. სამწუხაროა, რომ ის არაჩვეულებრივი სახლ-კარი ხანძრის შედეგად განადგურდა, მხოლოდ ფილმში შემორჩა. „დაკარგული სამოთხე“ ჩემთვის ამ მხრივაც არის ძვირფასი, იქ ხომ მესხების ფუძე ჩანს, აუღელვებლად ვერასდროს ვნახულობ.

 

მადონა ჩხეიძე:  ერთ-ერთ ეპიზოდურ როლს თამაშობს ბაღდათელი კესანია კარანაძე. ხომ გახსოვთ კალმახელიძეების მეზობელი, შეძლებული გლეხის ცოლი, ჭაჭამ ინდაურები რომ დაუწყვიტა. კალმახელიძეების ეზო არის ჯაფარიძეების ეზო (ის ფუძე ამჟამად თედო ჯაფარიძეს ეკუთვნის, იუსტიციის მინისტრი რომ იყო, ხანდახან ჩამოდის), სახლი კი ბუტაფორიაა.

 

იზო მესხი: სხვათა შორის, ჩვენს კულტურის განყოფილების გამგეს, მელიტონ ჯაფარიძესაც ეცოდინება რაიმე გადმოცემით.

 

მელიტონ ჯაფარიე: მე ვიცი გადმოცემით სტეფანე ჯაფარიძისგან (ბაბუაჩემის ძმა იყო), რომ ამბაკო ქარქაშაძის როლის შემსრულებელი იყო შალვა ჯაფარიძე, ბაბუას ბიძაშვილი. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ესენი სუყველა. ვიცი, რომ ზესტაფონში უნდა გადაეღოთ ეს ფილმი. როცა გადამღები ჯგუფი იქ ჩავიდა, შალვა ჯაფარიძეს ბაღდათში დაუპატიჟებია რონდელი (ფილმის რეჟისორი) - ვახშამიც ვჭამოთ და ღამეც გავათიოთო... რონდელსაც მიუღია დაპატიჟება. გადამღები ჯგუფი სწვევია ბაღდათს, კარგი პურიც უჭამიათ და დროც ჩინებული გაუტარებიათ. რეჟისორს ძალიან მოსწონებია ჯაფარიძეების უბანი: გაუყოფელი ეზოები მეზობლებს შორის, პატარ-პატარა არხები, ზედ წისქვილები. უცებ შეუცვლიათ აზრი და გადაწყვეტილებაც მიუღიათ, რომ  „დაკარგული სამოთხე“ სწორედ აქ გადაეღოთ.

 

როგორც ყველა ფილმის გადაღებისას, აქაც უამრავი კურიოზული ამბავი ხდებოდა თურმე. გადმოცემით ვიცი, რომ ლაზარიას მამალი იყო ჯაფარიძეების მეზობლის - ნანუშა ჭრელაშვილის. გადაღებების დროს ეს მამალი შეუძლოდ გამხდარა, იმდენად ყოფილა როლში შესული (ერთ-ერთ პერსონაჟს წარმოადგენდა ფილმში!), ამიტომაც გადაღებები შეუწყვეტიათ და თბილისში წაუყვანიათ სამკურნალოდ. გამოჯანმრთელებული მამალი ისევ დააბრუნეს ბაღდათში და გააგრძელეს გადაღებები. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ პატივში იქნებოდა ეს მამალი!

სამაგიეროდ,  ჯაფარიძეების მეზობლად ცხოვრობდა ერთი შეძლებული გლეხი, რომლის ინდაურებიც ფილმის გადაღებას შეეწირნენ. სცენარის მიხედვით, მეზობლების ეზო ლაზარიას ჭაჭით უნდა დაებინძურებინა. ეს ჭაჭა, შემთხვევით (მართლაც, შემთხვევით!) აკენკეს ინდაურებმა, ხომ წარმოგიდგენიათ, ცხელი ჭაჭის ჭამის შედეგად როგორ მოიქცეოდნენ. იმდენად მოეწონათ თურმე ეს კადრი, ფილმშიც ჩართეს. ინდაურების პატრონისთვის ვერაფერი შეღავათი იქნებოდა, მაგრამ როგორ გგონიათ, გაბედავდა საყვედურს? ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ, საბჭოთა კინოს მტრად მიიჩნევდნენ!

 

***

 

„დაკარგული სამოთხის“ დასრულების შემდეგ ბაღდათში დღეში რამდენიმე სეანსს აჩვენებდნენ თურმე. აქ ზეპირად იცოდა ყველამ ფილმი. ის კი არა და, მშობლიური გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით სკოლაში წლების მანძილზე აჩვენებდნენ მოსწავლეებს.

იმ ხალხს კი, ვისაც ეს ყველაფერი თავის თვალით აქვს ნანახი, მიაჩნია, რომ ეს იყო, არც მეტი, არც ნაკლები - სასწაული. სამწუხაროა, დღეს ასეთი სასწაულების ბაღდათში აღარავის სჯერა.

 

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია