დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პაციენტი გადაგვყავდა, როცა მანქანას ცეცხლი გაუჩნდა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/05 13:54:27

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, გახშირებული ვირუსული დაავადებების (და არა მარტო) გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ორმაგდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რაიონებში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების რაოდენობა საკმარისი არ არის, რის გამოც გამოძახებაზე დაგვიანებით გასვლის ფაქტები ხშირდება. ეს კი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

 

გაზეთ „P.S.“-ის გასული კვირის ნომერში, სატირულ რუბრიკაში  „ქაიხოსრო იმერეტინსკი“ წერდა, რომ წყალტუბოში გამოძახებაზე სამედიცინო ბრიგადის დაგვიანებით მისვლის გამო ქალბატონი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. საუბარი იყო ასევე წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სხვა პრობლემებზეც.

 

გაზეთი „ P.S.“ შეეცადა, წყალტუბოში არსებული სიტუაცია ადგილზე შეესწავლა, რისთვისაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გავესაუბრეთ.

 

თამარ ჭეიშვილი, ქვიტირის მკვიდრი: „თვითონ სქემაა არასწორი, წარმოიდგინეთ, მე ქვიტირში ვცხოვრობ, ქუთაისიდან ერთ კილომეტრში, სასწრაფოს რომ ვიძახებთ, ქუთაისიდან კი არა, წყალტუბოდან უშვებენ ექიმებს, ეს ნორმალურია? ვიდრე წყალტუბოდან ჩამოვა სასწრაფო, ამასობაში ხომ შეიძლება, პაციენტს რამე დაემართოს. მაშინ, როდესაც ქუთაისიდან მოსულ ექიმს შეუძლია მისი გადარჩენა? არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს, ან რა ჭკუას ემსახურებოდნენ? ჩვენ კიდევ ასე თუ ისე, ახლოს ვართ, მაგრამ წყალტუბოს ბევრი სოფელი აქვს, ზოგი ლეჩხუმთან არის ახლოს და იქ რა დღეში იქნება მოსახლეობა. გვესმის, რომ ექიმის ბრალი არაა, მაგრამ გაბრაზებულ ადამიანს ხელში ექიმი და ექთანი რჩება და არა - მათი ხელმძღვანელობა.“

 

ელენე კუჭავა, წყალტუბოს მკვიდრი:   „სასწრაფოზე სამდურავი არაფერი გვეთქმის, ყოველთვის დროულად მოდიან და ყურადღებასაც გვაქცევენ. ამასწინათ ჩემს ოჯახში სამი ადამიანი იყო მოწამლული და გვერდიდან არ მოგვშორებიან, ვიდრე არ გამოკეთდნენ. დაგვიანების ფაქტს მე ვერ ვიხსენებ.“

 

ილია შაშიაშვილი, ფარცხანაყანევის მკვიდრი: „ადამიანები ცუდად რომ გახდებიან, უნდა ელოდონ, როდის გათავისუფლდება ექიმი, თუ რაფერაა საქმე? მართლა წინასწარ ხომ არ ჩავეწერებით? კარგი იქნება, თუ ამას გამოასწორებენ. სხვა მხრივ, ექიმებთან სასაყვედურო რა გვაქვს, კი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და რაც შეუძლიათ თავიანთი მანქანებით, კი მოდიან იმ დროში.“

 

 

***

 

სასწრაფოს დაგვიანებით მისვლის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტს ვერ იხსენებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების წყალტუბოს განყოფილებაში, თუმცა ჩვენთან საუბარში სასწრაფოს გარშემო არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

 

ლია ვერულაშვილი, სასწრაფოს ექიმი: „არსებული სამი ბრიგადა ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა სოფელს ვემსახუროთ, უახლოეს სოფელში მისასვლელად ნახევარი საათი გვჭირდება, ყველაზე შორს მდებარე სოფელში კი - სამსაათნახევარი. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? მარტო გზაში 7 საათი გვიწევს ყოფნა, ამას პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო დრო დაუმატეთ, გამოდის, რომ მთელი დღე ერთ გამოძახებას სჭირდება. ამ დროს ხომ არ ვართ დაზღვეულნი, რომ ავად აღარავინ გახდება? ამიტომ ვეუბნებით, რომ ბრიგადა გათავისუფლებისთანავე მივა მათთან, ამას კი გამწარებული ადამიანები ვერ იგებენ და ჩვენთან გადმოდიან იერიშზე, გვლანძღავენ, გვაგინებენ, ჩვენ კი ამ აურზაურში გვიწევს მუშაობა, თან, სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ექიმი არავის ახსოვს და ჩვენს ბედზე არავინ ზრუნავს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მეეზოვესაც და ექიმსაც ერთი ხელფასი უნდა ჰქონდეს? კი, ისინიც მუშაობენ, მაგრამ ცუდად დაგვილი ქუჩების გამო, მათ არავინ დაიჭერს, ექიმის ყოველი დღე კი რისკია.

 რაც სასწრაფო „ალდაგი ბი-სი-აი“-ს დაქვემდებარებაში გადავიდა, ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად არ გაუარესებულა, ხელფასი არ შეგვმცირებია, მაგრამ არც მოგვმატებია. ველოდებით, რომ ახალი მინისტრი ამ კუთხით რაიმეს შეცვლის და ექიმს არ მოუწევს იმაზე ფიქრი, ოჯახი როგორ არჩინოს და დღე და ღამე თავის საქმეზე იქნება ორიენტირებული. მიმაჩნია, რომ ქალაქს სასწრაფოს შენახვა უნდა შეეძლოს, მოქალაქეები თანაბარ პირობებში რომ იყვნენ.“

 

ნინო კიკალიშვილი, სასწრაფოს ექიმი: „რა არის 350 ლარი, რაც ექიმს აქვს ხელფასი? ისიც კი არ ვიცით, ვის ევალება ჩვენთვის ხელფასის გაზრდა, სახელმწიფოს თუ სადაზღვევოს. იმთავითვე შეცდომა იყო, სასწრაფო კერძო მფლობელობაში რომ გადავიდა, რადგან ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მიზერული ხელფასი გვაქვს, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, ზოგჯერ დღეში უამრავი გამოძახება შემოდის, წუთით ვერ ვისვენებთ და დანამატსაც კი ვერ ვიღებთ, მაგალითად, კერძო გამოძახებებზე (როდესაც სასწრაფოს იძახებს უცხო ქვეყნის მოქალაქე) გასვლის დროს თანხა ხომ შემოდის, იქედან მცირედიც კი არ გვეძლევა. მხოლოდ მოქალაქეების ჩხუბი და ლანძღვა გვხვდება.“

 

 

***

წყალტუბოს სასწრაფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ საბჭოური ტექნიკაა, რომელიც შეღებვის მიუხედავად, სახარბიელო მდგომარეობაში რომ არ არის, ერთი შეხედვითაც ჩანს. სწორედ მანქანების გაუმართაობა დაგვიანების მიზეზი ხშირად გამხდარა.

 

„ფუჭდება, აბა, არ ფუჭდება, შვილო? ჩვენი მძღოლები დილით მოვლენ მოწესრიგებულნი, მას მერე კი მანქანის ქვეშ არიან შემძვრალნი და ხან რას უკეთებენ და ხან რას და მათი ხელფასი სულ რაღაც 200 ლარია. გამოძახებიდან მოვალთ თუ არა, ეგრევე მანქანებს არემონტებენ. ამას წინათ ჩვენს სასწრაფო მანქანას გზაში ცეცხლი გაუჩნდა, ამ დროს კი პაციენტი მანქანაში გვყავდა და საავადმყოფოში მიგვყავდა,“ - აღნიშნეს ექიმებმა.

 

 

***

დაბალ ხელფასებს აპროტესტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის განყოფილების მედპერსონალიც, რომელთა განცხადებითაც, ხელმძღვანელობა ანაზღაურების სიმცირის გაპროტესტების შემთხვევაში, სამსახურიდან გაგდებით ემუქრება.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორი წლის წინ მმართველობაში „ჩემი ოჯახის კლინიკას“ გადაეცა. რის გამოც სასწრაფოს ბრიგადებს პაციენტების იმ კლინიკებში გადაყვანა უხდებათ, რომლებიც უფასო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი ბი-სი-აი“ დაზღვეულ მოქალაქეებს უწევენ, რაც პაციენტთა ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. სადაზღვევო სფეროში არსებული მონოპოლია არაერთხელ გაუპროტესტებია პარტია „თავისუფალი საქართელოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გოგი წულაიას. როგორც წულაია აღნიშნავდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტი არა ტერიტორიული ორგანოს მიხედვით, არამედ სადაზღვევო პოლისის მიხედვით მიჰყავთ საავადმყოფოებში, რის გამოც პაციენტთა 90% კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, რომელიც „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საკუთრებაშია.

 

წულაიას ბრალდებას იმთავითვე არ იზიარებს კლინიკის ხელმძღვანელობა, მათი ინფორმაციით, პაციენტი თავად ირჩევს საავადმყოფოს და მათთვის პრიორიტეტული ის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სრულფასოვანი მომსახურება ხვდებათ.

 

 

 

P.S. წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ირგვლივ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კითხვებით „ჩემი ოჯახის კლინიკას“ მივმართეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით „ჩემი ოჯახის კლინიკის“ პასუხებს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია