დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განსხვავებული ადამიანები
„მათი ჟესტიკულაცია და მიმიკა ისეთი გულში ჩამწვდომია, ვერასოდეს დავივიწყებ“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/03 17:00:56

საჩხერის მუნიციპალიტეტში უკვე 5 წელია, არსებობს საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალი, რომელიც ამჟამად 21 ბენეფიციარს ემსახურება. სმენადაქვეითებულთა გარდა, აღნიშნულ ფილიალში სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები გადიან არაფორმალური განათლების კურსს.

 2 ნოემბერს 21 ბენეფიციარისთვის თბილისიდან ყრუთა კავშირის წარმომადგენლობა ჩამოვიდა, რომელმაც საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართა კონცერტი. ჟესტური ენითა და ფონოგრამის თანხლებით მათ შეასრულეს რამდენიმე სიმღერა, ასევე წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები.

 ღონისძიებას დაესწრნენ წითელი ჯვრის წარმომადგენელი და საჩხერის საკრებულოს წევრები, რომლებმაც კონცერტის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს გიორგი დვალაშვილის წიგნი ,,ჭიათურა და საჩხერე“.

 საქართველოს ყრუთა კავშირის  საჩხერის ფილიალის დირექტორმა, თამარ ზაბახიძემ აღნიშნა, რომ ეს დღე წარმოუდგენლად დიდი სტიმულია ყველა იმ შშმ პირისთვის, ვისაც ჰგონია, რომ თითქოს  არ აქვთ მომავალი და ხელი უნდა ჩაიქნიონ ცხოვრებაზე: ,,ამ ბავშვებმა აჩვენეს საჩხერეს, რომ მიუხედავად სმენის პრობლემისა, შეუძლიათ, შეასრულონ ის, რისი შესრულებაც შეიძლება, სმენისა და მეტყველების მქონე ადამიანებს გაუჭირდეთ. ჩვენ მათი თბილი დამოკიდებულება არასდროს დაგვავიწყდება“.

კონცერტის დასრულების შემდეგ ყრუთა კავშირის ვიცეპრეზიდენტმა მაია მეტონიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა: ,,ჩვენი გეგმებიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მივაწოდოთ რეკომენდაციები შშმ პირთა შესახებ. აუცილებელია, მათთვის შეიქმნას ადაპტირებული პროგრამები. დღევანდელმა კონცერტმა აჩვენა, რომ სმენადაქვეითებულ და ყრუ-მუნჯ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ბევრი. ახლო მომავალში ჩვენ გვეწვევიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 5დღიან კონფერენციაში. კონფერენცია გაიმართება 12-16 ნოემბერს და ძირითადად შეეხება შშმ პირების განათლებასა და დასაქმებას.“

 კონცერტის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ნამდვილად ეტყობოდა ემოცია, რომლის გამოც ერთ-ერთ მაყურებელს, ნანა გაფრინდაშვილს, კომენტარი ვთხოვეთ: ,,პირველივე ნომრის ნახვისას ცრემლებით ამევსო თვალები, ამას ვერავინ უყურებს გულგრილად. მათი ჟესტიკულაცია და მიმიკა ისეთი გულში ჩამწვდომია, რომ ვერასოდეს დავივიწყებ.“

 

 იგივე საკონცერტო ნომრებით საქართველოს ყრუთა კავშირი ქუთაისელი მაყურებლის წინაშეც წარდგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია