დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S."-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/10/30 19:26:53

ქუთაისის ცენტრში ფართის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ინტერვიუზე მისულ გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს, ჟანა ჯანელიძეს, რესპონდენტმა, ინდ. მეწარმე მზია გიორგაძემ და მისმა ქალიშვილმა აგრესიული შეხვედრა მოუწყვეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და დაემუქრნენ, რომ თუ ამ თემას თავს არ დაანებებდა, ყველაფერი სანანებელი გაუხდებოდა და მისი ჟურნალისტური კარიერა აქ დამთავრდებოდა.

 

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტი ჟანა ჯანელიძე ქალაქის ცენტრში ფართის უკანონო ფლობასა და გაქირავებასთან დაკავშირებულ სადავო თემაზე მუშაობდა, იგი წინასწარ  შეუთანხმდა რესპონდენტს, ინდ.მეწარმე მზია გიორგაძეს ინტერვიუზე, ტელეფონით საუბრისას გააცნო, თუ რა საკითხთან დაკავშირებით სურდა აღნიშნულ ქალბატონთან შეხვედრა. ჟურნალისტის შეხვედრა რესპონდენტის  სახლში შედგა.


მზია გიორგაძემ ჟურნალისტ ჟანა ჯანელიძეს საუბრის დაწყებისთანავე შეურაცხყოფა მიაყენა, ყვირილი და ლანძღვა დაუწყო, უარყო ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტმა ტელეფონზე საუბრისას ზოგადად გააცნო თემა, რაზეც სურდა მზია გიორგაძესთან საუბარი. შემდგომ კი განუცხადა, რომ წინა დღით, ტელეფონზე საუბრის დროს კომპოტებს აკეთებდა და მხოლოდ დღეს გამოუჩნდა იმის გაანალიზების დრო, რომ არ უნდოდა ჟურნალისტთან გასაუბრება.


კონფლიქტში მზია გიორგაძის ქალიშვილიც ჩაერია, რომელმაც სრულიად გადააჭარბა ადამიანურ ზღვარს და ჟანა ჯანელძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: უზრდელო, გაუნათლებელო, მატყუარა, პროვოკატორო, დეგენერატო, ლაწირაკო, დამპალო...ეს იმ სიტყვების მცირედი ჩამონათვალია, რითიც მიმართეს ჟურნალისტს დედა-შვილმა.


მათ, რატომღაც, ჟურნალისტი „ქართული ოცნების" მოგზავნილად მიიჩნიეს და სატელეფონო ზარით ცდილობდნენ მისი ვინაობის გადამოწმებას.  „ბიძინას ოფისში დარეკეთ სასწრაფოდო" –  გაიძახოდა მზია გიორგაძის შვილი.


გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა,  მათ ჟურნალისტს კამერა წაართვეს, სადაც მათი საუბარი, მუქარები თუ ლანძღვა–გინება იწერებოდა და იძულების წესით, კამერის დამტვრევის მუქარით წააშლევინეს მასალა.


გაზეთი „პოსტსკრიპტუმი", მიუხედავად ამ მუქარისა, აღნიშნულ თემაზე, ბუნებრივია, მუშაობას აგრძელებს და ხვალ ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ, თუ ვინ ლობირებს ასეთ უკანონობებს ქუთაისში. ამავე თემაზე სტატიის წაკითხვა შეგეძლებათ ორშაბათს, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის" ახალ ნომერში.


ამავე დროს, ვთხოვთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რეაგირების გარეშე ნუ დატოვებენ ჟურნალისტის ასეთი დაშანტაჟებისა და მუქარის ფაქტებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია