საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან. 2005 წელი, №9 (313), 28 თებერვალი - 6 მარტი
„შესაძლოა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი,ჟვანია არც დაღუპულიყო...“
2013/10/30 11:55:50

ედუარდ შევარდნაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ „P.S.“-ს


ენსიაზე გასული საქართველოს ექსპრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობს. რეზიდენციას რკინის დიდი კარები და პატარა ეზო აქვს. ეზო, ძირითადად, მოკირწყლულია. იქვე, მოლზე, პატარა ფანჩატურია - მაგიდითა და სავარძლებით. შედარებით მოგრძო სავარძელზე აზიური ხალიჩაა გადაფარებული. ირგვლივ სიჩუმეა და ჩიტების საამო ჟღურტული. დაცვის წევრებიც მორიდებულად, დაბალ ხმაზე საუბრობენ ერთმანეთში. ექსპრეზიდენტის სახელზე მოსულ წერილებს გულმოდგინედ ათვალიერებენ და ახალ პრესასთან ერთად ალაგებენ, რათა ეზოში სასეირნოდ გამოსულ ბატონ ედუარდს პირადად გადასცენ.


სასეირნო და თავისუფალი დრო კი, როგორც არასდროს, ახლა  იმდენი აქვს ყოფილ პრეზიდენტს. მან მემუარების წერა უკვე დაასრულა და ახლა სიამოვნებით ხვდება მისი პიროვნებით დაინტერესებულ უცხოელ სტუმრებსაც და ქართველ ჟურნალისტებსაც.


სტუმრებისთვის განკუთვნილი მისაღები სადადაა მოწყობილი. უცხოს მზერას კედელზე გაკრული სურათები და ნახატები იპყრობენ, თავად შევარდნაძის ყურადღებას კი - ჩვენი გაზეთის უცნაური სახელი, „პოსტსკრიპტუმი“. მასპინძელი გულმოდგინედ ათვალიერებს მის ბოლო ნომერს და პირველ შეკითხვას თავად სვამს: - ვისია ეს გაზეთი? - უკვირს, როცა იგებს, რომ „P.S.“-ს არცერთი პოლიტიკური პარტია და ოლიგარქი არ ასპონსორებს და მხოლოდ რედაქტორისა და მისი გუნდის ძალისხმევით არსებობს, 10 წელია.


შევარდნაძე ძველებურად ღიმილიანი, მშვიდი და გაწონასწორებულია, ენაწყლიანი და იუმორით სავსე. საათზე არ იხედება და ნებისმიერ შეკითხვას სიამოვნებით პასუხობს.

 

 

- ბატონო ედუარდ, 15 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ ქვეყნის პირველი პირი აღარ ბრძანდებით.  მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სავარძელი იძულებით დაგატოვებინათ და თქვენი ოჯახის წევრებსაც დიდძალი თანხები წაართვეს, საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ვარდების რევოლუცია შეთანხმებული სცენარით განხორციელდა. რას გვეტყვით ამაზე?


- არავითარი „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა. ეს იყო შეიარაღებული ხალხის შემოჭრა პარლამენტში. ყოველგვარ შეთანხმებაზე ლაპარაკი სიცრუეა. მართალია, მომხრეები ჰყავდა ოპოზიციას, მაგრამ მეც მყავდა მომხრეები. ჯარი და პოლიცია მე მემორჩილებოდა, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.


როცა პარლამენტის შენობიდან გამომიყვანეს და მანქანაში ჩავჯექი, ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო საგანგებო მდგომარეობის დროს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ სისხლი დაიღვრებოდა. მე, რადგან პოზიციის და ოპოზიციის პრეზიდენტი ერთნაირად ვიყავი, პასუხისმგებლობა ორივე მხარის მიმართ მქონდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ შეტაკება არ უნდა მომხდარიყო.  ჩემი თავი  შევამზადე იმისათვის, რომ გადავმდგარიყავი და მანამდე ოპოზიციას შევხვედროდი. მე და ჯორბენაძე ვიყავით. სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე მოვიდნენ. მიშა ისეთ გამოთქმებს ხმარობდა, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მაშინ ვუთხარი: მიშა, ჩვენი საუბარი არ გამოვა დღეს და მოდით, ხვალ შევხვდეთ. მეორე დღეს, 8 საათზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. არ გამოჩნდნენ. ათი რომ შესრულდა, მე თვითონ დავუკავშირდი და მითხრეს, ცოტა ხანი კიდევ გვჭირდებაო. შემდეგ ივანოვთან ერთად მოვიდნენ. საუბარი ისევ არ გამოდიოდა. მაშინ ივანოვმა თქვა, მე ბათუმში გადავფრინდები, თქვენ, იქნებ, რამეზე შეთანხმდეთ, თუ არა და, როგორც კი საჭირო ვიქნები, ჩამოვფრინდებიო. უცებ, ჟვანიას თვალებში ცრემლები შევნიშნე. მან მითხრა: ამდენი წელი თქვენთან ვიმუშავე, ბატონო ედუარდ,   და ახლა ისეთი რამე უნდა გითხრათ, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ - უნდა გადადგეთო. ცოტა შევყოვნდი და ვუთხარი: ბიჭებო, ტყუილა დროს ნუღარ დაკარგავთ, ჭკუა გაქვთ და გამოცდილება; ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს: ჩაატარეთ არჩევნები, მოდით ხელისუფლებაში და დაუმტკიცეთ ხალხს, რომ ჩემზე უკეთ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა. რასაც სასიკეთოს გააკეთებენ, გამიხარდება.


- რისი გაკეთება ვერ მოასწარით თქვენი პრეზიდენტობის ვადაში და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააკეთეთ?


- ვერ მოვახერხე აფხაზეთის დაბრუნება. თუმცა, ტყუილი იქნებოდა, რომ ვთქვა, ჩემი კონსტიტუციური ვადის ამოწურვაც  რომ დამცლოდა, მოვასწრებდიო. აფხაზეთის თემა ურთულესი და უსერიოზულესია. სოჭში შეხვედრაზე მე და პუტინმა მივაღწიეთ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ნელ-ნელა რუსეთი შემოიყვანდა რკინიგზას ენგურამდე და საქართველო დააბრუნებდა, ეტაპობრივად, ლტოლვილებს. ეს პროცესი დაიწყო. გალში უამრავი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ხმა მისცეს ბაღაფშს. ის თავის დროზე მე ჩამოვიყვანე კომკავშირის ცკ-ს მდივნად. მისი პრემიერი, ანქვაბიც ჩემი გამოზრდილი კაცია - შს მინისტრის მოადგილედ თბილისში მე წამოვიყვანე თავის დროზე. ორივესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ბოლო დროს აღარ ვეხმიანები. არ მინდა, პრობლემები შევუქმნა.


ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის გავაკეთე, რომ ჩემი ჩამოსვლით საქართველო დაშლას გადავარჩინე. როცა გავაანალიზე, რა ხდებოდა და რა შეიძლებოდა, კიდევ მომხდარიყო აქ, დაუფიქრებლად წამოვედი მოსკოვიდან, თორემ რა ძალა მსჯიდა. მე მაშინ კარიერის თვალსაზრისითაც და სხვა მხრივაც იმდენად კარგი პირობები მქონდა რუსეთში, ჭკუათმყოფელი კაცი, ჩემს ადგილზე, აქ არ ჩამოვიდოდა.


- როგორ მოგწონთ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა? თქვენი აზრით,  დადგება დრო, როცა მათაც დაუძახებენ, გადადექითო?


- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები. ათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. სახელმწიფო სტრუქტურებში შტატების შემცირების პარალელურად უნდა იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში. თუ ეს პროცესები კარგად წავა, არავითარი გადაგდება არ ემუქრებათ. ჩემი რჩევა იქნება, - რა თქმა უნდა, თუ მიიღებენ, - იმუშაონ ჭკუით და გონებით და არა - ემოციით.


- თქვენ ყოველთვის აღნიშნავდით, რომ ჟვანია გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო. საზოგადოება მას თქვენს შემცვლელადაც მოიაზრებდა. თუმცა, თქვენი გადადგომის შემდეგ, იგი საკუთარ გარემოცვაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა როგორ ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში?


- ჟვანია, მართლაც, გამორჩეულად ნიჭიერი კაცი იყო. ამ სამეულიდან ყველაზე ახლოს მას ვიცნობდი. მე მას მართლაც ვთვლიდი პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად. არ ვიცი, რა უნდოდა მას აზერბაიჯანელის ოჯახში. კადრების საკითხი სხვანაირად წყდება. ის კაცი არ იყო იმხელა პიროვნება, ვისთვისაც ჟვანიას უნდა მიეკითხა. მე ბევრ რამეში მეპარება ეჭვი და ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ. თუმცა, შესაძლოა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ჟვანია არც დაღუპულიყო.


- ბატონო ედუარდ, თქვენი გადადგომის წინა დღეებში ბევრს საუბრობდნენ თქვენს აგარაკზე ბადენ-ბადენში. თუ იყავით იმ პერიოდში იქ წასული დასასვენებლად?


- არავითარ ბადენ-ბადენში არ ვყოფილვარ და იქ არც არაფერი მაბადია. სამჯერ დაიწერა ჩემზე  ამგვარი აგარაკის შესახებ გერმანულ გაზეთში. ერთხელ გავუგზავნე კიდეც წერილი რედაქტორს - ესაა ცილისწამება და, თუ თქვენს კოლეგებს ჭკუაზე არ მოიყვანთ, სასამართლოში გიჩივლებთ-მეთქი. მათ მიპასუხეს, რომ იქ მართლაც ცხოვრობს ვიღაც ქალი, რომელიც ასეთ რამეებს ლაპარაკობს ჩემზე. ეტყობა, მოაფერისტოა.


- თქვენს მამა-პაპისეულ მამათში ასასვლელად თუ მოიცალეთ?


- სამწუხაროდ, არც მამათში ვყოფილვარ წასული და არც არსად. მემუარებს ვწერდი და არ მეცალა. ველოდები, როდის გამოიცემა წიგნად და ავიღებ ჰონორარს.


- რითი იქნება გამორჩეულად საინტერესო თქვენი მემუარები და თუ შემოინახეთ ისეთი ინფორმაციები, რომლებიც წლების შემდეგ, შესაძლოა, ბევრად უფრო საინტერესო იყოს?


- როცა ქვეყნის პირველი პირი წერს მემუარებს, თავისთავად, საინტერესოა. მასში ბევრ სიმართლეს ვწერ, განსაკუთრებით - რუსეთთან ურთიერთობებზე. რამდენჯერ მოგვატყუეს და გვიღალატეს - პეტრე პირველიდან დღემდე და ა.შ. თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ ამ მემუარებში არ მოხვდა, რადგან ვითვალისწინებდი იმასაც, რომ რაღაცას გართულება არ მოჰყ-ოლოდა. თუ რა სახის ინფორმაცია შემოვინახე, ამას ვერ გეტყვით.


- სად, როდის და რა ტირაჟით გამოიცემა თქვენი მემუარები, რომლის შემოსავალზეც დიდ იმედს ამყარებთ?


- შემოთავაზება მაქვს გერმანელების და ფრანგებისგან. მთხოვეს რუსებმაც, რომ პირველად მათ გამოეცათ. ამ დღეებში ამერიკიდანაც დამიკავშირდნენ. მოკლედ, ინტერესი დიდია. არჩევანი იმაზე უნდა გავაკეთო, ვინც მეტ ფულს გადამიხდის. შესაძლოა, სხვადასხვა ეტაპზე გამოსცენ სხვადასხვა ქვეყ-ნებმა. ჩემი პირველი წიგნი - „ჩემი არჩევანი“ 18 ქვეყანაში გამოიცა, მათ შორის  გერმანიასა და საფრანგეთში - 2-2-ჯერ. დრო და ტირაჟი ჯერ დაზუსტებული არაა.


- თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით ქუთაისში. ფაქტობრივად, თქვენთვის პოლიტიკური ტრამპლინი სწორედ აქ მომზადდა. მსოფლიო დონის პოლიტიკოსის გადასახედიდან, როგორ გაგონდებათ ქუთაისი?


- ქუთაისი, მართლაც, საოცარი ქალაქია, ლამაზი და გულღია ხალხით სავსე. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. მე და ნანული მაშინ ახალი დაქორწინებული ვიყავით და ეკონომიურად საკმაოდ გვიჭირდა. ძმაკაცების უმეტესი ნაწილი თბილისში მყავდა და ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრად. ქუთაისში კი ტრადიციაა სტუმრისთვის გამორჩეული  მასპინძლობა და დახვედრა. ჯამაგირი ცოტა მქონდა და, ფაქტობრივად, სულ პურმარილში მეხარჯებოდა. სახლში ფული ვერ მიმქონდა და ოჯახი თითქმის ნანულის ბიძების და ნათესავების კმაყოფაზე ცხოვრობდა. შემდეგ, როცა თბილისში გადმოვედი, მთელ ფულს ნანულის ვაბარებდი. შვილები წამოიზარდნენ და მეტი სჭირდებოდათ.


ქუთაისი მართლაც არის ტრამპლინი პოლიტიკოსისთვის - ვინც, რა  თქმა უნდა, კარგად მოიქცევა და ბოთლებზე დაჯდომას - საქმის გაძღოლას ამჯობინებს.


- თქვენს შესახებ ანეკდოტი თუ გსმენიათ: სიკვდილის შემდეგ უკუღმა დამასაფლავეთ, ერთ ადგილზე რომ მაკოცონ, რადგან ჩემს ფასს მერე გაიგებენო?


- არა, არ მსმენია. ეს ალბათ, ქუთაისურია... (იცინის) დიდი მოკითხვა ჩემს საყვარელ ქალაქს. თუ ოდესმე კარგ მოგონებებზე დავწერე წიგნი, ქუთაისი მასში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

 

ესაუბრა ინგა ვაშაყმა

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან.  2005 წელი, №9 (313), 28 თებერვალი - 6 მარტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია