დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შპს „ექსპოგრაფი“ და ქუთაისის მერია ერთმანეთის წინააღმდეგ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/29 16:48:06

ვინ იზარალა 100 ათასი ლარი მესხიშვილის თეატრის უხარისხო სკამების  გამო

 

თბილისური კომპანია შპს „ექსპოგრაფი“ ქუთაისის მერიისგან 100 ათას ლარს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის ხელმღძვანელობა სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს. შპს „ექსპოგრაფის“ დირექტორი თეიმურაზ ნოზაძე ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუთაისში მოგებული ორი ტენდერით მიადგა. 

 

ბოლო საქმე, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, 100 ათასი ლარის ღირებულებისაა. 2012 წლის 11 იანვრით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ექსპოგრაფმა“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისთვის სკამების შეძენის პასუხისმგებლობა აიღო. 100 ათასი ლარის ღირებულების 400 სკამი კომპანიამ უცხოური ფირმისგან მალევე შეიძინა და მესხიშვილის თეატრს გადასცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სკამების ხარისხით თეატრის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა. თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე იხსენებს, რომ სკამების ვიზუალისა და ფერის გამო მან პრეტენზია იმთავითვე დააფიქსირა და მათი შეცვლა მოითხოვა.


„მახსოვს ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი თევდორაძე იყო მოსული და ვაჩვენე ეს სკამები. საშინელი იყო ვიზუალურად. არანაირად არ შეეფერებოდა თეატრს არც ფორმით და არც ფერით. ერთი შეხედვითაც შესამჩნევი იყო მისი დაბალი ხარისხი. მაშინვე მოგვცა პირობა თევდორაძემ, აუცილებლად შეცვლიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა,“ ამბობს გიორგი სიხარულიძე.


სკამების ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ქუთაისის მერიაც, თუმცა, კომპანიის წინააღმდეგ მაშინ არავითარი ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა. უფრო მეტიც, ქალაქის ხელმძღვანელობას ნაცვლად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისა ან მასთან ხელშეკრულების გაწყვეტისა, ამ დროს შპს „ექსპოგრაფისთვის“  უკვე გადარიცხული ჰქონდა 10 ათასი ლარი ავანსის სახით.


თეატრს სკამები ჩაბარდა და მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდა,  თუმცა, შპს „ექსპოგრაფისთვის“ გადახდილი 10 ათასი ლარი, ქუთაისის მერიიდან კომპანიისთვის გადარიცხული ბოლო თანხა აღმოჩნდა.


მომხდარმა კომპანიის ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია და ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მერიასთან კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. მას შემდეგ კი, რაც კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე ქალაქის ხელისუფლება ღიად ალაპარაკდა, შპს „ექსპოგრაფი“ ტენდერით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას ითხოვს და ქუთაისის მერიას ტყუილში ადანაშაულებს. კომპანიის დირექტორი ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარუმატებელი თანამშრომლობის სხვა ფაქტსაც იხსენებს და ამბობს, რომ  ქალაქის ხელმძღვანელობისგან ჯამში 100 ათასი ლარი უნდა მიიღოს.


„გაკოტრებამდე მიგვიყვანეს. ზარალის მეტი არაფერი გვინახავს მათთან თანამშრომლობით. გასულ წელს 9 ათას ლარიანი პროექტი გავუკეთეთ და ერთი თეთრიც არ აგვიღია. იმის თანხაც არ გვაქვს, რომ ბაჟის ფული გადავიხადოთ და სასამართლოში შევიტანოთ საქმე,“ ამბობს შპს „ექსპოგრაფის“ დირექტორი თეიმურაზ ნოზაძე.


შპს „ექსპოგრაფისთვის“ ტენდერით გათვალისწინებული თანხა ქუთაისის მერიას რომ არ გადაურიცხავს, ამას ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ადასტურებენ. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ,  კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეცვლა. იქედან გამომდინარე, რომ „ექსპოგრაფმა“ არ შეცვალა უხარისხო სკამები, მას დარჩენილი 90 ათასი ლარი არ მიუღია.


შპს „ექსპოგრაფი“ ერთ-ერთია იმ სამი კომპანიიდან, რომელსაც ქუთაისის მერიამ დარღვევები ორი წლის შემდეგ აღმოუჩინა. ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე, რომელსაც წლების განმავლობაში მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ეკავა, შპს-ების მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებზე მხოლოდ სამი კვირის წინ ალაპარაკდა.


დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა, რომ შპს „ექსპოგრაფს“ ქუთაისში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ინტენსიურად იგებდა ერთი და იმავე ტენდერს, რომელიც ქალაქის დამისამართებას გულისხმობდა. „ექსპოგრაფს“ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ქუჩების დამისამართების 5 მსხვილბიუჯეტიანი პროექტი აქვს მოგებული. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური პროექტი მან 2008 წელს დაიწყო. 195 ათას ლარიანი   ტენდერის    ფარგლებში   „ექსპოგრაფს“, ქუთაისის ათეულობით ქუჩაზე მისამართის აღმნიშვნელი ტრაფარეტები უნდა გაეკეთებინა. იმავე მიზნით, კომპანია ყოველწლიურად იგებდა 9, 11 და 30 ათას ლარიან  ტენდერებს.


როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, კომპანიის მიერ წლების მანძილზე მოგებული თანხისა და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების გათვალისწინებით, დამისამართების მიზნით მთელი ქალაქის ათვისება უნდა მომხდარიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოებს თავი ვერ გაართვა. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ქუჩების დანომვრა საჯარო რეესტრთან შეუთანხმებლად მოხდა, რის გამოც საცხოვრებელი სახლების ნომრები საჯარო რეესტრის მონაცემებს არ ემთხვევა.



პირად საუბრებში მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იმაზეც საუბრობენ, რომ შპს „ექსპოგრაფს“ წლების განმავლობაში ქალაქის ყოფილი ხელისუფლება მფარველობდა. სწორედ ამით იყო გამოწვეული მისი სტაბილური გამარჯვება ქუჩების დამისამართების ყველა ტენდერში და სწორედ ამ მოტივით არ რეაგირებდა ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებზე. 


ქუთაისის მერიის მგავსად, 100 ათას ლარიანი ზარალის მიუხედავად, დუმდა შპს „ექსპოგრაფიც“. კომპანიას ქუთაისის მერიის მისამართით პრეტენზიები  მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათ მიერ  ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და ჯარიმის შესაძლო დარიცხვაზე ქალაქის ვიცე-მერმა ისაუბრა, თუმცა, როგორც ირკვევა, თოფურიძის მიერ კომპანიის დარღვევების გამოაშკარავებამდე რამდენიმე თვით ადრე, შპს „ექსპოგრაფის“ საქმით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა. 


კომპანიასა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული დოკუმენტების  ნაწილი ფინანსურ პოლიციას შესასწავლად უკვე გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია