საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მერიას ხელფასის ერთი დღით დაგვიანებას არ პატიობენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/25 14:21:26

 

ქუთაისის სამი მუნიციპალიტეტის "უქიმერიონის", "ქალაქ–მუზეუმისა"  და ნიკეას მუნიციალიტეტების თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ერთი დღით დაგვიანებას აპროტესტებენ.  დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია როდის აიღებენ ხელფასს.

"გუშინ უნდა აგვეღო ხელფასი და რომ არ დაგვერიცხა გადავამოწმეთ ბუღალტერიაში და გვითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის და არ ვიცით როდის მოგცემთო",–აცხადებს "უქიმერიონის" ტერიტორიული მართვის ორგანოს თანამშრომელი მალხაზ ესებუა.

მომხდარს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი თევდორაძე. მისი თქმით, ეს ფაქტი არის პირველი სიგნალი იმისა, რომ ქალაქის ბიუჯეტი არის კრიზისში, რაც მიგვიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ქუთაისის მერია დაკავებულია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენით და სარემონტო სამუშაოებით, მაშინ, როცა მის თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის. ასეთი რამ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა",–განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურში  მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხელფასის დარიცხვას დაგვიანებულად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყველა მათგანი კუთვნილ ხელფასს დღეს მიიღებს.

"ყოველთვის ხდება ასეთი რაღაც,  რომ ერთი დღის განმავლობაში ყველა  ვერ იღებს ხელფასს. რაღაც პროცედურებია დასაცავი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საბიუჯეტო კრიზისი კი აქ არაფერ შუაშია. პრობლემები მართლაც აქვს ბიუჯეტს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ 5 თვის განმავლობაში სწორედ "ნაციონალები" უქმნიდნენ პრობლემებს ბიუჯეტს. "ნაციონალებს" შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, დღის ბოლომდე ყველა აიღებს ხელფასს"–ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია